ვინ შექმნის ინტერნეტის სახეს?


ინტერნეტი იმდენად სწრაფად იცვლება და ვითარდება, რომ ძნელია დღეს განსაზღვრო,  როგორი იქნება ხვალ. ფაქტია, რომ ადამიანის როლი ინტერნეტში სულ უფრო და უფრო იზრდება, ვინაიდან დღეს თავად მომხმარებლები აყალიბებენ ინტერნეტის თანამედროვე სახეს თავიანთი ფოტოებით, კომენტარებით, ვიდეოებით.
პირველ ეტაპზე სხვადასხვა ინტერნეტსერვისები ტრადიციული მედიის მუშაობის მოდელს იმეორებდნენ. მაგალითად, გაზეთების ვებგვერდებზე უბრალოდ ნაბეჭდი ეგზემპლარების ელექტრონული ასლები იყო განთავსებული. ანუ, ინტერნეტში ზუსტად ის იდებოდა, რაც იბეჭდებოდა. დღეს კი, სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდი თითქოს თავისი დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს. ვინაიდან ინტერნეტში ხშირად ისეთი მასალაც იდება, რაც ტრადიციული სახით არ ყოფილა გამოქვეყნებული. გაზეთები თავიანთ ვებგვერდებზე ხშირად ვიდეომასალასაც ათავსებენ. მაგრამ, რაც მთავარია, დღეს ამა თუ იმ მედიასაშუალების მუშაობის პროცესში, თავად მომხმარებლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ, თავიანთი კომენტარებით და სოციალური ქსელების საშუალებით, საინტერესო პუბლიკაციების ნაცნობ მეგობრებში გავრცელებით.
მაგალითად, სულ რაღაც 10 წლის წინათ რაიმე სტატია რომ მომწონებოდა, გაზეთის რამდენიმე ეგზემპლარს ვიყიდდი და მეგობრებს დავურიგებდი, ან რაც უფრო რეალურია, უბრალოდ, ჩემი სიტყვებით მოვუყვებოდი ნაცნობებს სტატიის შინაარსს. ხოლო თუკი ჩემი აზრის თავად გაზეთის რედაქციისთვის გაზიარების სურვილი მექნებოდა, წერილის გაგზავნა მომიწევდა, თანაც ეს წერილი ან მივიდოდა სტატიის ავტორამდე, ან-არა. დღეს კი გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული მასალები ინტერნეტში მათსავე ვებგვერდებზე ქვეყნდება. შესაბამისად, თუკი ვინმეს რომელიმე სტატიის გაზიარების სურვილი გაუჩნდა, ეს ერთი ღილაკის მარტივი დაჭერითაა  შესაძლებელი. როგორც წესი, უმეტესობა FACEBOOK-ს მიმართავს. აქ, შენ მიერ გაზიარებულ სტატიას ყველა შენი მეგობარი ხედავს. და ხშირად კომენტარების სახით დისკუსიაც იმართება. დისკუსიაში სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთში პოლემიკაში შედიან. თუ კომენტარებს თვალს გადაავლებთ, შეიძლება თავად სტატიაზე არანაკლებ საინტერესო მოსაზრებებიც ნახოთ. ყოველთვის საინტერესოა სხვა ადამიანებთან შეხედულებების გაზიარება.
თუკი თავად სტატიის ავტორს მკითხველის აზრი დააინტერესებს, საკმარისი იქნება, გამოცემის ვებგვერდზე დატოვებულ მკითხველების კომენტარებს გადახედოს.
შესაბამისად, მომხმარებელი არა მარტო კითხულობს, არამედ თავის ნაცნობ მეგობრებში ავრცელებს იმას, რაც თავად საინტერესო ჰგონია და ამასთან ერთად, თავისი კომენტარებით ამდიდრებს ინტერნეტში გავრცელებულ მასალას.
ინტერნეტის განვითარებაც, ალბათ, სწორედ ამ კუთხით გაგრძელდება. მომხმარებლის როლი სხვადასხვა სერვისებში კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს ესა თუ ის მედიასაშუალება თავის ვებგვერდზე ბლოგერებს პატიჟებს, რათა უბრალო მკითხველები ან საინტერესო პიროვნებები დაიხმაროს თავისი ვებრესურსის განვითარებაში.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ბლოგერები თავისი რეიტინგით ბევრ ტრადიციულ მედიასაშუალებას სჯობნიან. თავად სახელწოდებაც – სოციალური მედია – ბევრისმთქმელია.


ახალი თაობა

ახალი თაობისთვის ინტერნეტი სრულიად ბუნებრივი გარემოა. დღეს ბავშვები უკვე კომპიუტერთან მუშაობას კი აღარ სწავლობენ, არამედ პირველივე კლასიდან კომპიუტერის დახმარებით იღებენ ცოდნას. რაღაც დოზით კომპიუტერმა უკვე მასწავლებლის ფუნქციაც შეითავსა. ადრე თუკი ბავშვებისთვის ცოდნის მხრივ, ავტორიტეტები მასწავლებლები იყვნენ, დღეს, საძიებო სისტემის დახმარებით,  ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის მოძებნაა შესაძლებელი. ამიტომ ბუნებრივიც არის, რომ მომავალში კომპიუტერს კიდევ უფრო დიდი როლი ექნება ადამიანის ცხოვრებაში. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კომპიუტერის საშუალებით რეალური ცვლილებების განხორციელებაც  შესაძლებელია.
2010 წლის ივლისში PH International-ის სამართლებრივი განათლების პროგრამამ საქართველოში ახალი კომპონენტი წამოიწყო, სახელწოდებით – „სოციალური მედია სკოლაში“. საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის სკოლების უფროსკლასელები შეკრიბა და ინტერნეტში საკუთარი რესურსების შექმნისა და მართვის ტრენინგები ჩაუტარა. პროექტის მიზანი იყო, რომ ბავშვებს ინტერნეტის საშუალებით თანამოაზრენი მოეკრიბათ და რეალურ პრობლემებზე ემსჯელათ. თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისი ცვლილებებიც განეხორციელებინათ. უფროსკლასელებმა უცებ აუღეს ალღო ინტერნეტს, ეს გასაკვირიც არ არის, ვინაიდან ინტერნეტი მათთვის ახალი არ იყო. საბოლოო ჯამში ბევრი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა.
http://greenrustavi.wordpress.com/

ეს ბლოგი ეკოლოგიის თემაზეა. ძირითადად რუსთავის პრობლემებს ეხება. თუ ძველ პოსტებს ჩაათვალიერებთ ვიდეოსიუჟეტებიც შეგხვდებათ. ბავშვებმა ქუჩაში გამვლელებისგან აიღეს ინტერვიუ და რამდენიმე მათ მიერ ჩატარებული აქციაც  ვიდეოზე გადაიღეს. ბლოგზე დატოვებული კომენტარებიდან ჩანს, რომ ის თემები, რომლებიც ბლოგზეა განთავსებული, სხვა თანატოლებსაც აინტერესებთ.
http://hearthelp1.wordpress.com/

ამ ბლოგს ოპტიმისტური სათაური ამშვენებს –  ხელოვნება გადაარჩენს მსოფლიოს! – და შესაბამისად, ხელოვნებას ეძღვნება. ბლოგის ავტორი, პერიოდულად, თანატოლ ხელოვანთა შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. თავის მოსაზრებებს უზიარებს ყველას, ვინც ხელოვნებით არის დაინტერესებული. ძალიან საინტერესოა მისი რეპორტაჟი სოფლიდან – ახალი სამგორი. სადაც ბლოგის ავტორმა ადგილობრივი კლუბის და კლუბში დაბინავებული  სტუდია „სალე“-ს შესახებ მოყვა.
http://kindworld.wordpress.com/

ამ ბლოგის ავტორმა უფროსკლასელებმა გადაწყვიტეს ბავშვთა სახლს დახმარებოდნენ. თავიანთ მეგობარ რეჟისორს მოელაპარაკნენ, ბავშვთა სახლის დირექტორს შეუთანხმდნენ და დღესდღეობით სპექტაკლზე მუშაობენ. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ საქმეს. სპექტაკლი საქველმოქმედო იქნება, შემოსული თანხა ისევ ბავშვთა სახლს გადაეცემა.
http://publicorder.wordpress.com/

ამ ბლოგს ადამიანი და კანონი ჰქვია. ახალგაზრდა ბლოგერი ერთი შეხედვით ისეთ თემებზე მსჯელობს, რომლებიც თითქოს მის ასაკს არ შეეფერება. თუმცა თავის მხრივ, უფროსებს ყველა ეს პრობლემა მოგვარებული რომ ჰქონდეთ, მაშინ სამსჯელოც არაფერი იქნებოდა.
http://tbiliselicxovelebi.wordpress.com/

ამ ბლოგს თბილისელი ცხოველები ჰქვია. პატარა ბლოგერი თბილისის ზოოპარკის ბინადრებისა და უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების ამბებს ყვება.
თუკი თვალს თავადაც გადაავლებთ ამ ბლოგებს, ნახავთ, რომ ჩვენი უფროსკლასელები, სოციალური მედიის ეს პატარა წარმომადგენლები, ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან ტრადიციული მედიის წარმომადგენლებს.
ალბათ, მომავალში კიდევ უფრო მეტი ბლოგი გაჩნდება საქართველოში და კარგი იქნება, თუკი ინტერნეტი ყველას უფრო მეტი საქმის გაკეთებაში დაგვეხმარება.

About these ads
This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s