რა არის MARKETING


უცნაურები ვართ ადამიანები. ოდესღაც გამოქვაბულებში ვცხოვრობდით, ცხოველებზე ვნადირობდით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმ შორეულ წარსულში თითქოს ყველაფერი მარტივად და გასაგებად იყო მოწყობილი, მაინც რაღაც არ გვასვენებდა. ამიტომაც განვითარების გზას დავადექით. არც სისხლიანი და სასტიკი შუა საუკუნეები აღმოჩნდა მთლად კომფორტული გარემო ჩვენთვის და  პროგრესის გზას მივაშურეთ. შედეგად შევქმენით ცივილიზაცია, რომელშიც ახლა ვარსებობთ. უამრავი სირთულეების, ომებისა და განუწყვეტელი განვითარების შედეგად შეკოწიწებულ რეალობაში, ძნელია გაარჩიო, სად არის ტყული და სად – მართალი.

მაგალითად, ისეთი პროფესიებიც გამოვიგონეთ, რომლის სახელწოდებაც ხშირად გვესმის. თითქოს ვიცით კიდეც, რა მოხელე -„ნაჩალნიკები“ არიან ამ პროფესიის წარმომადგენლები, მაგრამ, რომ დაუკვირდე, არც ისე ადვილია აუხსნა სხვას, კონკრეტულად რას საქმიანობენ ისინი.

მაგალითად – მარკეტინგი

გასაგებია, რომ სიტყვა MARKET ინგლისურად ბაზარს ნიშნავს. მაგრამ დიდი თუ პატარა კომპანიების მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლები, უშუალოდ ბაზარში არაფერს ყიდიან.

ხოლო ინტერნეტ ენციკლოპედია ვიკიპედიას თუკი დავეკითხებით:

მარკეტინგი

(ინგლ. marketing < market „ბაზარი“) — სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი განმარტებაა. თუმცა, თანამედროვე ქართულ წიგნებში, რომლებიც ეკონომიკურ მეცნიერებებს ეძღვნება, ბევრ სხვა მარგალიტებსაც ამოვიკითხავთ. ამ წიგნების უმეტესობა ხომ ინგლისური ენიდან არის თარგმნილი და, ეკონომიკის რთულ ტერმინოლოგიასთან ერთად, მთარგმნელებს კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შემოაქვთ.

ჩვენ კი ისევ ერთი შეხედვით გასაგებ, მაგრამ ამავე დროს, გაუგებარ მარკეტინგს დავუბრუნდეთ. შევეცდები, მარტივი მაგალითის საფუძველზე  გასაგებად აგიხსნათ, კონკრეტულად რას აკეთებს რიგითი მარკეტინგის სამსახურის თანამშრომელი.

თავად მარკეტინგი

წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში მომუშავე რძის პროდუქტების მწარმოებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ  ახალი პროდუქტის – ვთქვათ, მაწვნის გამოშვება გადაწყვიტა. ეს კომპანია თუ დასავლური სტანდარტების  შესაბამისად მუშაობს, მაშინ საქმეში აუცილებლად მარკეტინგის სპეციალისტები ჩაერთვებიან და თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად დაახლოებით ასეთ დასკვნას დადებენ:

კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის  ცნობიერებაში ხარისხიანი მაწონი – კოჯრის მაწონთან ასოცირდება. განსაკუთრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის პროდუქტის ამგვარი სახელწოდება მის მიმართ მეტ ნდობას იმსახურებს. ძველ ქართულ ფილმებში ხშირად გაიგონებთ მემაწვნეების ყვირილს – კოჯრის მაწონი, კოჯრის მაწონი…

ამ დროს მომხმარებელი ფაქტობრივად, ჩვენი პროდუქტის რეკლამას ისმენს და ეს ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე ხდება. სახელწოდება „კოჯრის მაწონი“ უკვე ზის ქართველი მომხმარებლის ცნობიერებაში. ეს უფრო აადვილებს პროდუქტის პოზიციონირებას, რადგან სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე თავისთავად შესრულებულია.

შეფუთვა:

შეფუთვისას სასურველი იქნება, ძველი მაწვნის კერამიკულ ქილებზე არსებული ორნამენტების და ფერების გამოყება. კოჯრიდან მაწონი სწორედ ასეთი ქილებით ჩამოჰქონდათ XX საუკუნის პირველ ნახევარში.

მსგავსი ვიზუალური დეტალები მკვეთრად გამოყოფენ ჩვენს მაწონს სხვა მსგავსი პროდუქტებისაგან, და კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს მის ეროვნულობას, ტრადიციულობას. მსგავსი ასოციაციები კი კვების პროდუქტებთან მიმართებაში საკმაოდ მომგებიანია.

სარეკლამო პროდუქტები:

სარეკლამოდ შეიძლება გამოყენებული იქნას მემაწვნე, რომელსაც ვირზე გადაკიდებული ხურჯინით ჩამოაქვს თბილიში მაწონი.  ან, საერთოდ, შეიქმნას პროდუქტის სახე – მემაწვნე ან მისი ვირი – და ის სხვადასხვა სასაცილო სიტუაციებში გათამაშდეს.

***

როგორც ნახეთ, მარკეტინგის სამსახური იგონებს პროდუქტის სახელს, ისეთს, რომელსაც მყიდველი ადვილად ენდობა. ამის გამო პროდუქტი ადვილად გაიყიდება. მაგრამ მწარმოებელმა და მარკეტინგის განყოფილებაში მომუშავე ადამიანებმა თავიდანვე იციან, რომ პროდუქტის სახელს არანაირი კავშირი არ ექნება რეალურ პროდუქტთან. ალბათ, ეს ჰიპოთეტური კომპანიაც ამ მაწვნისთვის საჭირო პროდუქტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიძენს. მერე ამ ყველაფერს უცხოეთიდან ჩამოტანილ ინგრედიენტებს დაუმატებს და პროდუქტიც დამზადდება. შემდეგ დიზაინერიც შესაბამის ვიზუალურ შეფუთვაზე იზრუნებს და პროდუქტი მაღაზიების დახლებზე აღმოჩნდება. ჩატარებული სამუშაოთი ყველა კმაყოფილი დარჩება – მომხმარებელიც და მწარმოებელიც. მარკეტინგის განყოფილება კი ახალი ხრიკების მოგონებას შეუდგება.

This entry was posted in სხვა. Bookmark the permalink.

One Response to რა არის MARKETING

  1. maro says:

    ra mware daskvna iyo >_<
    dacemac shesabamisad xmauriani ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s