ხელოვნება ასანთის კოლოფებში


არსებობს შეხედულება, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა, იმდენად დიდი ხანია, რომ თითქოს ყოველთვის ასე იყო – „ჭეშმარიტი სახვითი ხელოვნება არის გენიალური მხატვრის მიერ შესრულებული, მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევარი, რომელიც შეიძლება კერძო კოლექციის ნაწილი იყოს, მაგრამ, ძირითადად, მუზეუმშია გამოფენილი. ნამუშევართან  მუდამ დგანან აღფრთოვანებული მნახველები. ხელოვნებათმცოდნეები კი ამგვარ ნამუშევარს ათასგვარ, ერთი მეორეზე ამაღელვებელ ნარკვევებს უძღვნიან“.

მიუხედავად ამისა, ადამიანის დამოკიდებულება ხელოვნებისადმი მუდამ იცვლებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირი იყო. ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც თავის დროზე ყოველდღიური მოხმარების საგანს წარმოადგენდა, დღეს სათუთად არის დაცული სხვადასხვა მუზეუმში. ამის მაგალითია ძველბერძნული ლარნაკები და თეფშები, რომელთა დიდ ნაწილს, თავის დროზე, უბრალოდ ყოვედღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ, დღეს კი, როგორც ხელოვნების ნიმუშს მუზეუმსა და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ კატალოგში თუ იხილავთ.

სიტყვა „ხელოვნება“

სიტყვა ხელოვნება სხვადასხვა ენაში – ხელობიდან დაიბადა და რაიმეს დამზადების უნარს, ხელობას გულისხმობდა. ეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს შუასაუკუნეების მხატვრების კონტრაქტებიდანაც, სადაც ზედმიწევნით ზუსტად არის აღწერილი მასალა, რომელშიც მხატვარს ნამუშევარი უნდა შეესრულებინა. განხილულია კომპოზიცია, ანუ, რომელი ფიგურა სად იდგება, რა ზომისა იქნება, ჰოდა საერთოდ არ არის ნახსენები ნამუშევრის მხატვრული ღირებულება.

აღორძინების ხანაში, ამა თუ იმ მხატვრის სახელოსნო, უბრალოდ, კარგად ასრულებდა თავის საქმეს. მასთან მიდიოდა დამკვეთი და დეტალურად აზუსტებდა გამოყენებული მასალის ხარისხსა და ღირებულებას, დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო. სახელოსნოში შეკვეთის შესრულებაზე მთელი ჯგუფი მუშაობდა. ნაკლებად მნიშვნელოვან დეტალებს შეგირდები ხატავდნენ, ხოლო მნიშვნელოვან და რთულ ნაწილს თავად მაესტრო ასრულებდა. ეს კარგად ჩანს ვეროკიოს ნახატიდან – ნათლისღება, რომელზეც მაესტრომ იოანე ნათლისმცემელი და ქრისტე თავად დახატა, ხოლო ანგელოზის გამოსახვა, თავის ნიჭიერ მოწაფეს, ლეონარდო და ვინჩის მიანდო. უფიცის გალერეაში გამოფენილ ამ ნამუშევარზე ნათლად ჩანს, რომ ლეონარდოს მიერ დახატული ნაწილი უფრო ოსტატურად არის შესრულებული, ვიდრე მისი მასწავლებლისა. არადა, ლეონარდო მაშინ მხოლოდ ნიჭიერი შეგირდი იყო, ხოლო ვეროკიო კი სახელოვანი მოქანდაკე და მხატვარი.

და კვლავ უსაზღვრო ხელოვნება

აღორძინების ხანიდან დიდი დრო გავიდა და ადამიანების ხელოვნებისადმი დამოკიდებულება ეპოქიდან – ეპოქამდე იცვლებოდა, იცვლებოდა ფორმები, ჩნდებოდა ახალი მიმართულებები. ხელოვნება ხან უზარმაზარ სასახლეებს ავსებდა, ხან კი, ჯიბით სატარებელ პატარა მედალიონების ფორმას იძენდა. ასეთ მედალიონებზე ოჯახის წევრების ან საყვარელი ადამიანების მინიატურული პორტრეტები იყო გამოსახული.

ამასთანავე სხვადასხვა ეპოქაში ხელოვნება საზოგადოებისაგან გარიყული ინდივიდების თვითგამოხატვის საშუალებაც ხდებოდა ხოლმე.

ხელოვნება ტოტალიტარული რეჟიმების პროპაგანდის იარაღიც გამხდარა. უცნაურია, მაგრამ ფაშისტური გერმანიის სააგიტაციო პლაკატებსა და კომუნისტურ პლაკატებს შორის, აშკარა მსგავსება შეიმჩნევა.

თავად ასანთის კოლოფებზე

ეს ამხელა შესავალი იმ პროექტისათვის, რომლის შესახებაც სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე, შეიძლება ნამეტანიც იყოს, ვინაიდან მთელი პროექტი იმდენად პატარაა, რომ რამდენიმე ასანთის კოლოფში ეტევა.

უბრალოდ, ცოტა ხნის წინ, ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარი, ნინი ფალავანდიშვილი დამიკავშირდა და ერთ საინტერესო პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. ქართველებიდან, რამდენადაც ვიცი, ამ პროექტში მონაწილეთა სია ასე გამოიყურება: სანდრო ასათიანი, სოფია ბაბლუანი, ნინო ბინიაშვილი, რუსა გამყრელიძე, თამარ კალხიტაშვილი, რუსო ყიფიანი, დათო მაჭავარიანი, მაია სუმბაძე, ანა ტაბატაძე, ანუკა ცერცვაძე. პროექტის ავტორი დავით შილტერია (David Schilter). იგი წარმოშობით შვეიცარიელია, ახლა რიგაში ცხოვრობს და თავის მეგობრებთან ერთად ჟურნალს გამოსცემს. ჟურნალს „kuš!“ ჰქვია.

ერთი წლის წინ, ჟურნალმა „kuš!“ ლატვიის თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან ერთად, გამოფენის მოწყობა გადაწყვიტა. გამოფენაზე ბევრი მხატვრის დაპატიჟება სურდათ, მაგრამ, როგორც ყოველთვის პრობლემას ფინანსები წარმოადგენდა. პრობლემები კი, თავის მხრივ, ახალი იდეებისკენ გვიბიძგებენ ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა. ორგანიზატორებმა მხატვრებს ასანთის კოლოფის ზომის ფურცლები გაუგზავნეს. თითო ავტორს თითო ნამუშევარი უნდა შეექმნა. ამგვარად, მოეწყო გამოფენა სახელწოდებით „ბოლო ასანთის ღერი“ (the last match).

გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშიც მოეწყო. თანაც ამ გამოფენის ტრანსპორტირება საკმაოდ ადვილია, ყველა ნამუშევარი რამდენიმე ასანთის კოლოფში ეტევა. ყოველ ახალ ექსპოზიციას ახალი ავტორები ემატება. ეს გამოფენა საერთაშორისო ხელოვნების ფორუმის ფარგლებში  („არტისტერიუმი“ – 2-10 ოქტომბერი), შემოდგომაზე თბილისშიც ჩამოვა. ამიტომაც, გადაწყვიტეს, უკვე არსებულ ექსპოზიციას, ქართველი ავტორებიც დაემატებინათ. თბილისის შემდეგ გამოფენა კვლავ განაგრძობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობას და მას ახალ – ახალი ავტორები დაემატება.

About these ads
This entry was posted in ხელოვნება. Bookmark the permalink.

One Response to ხელოვნება ასანთის კოლოფებში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s