არაპროფესიონალი პროფესიონალები


საქართველოში განათლების რეფორმაზე თავისი შეხედულება უკვე ყველამ გამოთქვა, ალბათ, მხოლოდ ზარმაცებმა შეიკავეს თავი. ამიტომაც, არ ვაპირებ ჩავუღრმავდე რეფორმის სუსტ და ძლიერ მხარეებს, უბრალოდ, რამდენიმე უცნაურ საკითხზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. საქართველოში  სხვადასხვა საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ არ არსებობს სასწავლებლები, რომლებიც ამ პროფესიონალებს ამზადებენ. არადა, ვიკიპედიაში (რომლის სისწორეში, მართალია ბევრს ეჭვი ეპარება), პროფესიონალის შემდეგნაირი ტრადიციული განმარტებაა მოცემული: „სიტყვა „პროფესიონალი“ აღნიშნავს პირს, რომელიც დიპლომირებული სპეციალისტია ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობაში“.

რა თქმა უნდა, მხოლოდ დიპლომი, არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, იმის აღნიშვნა მინდა, რომ პროფესიონალს, როგორც მინიმუმ, პროფესიული მომზადება უნდა გააჩნდეს.

მგონი, შესავალისთვის საკმარისად დავწერე და ახლა დროა, ქართველ პროფესიონალებზე ვისაუბრო.

გრაფიკული დიზაინი

დიზაინის განსაზღვრებისთვის კიდევ ერთ ონლაინ ენციკლოპედიას მოვიშველიებ. ამჯერად, ბრიტანიკას:

გრაფიკული დიზაინი: პროფესია და ამავე დროს, ხელოვნება ისეთი ვიზუალური ელემენტების შერჩევისა და ერთმანეთთან შეხამებისა, როგორიცაა – შრიფტი, გამოსახულება და ფერი. გრაფიკული დიზაინის ამოცანაა, – გარკვეული მესიჯი აუდიტორიას. საქართველოში გრაფიკული დიზაინის უამრავი სპეციალისტია. რაშიც მარტივად დარწმუნდებით, თუ ქალაქში გაივლით და სარეკლამო ბანერებს გადახედავთ. ან ღვინის მაღაზიაში შეხვალთ, რომელიც თავის მხრივ, გრაფიკული დიზაინის გამოფენაა, ვინაიდან, თითოეული ღვინის ეტიკეტი ცდილობს გარკვეული გზავნილი მიიტანოს მომხმარებელთან. რომელიმე ქართული გაზეთისა თუ ჟურნალის, პუბლიკაციების თითოეული გვერდიც ხომ გრაფიკული დიზაინის პროდუქტია. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქართველოში გრაფიკული დიზაინის უამრავი სპეციალისტია, რადგან ყველაფერ იმას, რაც მე ჩამოვთვალე, გრაფიკული დიზაინის სპეციალისტები ქმნიან. გასაკვირი კი ისაა, რომ არც ერთ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში გრაფიკული დიზაინის კათედრა არ არსებობს და ამ სფეროს პროფესიონალთა უმრავლესობა თვითნასწავლია. მას ვინც ამ პროფესიის დაუფლებას გადაწყვეტს, ძალიან მწირი არჩევანი ექნება:

1. ჩააბაროს სამხატვრო აკადემიაში ‑ გრაფიკის ფაკულტეტზე.
აქ მას დაზგური გრაფიკის პარალელურად, შესაძლებლობა ექნება,  პლაკატის ხელოვნებას და წიგნის ილუსტრაციას დაეუფლოს. მაგრამ პარალელურად, თავად მოუწევს კომპიუტერული პროგრამების შესწავლაზე იზრუნოს, რაც გრაფიკული დიზაინის სპეციალისტისთვის აუცილებელია.

2. გაიაროს სასერტიფიკატო კურსი გრაფიკულ დიზაინში.
ასეთი კურსები ცოტაა და ისინი, ვინც ამ კურსებზე ასწავლიან, ძირითადად თვითნასწავლი დიზაინერები არიან, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა.

3. დაიქირავოს ინდივიდუალური პედაგოგი.
პედაგოგი, უკეთეს შემთხვევაში, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იქნება, რომელმაც შემდგომში თავად ისწავლა კომპიუტერული პროგრამები და მზად არის თავისი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.

ვებდიზაინი

ვებდიზაინის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო ცუდად არის, თუკი გრაფიკულ დიზაინს ირიბად მაინც ასწავლიან ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში, ვებდიზაინს მხოლოდ კურსებზე თუ შეისწავლით. არადა, ხშირად, ასეთი კურსების სარეკლამო ფურცლებს იმდენად უღიმღამო სახე აქვს, რომ ძნელი წარმოსადგენია, ამ კურსების მესვეურთ საერთოდ რა წარმოდგენა აქვთ დიზაინზე. ამგვარ კურსებზე, როგორც ჩანს, თავად პედაგოგებიც თვითნასწავლები არიან. სამწუხაროა, რომ საქართველოში არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვებდიზაინს არ ასწავლიან. ისევ პარადოქსული სიტუაცია: არსებობს უამრავი ქართული ვებგვერდი, მათ შორის საკმაოდ მაღალი დონისაც, მაგრამ არ არსებობს ინსტიტუცია, რომელშიც ამ გვერდების შემქმნელებს შეუძლიათ ისწავლონ.

IT მენეჯერი

თბილისში თითქმის ყველა ოფისში დგას კომპიუტერი. ამ კომპიუტერების არმიას IT მენეჯერები ემსახურებიან. ადამიანები, რომელთა საქმეა სწრაფად და ხარისხიანად მოაგვარონ კომპიუტერებთან დაკავშირებული პრობლემები. IT მენეჯერის ფუნქციაში ასევე შედის კომპიუტერების და მოწყობილობების დროული განახლება-მოდერნიზაცია და ქსელის დაგეგმვა. ანუ არა მხოლოდ კონკრეტულ მომენტში წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა, არამედ მათი პრევენცია და მომავალში ჩასატარებელი სამუშაოების წინასწარ განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში IT მენეჯერის კურსები არსებობს, რეალურად მომუშავე  IT მენეჯერების უმეტესობა თვითნასწავლია.

მანქანის ხელოსნები

ქართველ დიზაინერებს, IT მენეჯერებსა და მანქანის ხელოსნებს შორის ბევრი საერთოა. მათ უმეტესობას, ცოდნა ენთუზიაზმის წყალობით აქვს მიღებული, (ან უბრალოდ, თავიანთ კოლეგებს უყურებდნენ და ამგვარად დაეუფლნენ პროფესიას).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში, უამრავი საინტერესო პიროვნებაა, რომელიც კარგად ართმევს თავს საქმეს, ამას ცხადყოფს ბანერებით, ჟურნალებით და სხვადასხვა ტიპის სარეკლამო პროდუქტით სავსე ქალაქი, ჩნდება ახალი ქართული ვებგვერდები, თბილისის ოფისებში მუშაობენ კომპიუტერები. უბრალოდ, ვიღაცას თავიდანვე რომ ეფიქრა და გაეთვალა რა ტიპის სპეციალისტებზე არის მოთხოვნა საქართველოში, ყველა ეს ადამიანი სრულად დააკმაყოფილებდა „პროფესიონალობისათვის“ საჭირო მოთხოვნებს, მიიღებდა შესაბამის განათლებას და მათი შრომის უშუალო მომხმარებლებიც მეტად იქნებოდნენ კმაყოფილნი შესრულებული სამუშაოთი.

This entry was posted in განათლება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s