მოდით, სიმბოლოებით ვილაპარაკოთ


უფროსები ხშირად წუწუნებენ – ეს ახალგაზრდა თაობა არაფერს კითხულობს და ძალიან გაუნათლებელიაო. წყაროებს რომ ჩაუღრმავდეთ, მსგავს განცხადებებს უხვად მოიძიებთ სხვადასხვა ეპოქებისა და კულტურების ლიტერატურაშიც. თითქოს ოდესღაც ზეგანათლებული თაობა არსებობდა, და მას მერე კაცობრიობა, თაობიდან თაობამდე, მუდმივ რეგრესს განიცდის.

რეალურად კი, ყოველი ახალი თაობის ინტერესი წინა თაობის მისწრაფებებისაგან განსხვავდება და უკმაყოფილებაც აქედან ჩნდება. გარდა ინტერესებების ცვლილებისა, იცვლება თავად ინფორმაციის მიღების და გადაცემის მექანიზმები. მაგალითად, შუა საუკუნეებამდე ინფორმაცია ძირითადად ვერბალურად, მოყოლით გადმოიცემოდა. იმ ადამიანების დიდ ნაწილსაც, რომლებიც წიგნებს ფლობდნენ, ძირითადად, თავიანთი მსახურები და მასწავლებლები უკითხავდნენ. წიგნის კითხვა ერთობ სერიოზული და რთული საქმიანობა იყო.

გრაფიკები

ინფორმაციის რაოდენობა სულ იზრდება და რაღაც ეტაპზე ინფორმაციის ვიზუალიზაციის ახალი ხერხებიც გაჩნდა. ადამიანებმა გრაფიკები გამოიგონეს. ასე ერთ გამოსახულებაში დიდი ოდენობის ინფორმაციის გადმოცემა შესაძლებელია. საკმარისია, ერთი თვალი გადაავლო გრაფიკს, რომ ინფორმაცია მიღებულია. თუმცა, ეს, არც ისე ადვილი საქმეა.

ედვარდ რ. ტაფტი (Edward Rolf Tufte) ერთ-ერთ თავის წიგნში წერდა, რომ 1986 წელს იანვარში მომხდარი კოსმოსური შატლის აფეთქება, რომელმაც ასტრონავტების სიცოცხლე იმსხვერპლა, შესაბამის დოკუმენტაციაში არასწორად  ვიზუალიზირებული ინფორმაციის გამო მოხდა. ანუ, გაუგებრად დახატულმა გრაფიკებმა, ინფორმაციის აღქმას შეუშალა ხელი და ამას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

უნივერსალური ენა

გრაფიკები მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია იმ საინტერესო პროცესებისა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება. თითქოს, შეუმჩნევლად და ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, ადამიანები ახალ ენასა და ანბანს ვქმნით.

ეს პროცესი ელექტრონული მოწყობილობების შექმნასთან ერთად დაიწყო. როდესაც პირველი პერსონალური კომპიუტერები შეიქმნა, საჭირო გახდა, ბევრი რთული და  ადამიანისთვის გაუგებარი პროცესი, მარტივი ვიზუალური ნიშნებით გამოესახათ. მანამდე კომპიუტერებს მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის იყენებდნენ და კომპიუტერთან სამუშაოდ სპეციალური ცოდნა იყო საჭირო. ზოგ შემთხვევაში, მომხმარებელს, კომპიუტერთან საურთიერთოდ ინჟინერიც ეხმარებოდა. აი, პერსონალური კომპიუტერი კი უკვე ჩვეულებრივი, რიგითი მომხმარებლისთვისაც გასაგები უნდა ყოფილიყო. ამისთვის შეიქმნა ეგრეთწოდებული (GUI) – მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი. ანუ იმ გამოსახულებათა ერთობლიობა, რომელსაც მონიტორზე ვხედავთ და რომლის საშუალებითაც ვხვდებით, რომელ ოპერაციას ასრულებს ახლა კომპიუტერი. მაგალითად: იმისთვის, რომ ინფორმაცია კომპიუტერში შევინახოთ, ამ ინფორმაციას (ფაილს)  საქაღალდეში (ფოლდერში) ვდებთ. რეალურად კი, კომპიუტერი ამ ოპერაციის ჩატარებისას  არსად არაფერს არ დებს. ეს ვიზუალური ინტერპრეტაცია უფრო გასაგებია ადამიანისთვის, ვიდრე რეალური პროცესები, რომლებიც კომპიუტერში მიმდინარეობს.

ერთ-ერთი პირველი კომპიუტერულ სიმბოლოთა ერთობლიობა, მაკინტოშის კომპიუტერებისთვის შეიქმნა. ეს ამოცანა ცნობილმა დიზაინერმა სუსან კარემ (Susan Kare) შეასრულა. რეზულტატი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ის ვიზუალური სიმბოლოები, რომლებიც მაშინ შემუშავდა, დღესაც გვხვდება, უმნიშვნელო მოდიფიკაციებით.

დღესდღეობით ეს სიმბოლოთა ერთობლიობა თითქმის ყველა ელექტრონულ მოწყობილობაში გვხვდება. მაგალითად, საკმარისია, თანამედროვე ახალგაზრდამ თუნდაც მისთვის უცნობი მოდელის მობილური ტელეფონი აიღოს ხელში, რომ სიმბოლოების დახმარებით ძალიან მარტივად გაერკვევა მის ფუნქციებში.

თანაც ეს სიმბოლოთა (პიქტოგრამების) ენა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო რთულდება, ფართოვდება…

პარალელი ისტორიიდან

თავად პირველი დამწერლობაც ხომ იგივე პრინციპის საფუძველზე შეიქმნა. ჯერ მარტივი ნახატები გაჩნდა, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებს გამოხატავდნენ და შემდეგ, ამ პიქტოგრამების გართულების საფუძველზე შეიქმნა პირველი ანბანიც.

განათლებული გაუნათლებელი თაობა

სტატიის დასაწყისში ახალგაზრდა თაობის მიმართ უფროსი თაობის პრეტენზიებზე ვსაუბრობდი. მაგრამ ხშირად კომიკური სიტუაცია იქმნება. ფაქტია, რომ ახალგაზრდა თაობამ უცებ აუღო ალღო სიმბოლოთა იმ ანბანს, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შეიქმნა. დღეს ხშირად ნახავთ სიტუაციას, როდესაც უფროსი, განათლებული თაობის წარმომადგენლები, ახალგაზრდებს მობილურებსა თუ კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთობისას, შველას სთხოვენ-ხოლმე. არც ინტერნეტი არის მათთვის ადვილად გასაგები…

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s