მეცნიერები სასწაულის მოლოდინში


რელიგიური დღესასწაულებისა და ტერორისტული აქტების პარალელურად, ბოლო დღეებში, მთელი მსოფლიო მეცნიერთა ერთ ჯგუფს აკვირდებოდა. ისინი კი კითხვებს ზოგადი ფრაზებით პასუხობდნენ და გაურკვეველი ციფრებით ოპერირებდნენ:

„ეს მეცნიერებისთვის ფანტასტიკური მომენტია“, –  ამბობდა თავის ინტერვიუში CERN -ის (ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია)   ხელმძღვანელი, როლფ ხოიერი.

„პროტონთა ნაკადის ენერგიამ 3,5 TEV-ს მიაღწია“ – იუწყებოდნენ  CERN -იდან.

„ფიზიკა მეცნიერების თვალწინ იქმნება. ეს ახალი ერის დასაწყისია“ – აღნიშნა CERN-ის წარმომადგენელმა პაოლა ხოიერმა.

ცერნის თანამშრომელმა დესპიონა ხაციფოტიადუმ კი განაცხადა – „ეს დაგვეხმარება, უფრო მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ჩვენი სამყარო.“

ამგვარი აღტაცებული შეძახილები – Large Hadron Collider (LHC), ანდა ქართულად, „ადრონთა უდიდესი კოლაიდერის“ მუშაობის შედეგი გახლდათ. ეს სახელწოდება, მგონი, უკვე ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ მათ, ვისაც ზემოთ მოყვანილი  სიტყვები არაფერს ეუბნება, შევეცდები განვუმარტო: „ადრონთა უდიდესი კოლაიდერი“ უზარმაზარი სამეცნიერო ლაბორატორიაა, რომელიც შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე, მიწის ქვეშ არის მოთავსებული. ამ უზარმაზარი კოლაიდერის  სიგრძე 26,7 კილომეტრია. ანუ, ვინმემ ველოსიპედით რომ მოინდომოს მისი შემოვლა, რამდენიმე საათს მოანდომებს. უდიდესი კოლაიდერის მშენებლობა, ბუნებრივია, უზარმაზარი თანხა, 10 მილიარდი დოლარი დაჯდა. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკოსთა დაუღალავ სამეცნიერო მუშაობაზე.

რისთვის არის საჭირო „ადრონთა უდიდესი კოლაიდერი“?

რისთვის იხარჯება  ეს უზარმაზარი ძალისხმევა? რას ელოდებიან მეცნიერები კოლაიდერისაგან? – რა თქმა უნდა,  პასუხს უამრავ მეცნიერულ კითხვაზე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა „ჰიგსის ბოზონის“ აღმოჩენაა.

„ჰიგსის ბოზონი“ – ნაწილაკია, რომელიც თეორიულად, უმცირეს ნაწილაკთა წონას განსაზღვრავს. ჩვენს ფიზიკურ სამყაროში ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგებია – სპილო მძიმეა, იმიტომ რომ ის დიდია, თაგვი – მსუბუქი, ვინაიდან ის პატარაა. უმცირეს ნაწილაკებში კი ყველაფერი სხვაგვარად არის. ერთი უმცირესი ნაწილაკი სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, მეორეზე უფრო მძიმეა. მათ წონაში განსხვავება ხანდახან საკმაოდ დიდია. ფიზიკოსებმა ამ განსხვავებების ახსნა ჰიპოთეტური „ჰიგსის ბოზონების“ დახმარებით შეძლეს. ის ნაწილაკები, რომლებიც უფრო მძიმეა, აქტიურად ურთიერთქმედებენ „ჰიგსის ბოზონებთან“, ხოლო მსუბუქ ნაწილაკებზე „ჰიგსის ბოზონებს“ ნაკლები  გავლენა აქვთ. მარტივად  რომ წარმოვიდგინოთ, ის ნაწილაკები, რომლებსაც „ჰიგსის ბოზონები“ უფრო მეტად ეწებება – მძიმეა, მსუბუქ ნაწილაკებს კი ბოზონები ნაკლებად ეწებებიან. ამგვარად, ბოზონების მეშვეობით  განსაზღვრავენ უმცირესი ნაწილაკების წონას.   „ჰიგსის ბოზონები“ უმცირეს ნაწილაკთა მასის  გარკვევაში ეხმარებიან მეცნიერებს.

მაგრამ „ჰიგსის ბოზონები“ მხოლოდ უმცირესი ნაწილაკების თვისებების განსასაზღვრად როდია ხელსაყრელი. ფიზიკოსების გამოთვლების შესაბამისად, ვარსკვლავიერი ცა, რომელსაც ჩვენ უღრუბლო ღამით ვხედავთ, სამყაროს მასის მხოლოდ 4%-ს შეადგენს. კოსმიური წონასწორობის შესანარჩუნებლად კი უზარმაზარი მასაა საჭირო, რომელიც არსად ფიქსირდება. აქაც „ჰიგსის ბოზონები“ მშვენივრად ხსნიან ყველაფერს. მაგრამ „ჰიგსის ბოზონები“ ჯერ მხოლოდ თეორიაში არსებობენ, მათი არსებობა ჯერ არც ერთი მეცნიერული ექსპერიმენტით არ დადასტურებულა. ახლა კი ფიზიკოსებს იმედი აქვთ, რომ კოლაიდერის საშუალებით, ამ ნაწილაკების წარმოქმნას და დაფიქსირებას შეძლებენ, რათა მათ თვისებებს დააკვირდნენ.

არადა, თუკი ეს ნაწილაკები მხოლოდ თეორიულად არსებობენ, და ისინი მომავალშიც ვერავინ აღმოაჩინა, თანამედროვე ადამიანის შეხედულებები სამყაროს შესახებ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. გამოვა, რომ იმას, რაც ჩვენ  უმცირესი ნაწილაკებისა და კოსმოსის შესახებ ვიცით, ისეთივე ღირებულება გააჩნია, როგორც შუა საუკუნეების მეცნიერულ ცოდნას სამყაროს შესახებ. მაშინ თვლიდნენ, რომ დედამიწა ბრტყელია, ვარსკვლავები კი ცის დისკოზე მიჭედებული ბრჭყვიალა ობიექტები, ხოლო თავად სამყარო – ავი სულებით, დრაკონებითა და კიდევ ათასგვარი ფანტასტიკური ცხოველით დასახლებული. ანუ ყველაფერი, რაც თანამედროვე ფიზიკოსებმა იციან „ჰიგსის ბოზონი“-ს გარეშე, მხოლოდ ლამაზი თეორიებია, რომელთაც რეალური საფუძველი არ გააჩნია.

რა პროცესები ვითარდება „ადრონთა უდიდეს კოლაიდერში“?

თავიანთი მიზნის მისაღწევად მეცნიერები კოლაიდერში უზარმაზარი სიჩქარით აჯახებენ უმცირეს ნაწილაკებს. ამ შეჯახებების შედეგად, ერთი მხრივ ახალი ნაწილაკები წარმოიქმნება, მეორე მხრივ კი უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო ექსპერიმენტის დროს, პროტონის ნაკადთა ერთმანეთთან შეჯახებისას, ენერგია 3,5-ჯერ აღემატებოდა მოსალოდნელს. ეს ენერგია იმდენად დიდია, რომ მზის ცენტრში არსებულ ენერგიას უტოლდება. ბევრი მეცნიერი ამგვარი ექსპერიმენტების საშიშროებასაც ხედავს. ზოგ მეცნიერს მიაჩნია,  რომ უზარმაზარი სიმძლავრის ენერგიებთან ურთიერთობისას შესაძლებელია შავი ხვრელი წარმოიქმნას, რომელიც სწრაფად დაიწყებს ზრდასა და ყველაფრის შთანთქმას. შესაბამისად, შესაძლოა ჩვენი სამყარო განადგურდეს. ან კი ძალიან მაღალმა ენერგიებმა (ლაბორატორიაში ხომ ახლო მომავალში ენერგიის გაზრდას 14TEV-მდე აპირებენ), ის პროცესები გაიმეოროს, რომლებმაც ჩვენი სამყაროს შექმნა განაპირობა. ეს კი ახალი სამყაროს წარმოქმნას დაუდებს საფუძველს. ამ შემთხვევაშიც, ზოგი თვლის, რომ ჩვენი სამყარო აფეთქების შედეგად განადგურდება.

ღვთაებრივი ნაწილაკები

ზოგიერთი მეცნიერი „ჰიგსის ბოზონებს“ ღვთაებრივ ნაწილაკებს უწოდებს, ვინაიდან ეს ის უმცირესი აგურებია, რომლითაც ჩვენი სამყაროა აშენებული. ხოლო „ადრონთა კოლაიდერში“ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად, ელემენტარულ ნაწილაკების წარმოქმნამ, შესაძლოა, ახალი პარალელური სამყაროების შექმნას დაუდოს სათავე.

თეორიები კარგია, მაგრამ რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა?

ძნელია თქმა, თითქოს თავად ფიზიკოსებმა იცოდნენ, ექნება თუ არა რაიმე პრაქტიკული შედეგი იმ ნაწილაკის აღმოჩენას. გავიხსენოთ ისტორიული პარალელი: ჰაინრიხ ჰერცმა ელექტრო მაგნიტური ველის არსებობა 1888 წელს ექსპერიმენტულად  დაამტკიცა. ფიზიკოსს მიაჩნდა, რომ მისი აღმოჩენა მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრისათვის იქნებოდა საინტერესო, მაგრამ სულ რაღაც  8 წლის შემდეგ, მარკონიმ ნათლად დაანახა მთელს მსოფლიოს, რამხელა პოტენციალის მქონე იყო ეს აღმოჩენა. ამგვარად, ათ წელზე ნაკლებ დროში, ამ გამოგონებამ, თეორიული ფიზიკიდან პრაქტიკაში გადმოაბიჯა და საყოველთაო მოხმარების საგნად იქცა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ამ გამოგონების გარეშე არ იქნებოდა მობილური ტელეფონი, ტელევიზია და კიდევ უამრავი რამ.

პათეტიკური დასკვნა

ფიზიკოსების ესოდენ თამამმა თეორიებმა იმაზე დამაფიქრა, რომ დღესდღეობით, ყველაზე მოხდენილ იდეებს მეცნიერები გვთავაზობენ. ფილოსოფოსები, რომელთაც, თითქოსდა, თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე, რაიმე ახალი და განსაცვიფრებელი იდეები უნდა შემოგვთავაზონ, რატომღაც სულ ერთსა და იმავეს ტკეპნიან. აი, მეცნიერებმა კი, წინა პლანზე გადმოინაცვლეს და ერთობ მოსაწყენი თეორიების ნაცვლად, ყველაზე თამამ და გონებამახვილურ იდეებს გვთავაზობენ.

This entry was posted in მეცნიერება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s