მანახე შენი ბლოგი და გეტყვი, ვინა ხარ შენ…


„ის, რაც დღეს შესაძლებელია, წარმოუდგენელი იყო ორი ათეული წლის წინ“, – ამგვარად დაახასიათა ინტერნეტ-ტექნოლოგიები ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ეს მოსაზრება მან 2009 წლის აგვისტოში მოსკოველ სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტისგან ეს ფრაზა კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს. მართლაც, ერთი შეხედვით მარტივი და ყველასთვის მისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ შესაძლებლობებთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს. ამის შესახებ კვლავ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ამჯერად, ამერიკელ სკოლის მოწაფეებთან შეხვედრაზე. ერთ-ერთმა თინეიჯერმა კითხვა დაუსვა, რა რჩევას მისცემდა ბარაკ ობამა მათ, ვისაც მომავალში პრეზიდენტობა სურს. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

„პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილით მოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში, ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით  წინ დაგხვდეთ.“

„როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან   სისულელეებსაც კი სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ.“

სტუდენტებთან საუბარში ობამამ რამდენჯერმე ახსენა „შეცდომები“, რომლებიც მან სკოლის ასაკში დაუშვა. თუმცა, უცნობია, რა შეცდომებზე იყო საუბარი. სამაგიეროდ, ცნობილია, რა იგულისხმა ობამამ, როდესაც დამსაქმებლების მიერ ინტერნეტ-ძიება ახსენა. კერძოდ, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დამქირავებელთა 45 % სამსახურის მაძიებელთა ირგვლივ ინფორმაციას ინერნეტში აგროვებს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში.

გამოკითხულთა 35 %-მა განაცხადა, რომ აპლიკანტებისათვის სამსახურში მიღებაზე უარი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უთქვამთ. ეს გადაწყვეტილება მომავალი თანამდებობისათვის შეუსაბამო ფოტოებმა, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებამ, ან წინა დამსაქმებელებისაგან და ყოფილი თანამშრომლებისაგან უარყოფითმა კომენტარებმა განაპირობა.

ფრთხილად, ბლოგები!

ინტერნეტი იმდენად სწრაფად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მსხვილი კომპანიები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ მის ძალას. მაგალითად, იმას, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოიტანოს თუნდაც მოკლე ჩანაწერმა, რომელიმე ბლოგში. კორპორაცია „DELL“-ის ირგვლივ აგორებული ისტორია ცხადყოფს, რომ საქმე არც ისე მარტივად არის. ეს ამბავი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა, სახელად ჯეფ ჯავრისმა, თავის ბლოგში პატარა ჩანაწერი გააკეთა კორპორაცია  „დელის“ მომხმარებელთა სერვისის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ჯეფმა იმხანად „დელის“ კომპიუტერი იყიდა. კომპიუტერს პრობლემები აღმოაჩნდა და ჟურნალისტი შეეცადა, მწარმოებელი კომპანიის დახმარებით მოეგვარებინა პრობლემა. მაგრამ მისი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ თავის პერსონალურ ბლოგში უმნიშვნელო ჩანაწერი გააკეთა, სადაც თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა „დელის“ მიმართ. მისი ჩანაწერი სხვა ბლოგის მომხმარებლებმაც წაიკითხეს. ზოგი, უბრალოდ, კომენტარს ტოვებდა. ზოგი კი ჯეფის ჩანაწერს ციტირებას უკეთებდა. ასე, ნელ-ნელა დაიწერა უზარმაზარი საგა „დელის“ არაკეთილსინდისიერი მუშაობის შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილი იყო უპასუხოდ დარჩენილი იმეილები, უშედეგო ტელეფონის ზარები, კომპიუტერის გამოუცვლელი  დეტალები… თავიდან ამ ყველაფერს „დელი“ ყურადღებას არ აქცევდა. მერე კი თავად გამოიჩინა ინიციატივა. კორპორაციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჯეფს და  კომპიუტერის გამოცვლა შესთავაზეს.  ეს, შეიძლება, პატარა ბლოგის მიერ უზარმაზარი კორპორაციისთვის შექმნილი პრობლემების დასასრული ყოფილიყო,  მაგრამ საქმე ამითი არ ამოიწურა. ჯეფის მიერ აგორებული ტალღა კვლავ იკრეფდა ძალას. ახლა უკვე მისი ჩანაწერის ციტირება ბეჭდვით მედიაში ხდებოდა. ინტერნეტში სულ უფრო მეტი ლინკი ჩნდებოდა მის ბლოგზე. ბოლოს ამ ყველაფერმა „დელის“ გაყიდვებზეც იმოქმედა.

ეს ისტორია ბლოგში გაკეთებული ჩანაწერიდან ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2007 წლის ოქტომბერში ჯეფმა „BusinessWeek“-ში მაიკლ დელთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა (ასეთი დაკავებული პიროვნების ინტერვიუზე დაყოლიება, ალბათ, არც ისე ადვილია და არც „BusinessWeek“- ი უთმობს ყველა მსურველს ცენტრლურ ადგილს). ამ ინტერვიუში მაიკლ დელი იუწყებოდა, რომ ბლოგში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ კომპანიამ 150,000,000 $ დახარჯა მომხმარებელთა სერვისის გასაუმჯობესებლად.

და ბოლოს

უამრავი საინტერესო ფაქტი თუ კურიოზი ზუსტად ბლოგების საშუალებით ხდება ხოლმე ცნობილი. მაგალითად, რუსეთში, სადაც მედია საშუალებები გარკვეულ სირთულეებს განიცდიან, ბევრი რამ სწორედ ბლოგების საშუალებით ხდება ცნობილი. მაგალითად, 18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ქალაქ ომსკს ეწვია. ამ ვიზიტს პატარა კურიოზი მოჰყვა, რომელიც ბლოგების საშუალებით გახდა ცნობილი. პრეზიდენტის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ქალაქის მერიის თანამშრომლებმა სასწრაფოდ ჩამოხსნეს ბანერი, რომლზეც ეწერა  – „Ждем тебя, веселый гном“. ამ პლაკატს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პრეზიდენტის ვიზიტთან. ის, უბრალოდ, მოსახლეობას საბავშვო სპექტაკლის შესახებ ამცნობდა. როგორც იუწყებოდნენ ბლოგერები, ბანერის ჩამოხსნას იმდენად ჩქარობდნენ, რომ ნაჯახებით ჩამოხიეს პლაკატი.

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s