ამ ჟურნალებს ხელში ვერ დაიჭერთ


დღეს, ყოველდღიურ საუბარში, ხშირად ისეთი ფრაზები გვესმის, რომელთა გაგონებაც რამდენიმე წლის წინათ დიდ გაკვირვებას გამოიწვევდა. უფრო მეტიც, ადამიანი, რომელიც რაიმე მსგავსს იტყოდა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გიჟად ჩაითვლებოდა: „თაგვი გამიფუჭდა და დღეს ვეღარ ვიმუშავებ“, „ხუთი წუთის წინ წერილი გამოგიგზავნე და უკვე უნდა მოსულიყო შენამდე“. „მეხსიერება არ მყოფნის, უნდა დავიმატო“, „ხომ არ იცი, სად ჯობია ვიყიდო „ვინჩესტერი“, „საიდან ჯობია გადმოვტვირთო ფილმები“, „შენც გაქვს ფერმა ფეისბუქში? ღობე მაჩუქე რა…“

დღევანდელობის უცნაურობა მხოლოდ მსგავსი ფრაზებით არ შემოიფარგლება. ადრე, ჟურნალი რომ წაგეკითხა, ჯერ ეს ჟურნალი ვიღაცას უნდა დაებეჭდა, მერე კი დაბეჭდილ აკინძული ჟურნალი ხელში უნდა აგეღო და ქაღალდის ფურცლები გადაგეშალა. დღეს, უკვე ისეთი ჟურნალებიც არსებობს, რომელთაც ხელში ვერ დაიჭერ. მათ მატერიალური გარსი საერთოდ არ გააჩნიათ. მსგავს პროდუქტებს ელექტრონული პუბლიკაციები ჰქვია.

ელექტრონული პუბლიკაციების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ადრე მსგავს პროდუქტებს მხოლოდ კომპიუტერის მონიტორზე თუ დაათვალიერებდით. მაგრამ უკვე უამრავი სხვადასხვა სახის მოწყობილობა  არსებობს, რომელიც ელექტრონული ჟურნალებისა და წიგნების წასაკითხად არის შექმნილი. წარმოიდგინე რამდენად მოსახერხებელია, ხელში გიჭირავს წიგნის ზომის რამდენიმე მილიმეტრის სისქის მსუბუქი ეკრანი, რომელიც უამრავ წიგნსა და ჟურნალს, მთელ ბიბლიოთეკას იტევს. თანაც ამ შენი ბიბლიოთეკის განახლება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, გადმოიწერე ახალი ფაილი და შენი ბიბლიოთეკა კიდევ ერთი ტომით გაიზარდა.

თითქოს და რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი, იჯექი და იკითხე, ან სადაც წახვალ მუდამ თან ატარე შენი ბიბლიოთეკა. მაგრამ ელექტრონულ პუბლიკაციებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ…

იდეიდან რეალიზაციამდე

მართლაც, ერთი შეხედვით, თითქოს ყველა ის ცვლილება, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება, კიდევ უფრო გვირთულებს ცხოვრებას. თითქოს ისინი, ვინც ამ ახალ ტექნოლოგიებს იგონებენ და ნერგავენ, სპეციალურად ცდილობენ ყველაფერი კიდევ უფრო გაართულონ. ჩემის აზრით კი ყველაფერი პირიქით არის. მთავარი, რაც ტექნოლოგიების განვითარებას მოაქვს, ეს იმ გზის შემოკლება და გამარტივებაა, რომლის ნებისმიერი იდეა, საბოლოო რეალიზაციამდე გადის. მაგალითად, ადრე ჟურნალი რომ გაგეკეთებინა უამრავი სირთულის გადალახვა იყო საჭირო – სტამბა, ქაღალდი, ფერდაშლა, ბეჭდვის ხარისხი, დისტრიბუცია და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ. ახლა კი, საკმარისია რამდენიმე ადამიანის სურვილი და გარკვეული ტექნოლოგიების ცოდნა, ეს არის და ეს. ზოგიერთი იტყვის, რომ ასე ხომ ჟურნალს ყველა, ვისაც უნდა,  გააკეთებს და შესაბამისად, უამრავი უხარისხო ჟურნალი გაჩნდება. კი ეს მართლაც ასეა და ძალიანაც კარგი. ვინაიდან ჩვენს ირგვლივ გაცილებით მეტი ჟურნალი იქნება და შესაბამისად, მომხმარებლებს უფრო ფართო არჩევანი გვექნება. უბრალოდ, კარგ ჟურნალებს მკითხველი ეყოლება, ცუდებს კი არა, ეს არის და ეს.

უცნაური შეუსაბამობები

ჩემთვის ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა ხოლმე სხვადასხვა ეკოლოგიური აქციების ბუკლეტები და სხვა სააგიტაციო მასალები. ვინაიდან ასეთ დროს ეკოლოგები ერთი მხრივ, ბუნების კეთილდღეობაზე ზრუნავენ-ხოლმე, მეორე მხრივ კი, თვითონ უწყობენ ხელს ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესებას. (ქაღალდი, საღებავები, მაისურები პლასტმასის საწერი კალმები… – ეს ყველაფერი ხომ ეკოლოგიის ხარჯზე მზადდება). ამიტომაც საინტერესოდ მომეჩვენა „კავკასიის მწვანე სივრცის“ ინიციატივა, როდესაც ამ ორგანიზაციამ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, დაბეჭდილის ნაცვლად ელექტრონული ჟურნალის მომზადება გადაწყვიტა. როცა პუბლიკაცია მზად იქნება, ისინი მას ინტერნეტში განათავსებენ და პრეზენტაციაზე მოსულ ხალხს ჟურნალის ინტერნეტ მისამართს გააცნობენ. თუკი ტრადიციული ჟურნალი გარკვეული ტირაჟით არის დაბეჭდილი და შესაბამისად, მისი რაოდენობა შეზღუდულია, ელექტრონული ჟურნალი შეიძლება უსასრულოდ გავრცელდეს ანუ, ნებისმიერი მსურველი, როდესაც მოისურვებს მაშინ გაეცნობა ჟურნალს. თანაც ინტერნეტში ძალზე ადვილია სტატისტიკის წარმოება, ანუ რამდენმა ადამიანმა დაათვალიერა ელექტრონული ჟურნალი, შესაბამისად, საკმაოდ ადვილია ჟურნალის პოპულარობის შეფასებაც.

ქართული ელექტრონული ჟურნალები

www.beatmagazine.net

მაგრამ ელექტრონული ჟურნალები საქართველოში მხოლოდ ეკოლოგიური აქციებით არ შემოიფარგლება. თითქმის ერთი წელია, რაც  ჟურნალი BEATMAGAZINE არსებობს. ჟურნალში ძირითადად ფოტოპროექტები და ნახატები ქვეყნდება. ანუ ის, რაც შეიძლება ტექსტით ითქვას, აქ სხვადასხვა ავტორები ვიზუალური ხერხებით გადმოსცემენ.

http://www.wearesweet.net

WAS-ის პირველი ნომერი 2009 წლის 25 დეკემბერს გამოვიდა. რამდენიმე დღის წინ კი ინტერნეტში მეორე ნომერიც დაიდო. ჟურნალში გამოქვეყნებული პროექტების ძირითადი ნაწილი უცხოელების მიერ არის გაკეთებული.

უცნაური დამთხვევაა, მაგრამ BEATMAGAZINE-სა და WAS-ის თითო თითო დამფუძნებელი „PRIMETIME“-ში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დამფუძნებელ-დიზაინერის სამუშაო მაგიდები ერთმანეთთან ახლოს დგას, ვერც ერთ ჟურნალს ვერავინ  დაადანაშაულებს პლაგიატში. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუკი ჟურნალებს გადაათვალიერებთ.

http://georgenebieridze.tumblr.com/tagged/CZE

ელექტრონული ჟურნალი CZE კი, საერთოდ ერთმა ადამიანმა დააფუძნა. იგი ამ ჟურნალის რედაქტორიც, დიზაინერიც, არტ დირექტორიც, და ამწყობ დამკაბადონებელიც არის. მიუხედავად ამისა, ჟურნალი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. დღესდღეობით უკვე ჟურნალის ორი ნომერია გამოსული.

საინტერესო შეხვედრა

საქართველოში, ალბათ, კიდევ არის ელექტრონული ჟურნალები, მაგრამ თუკი ამ სამი ჟურნალის დამფუძნებლებთან შეხვედრა გსურთ, ამის გაკეთება 29 აპრილს იქნება შესაძლებელი. ამ დღეს საქართველოს უნივერსიტეტში სამი ონლაინ ჟურნალის პრეზენტაცია მოეწყობა. ის ადამიანები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი ჟურნალების შექმნაზე მუშაობენ, ელექტრონულ ჟურნალებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხებენ. საქმე ისაა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელებას, არც საწყისი კაპიტალი სჭირდება და არც განსაკუთრებული ტექნიკური ცოდნა. შეხვედრაზე მოხდება დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, მსმენელები შეიტყობენ, როგორ შეიძლება ელექტრონული ჟურნალის შექმნა და შემდგომ მისი პოპულარიზაცია. ან კი უკვე არსებულ ჟურნალებში საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნება. დასწრება უფასოა.

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s