სტალინს რომ შრომის წიგნაკი ჰქონოდა…


დიდი დრო გავიდა, ბევრი დაიწერა, ბევრიც ითქვა, მაგრამ სტალინი ისევ საიდუმლოებებით მოცულ პიროვნებად რჩება… ჩემი პირველი შეხება სტალინთან ბავშვობაში მოხდა. ბებიებისა და ბაბუების ბავშვობისგან განსხვავებით, ეს შეხება სრულიად უწყინარი იყო. ბაბუაჩემის ძმა სამხედრო იყო და როდესაც შვილიშვილები მასთან ვიკრიბებოდით, მწყობრში გვაყენებდა. მერე კი სტალინის ლექსს გვათქმევინებდა ხოლმე: „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადაჰხვეოდა იასა“… ჩვენ ბავშვური შთაგონებით ვამბობდით ხოლმე ლექსს, ბაბუა კი კმაყოფილი სახით გვიყურებდა და ულვაშებში ეღიმებოდა. სტალინის არ იყოს ისიც ატარებდა ულვაშს.მას მერე დიდი დრო გავიდა… ამას წინათ წავიკითხე, რომ აგვისტოს დასაწყისში გორში უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. ბევრი მათგანი სტალინის სახელს უკავშირდება. მაგალითად, არის იდეა, სტალინის ძეგლი, რომელიმე თანამედროვე მხატვარს მოახატინონ და ტირანის ძეგლი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად აქციონ. ჩემი აზრით მშვენიერი იდეაა.სტალინის სახელთან დაკავშირებული ადგილები თბილისშიც მრავლად მოიძებნება. ერთ-ერთი თბილისის ობსერვატორიაა. ამ შენობას ახლაც ამშვენებს, მართალია, უბრალო, შავ-თეთრ პრინტერზე ამობეჭდილი, მაგრამ ლამინირებული აბრა, რომელიც გვამცნობს, რომ აქ, ამა და ამ წლებში მუშაობდა სტალინი. ოთახიც კი შემორჩენილია.  ძველ, კომუნისტების დროინდელ ერთ წიგნში, ასეთი რამ ამოვიკითხე: „1899 წლის დეკემბერში, ამხანაგი სტალინი იწყებს მუშაობას თბილისის ობსერვატორიაში – დამკვირვებელ-გამომთვლელად და ამავე დროს, ერთი წუთითაც არ წყვეტს თავის რევოლუციურ მოღვაწეობას. ობსერვატორია ახლაც  იმავე შენობაშია, პლეხანოვის პროსპექტზე (ყოფ. მიხეილის ქუჩა, ახლანდელი – აღმაშენებლის) N150. ბინა, რომელიც ამხანაგ სტალინს  ობსერვატორიასთან ეჭირა, თბილისის ხელმძღვანელი – ცენტრალური სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის კონსპირაციულ ცენტრად გადაიქცა.“ არ ვიცი რას აკვირდებოდა სტალინი ამ ობსერვატორიიდან, უკიდეგანო ცას, თუ შორეულ ნათელ მომავალს, მაგრამ ერთი კი ფაქტია – სტალინს შრომის წიგნაკი რომ ჰქონოდა, იქ, ალბათ, ერთადერთი სამუშაო ადგილი იქნებოდა დაფიქსირებული – თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია. ობსერვატორიის შენობა ახლა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნის. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტiს თანამშრომელი, ქალბატონი დალი აბუთიძე მომიყვა, რომ თურმე, წინათ აქ ამაყად ეკიდა დიდი აბრა. აქვე, შორიახლოს, სტალინის ძეგლიც იდგა. 60-იან წლებში ძეგლი ერთგულმა სტალინელებმა სადღაც აქვე, ობსერვატორიის ეზოში ამოთხრილ დიდ ორმოში გადამალეს… ადრე ეს შენობა თბილისის ტურისტულ მარშრუტშიც შედიოდა და მას ბევრი მნახველი ჰყავდა. მისტიკური თეორიების მოყვარულთათვის დავამატებ, რომ ობსერვატორია ზუსტად 45-ე პარალელზეა განლაგებული. ეს პარალელი თურმე თბილისს კვეთს.

This entry was posted in ისტორია. Bookmark the permalink.

Leave a comment