ჩურინგებიდან ელექტრონულ წიგნებამდე


სიტყვაზე წიგნი, ადამიანს წარმოსახვაში სრულიად კონკრეტული ობიექტი წარმოუდგება. მაგრამ წიგნის ისტორიას რომ ჩავხედოთ, ნათელია, ის ფორმა, რომელიც დღეს წიგნს აქვს, პირობითია. იყო დრო, როდესაც წიგნი საერთოდ არ არსებობდა. მერე წიგნის ფორმა ეპოქიდან ეპოქამდე იცვლებოდა, ზოგჯერ რადიკალურადაც. დღესაც ის ახალ ტრანსფორმაციებს განიცდის. გაჩნდა ელექტრონული წიგნები, რომელთაც საერთოდ არ გააჩნია მატერიალური გარსი. მათ ხელშიც კი ვერ დაიჭერს ადამიანი.

როდესაც წიგნი საერთოდ არ არსებობდა

ამ შორეულ წარსულშიც პირველყოფილ ადამიანს კომუნიკაცია სწყუროდა, ცდილობდა გარკვეული ცოდნა, გამოცდილება, ემოციები დაეფიქსირებინა და მომავალი თაობებისთვის გადაეცა. პირველყოფილი ადამიანის მხატვრობა ასე თუ ისე ყველამ ვიცით და ნანახიც გვაქვს. თუმცა იმ უძველესი დროიდან ასევე შემოგვრჩა სხვადასხვა უცნაური ობიექტებიც. მაგრამ ბუნებრივია, მათი დანიშნულების გაგება საკმაოდ რთულია. ამიტომ არქეოლოგები ანალოგიების პრინციპით ხელმძღვანელობენ ხოლმე. ანუ სწავლობენ დღეს შემორჩენილი, დაახლოებით პირველყოფილი ადამიანის მსგავსად მცხოვრები ადამიანების ქცევებსა და ხელსაწყოებს და ამგვარად იკვლევენ პირველყოფილ ადამიანებს. ამ გზით აღმოჩენილი იყო წიგნის პროტოტიპი. ქვები, რომლებზეც ამოტვიფრულია მარტივი გეომეტრიული ფიგურები და ხაზები. ამგვარ არტეფაქტებს ავსტრალიელი აბორიგენები ჩურინგას ეძახიან, მათ სხვადასხვა რიტუალებში იყენებენ. საგანგებოდ განსწავლული პიროვნება ხელს უსვამს ხოლმე ამგვარ ქვას და მასზე დატანილი გამოსახულებიდან, სხვადასხვა მითოლოგიურ სიუჟეტს ამოიკითხავს. ანუ ამ ქვაზე თავად მითი კი არ არის ჩაწერილი, არამედ ინფორმაციის გარკვეული ნაწილი. მაგალითად, წრეების რაოდენობა შეიძლება მიანიშნებდეს იმ განსაცდელთა რაოდენობას, რომელთა გადალახვაც მითის გმირს მოუხდა.

თითქოს წიგნი

შუმერული თიხის ფირფიტები უკვე თითქოსდა წიგნები იყო. მათში ლურსმნული დამწერლობით უძველესი ავტორები უკვე მითებსა და სხვადასხვა სახის ტექსტებს  აფიქსირებდნენ. ეს თითქოსდა წიგნები გამოუმწვარი თიხისგან მზადდებოდა და მათზე ტექსტი იმ მომენტში დაიტანებოდა, სანამ თიხა გამოშრობას მოასწრებდა. ხოლო ინსტრუმენტს, რომლითაც თიხის ფირფიტაზე ტექსტის დაფიქსირება ხდებოდა, კალამი ერქვა.

პაპირუსი

შუმერული თიხის ფირფიტების შემდეგ იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში ეგვიპტური პაპირუსები დამკვიდრდა. ინფორმაციის დაფიქსირების ამ ფორმას, მოგვიანებით ბერძნებიც და რომაელებიც აქტიურად იყენებდენ. პაპირუსები უკვე  მცენარისაგან კეთდებოდა და მისი დამზადების სპეციფიკიდან გამომდინარე, იმდროინდელ წიგნებს გრძელი გრაგნილების ფორმა ჰქონდათ. ეს წიგნები უკვე ათასგვარი ილუსტრაციებით იყო გაფორმებული. პაპირუსის გრაგნილებს სპეციალურად დამზადებულ ყუთებში ინახავდნენ, რომლებიც ერთგვარი ყდის ფუნქციას ასრულებდნენ.

თითქმის წიგნი

შემდეგ კი რომაელებმა პაპირუსის გრაგნილების ფურცლებად დაჭრა მოიგონეს. შედეგად პაპირუსის ფურცლებს კინძავდნენ და ყდაში სვამდნენ. ეს იდეა მათ თავიანთი ბლოკნოტების შემხედვარე გაუჩნდათ. რომაული ბლოკნოტები, ხის ფირფიტებისგან, ფურცლებისგან შედგებოდა. ხის ფურცლები ცვილით იყო დაფარული. ჩანაწერის გაკეთება ცვილის ზედაპირზე ამოკაწვრით ხდებოდა. ამ მეთოდს ერთი დადებითი მომენტიც ახლდა. ასეთი ბლოკნოტები მრავალჯერადი გამოყენებისა იყო. ცვილზე ამოკაწრული ინფორმაცია ადვილად იშლებოდა და მერე ასევე ადვილად ხელახლა იწერებოდა. რომაელების მიერ ფურცლებად დაჭრილ, აკინძულ და ყდაში ჩასმულ წიგნებს კოდექსები ჰქვია. თავისი ფორმით ისინი თანამედროვე წიგნებს იმეორებენ.

უზარმაზარი ფოლიანტები

პაპირუსი არც ისე მყარი მასალა იყო. მნიშვნელოვან ინფორმაციას კი მოფრთხილება, შენახვა სჭირდებოდა. და ადამიანებმა მანუსკრიპტების (ლათ. manus — ხელი და scribo — წერა)  ანუ ხელნაწერი წიგნების დამზადებას მიჰყვეს ხელი. ხელნაწერი წიგნის ფურცლები, როგორც წესი, ცხოველების ტყავისგან მზადდებოდა. ილუსტრაციები და თავად ტექსტის ვიზუალური მხარე ხშირად დიდი მხატვრულობით გამოირჩეოდა. მაგრამ ასეთი წიგნების დამზადება ძალზედ რთული იყო და ისინი საკმაოდ ძვირად ფასობდა. შესაბამისად მათი რაოდენობაც ერთობ შეზღუდული იყო.

ნაბეჭდი წიგნი

შემდეგ ევროპელებმა ჩინელებისაგან, 400 წლის ჩამორჩენით, ქაღალდი გამოიგონეს. მერე გუტენბერგმაც არ დააყოვნა და ერთ იმ დროისთვის სავსებით ჩვეულებრივ ობიექტს – ყურძნის საწურ პრესს, მეტად ორიგინალური გამოყენება მოუძებნა. მან ყურძნის საწური პრესის საშუალებით წიგნების ბეჭდვა დაიწყო. ანუ მზადდებოდა საგანგებო ფორმა, რომელზეც ტექსტი და ილუსტრაციები იყო დატანილი, მერე ამ ფორმას უსვამდნენ საღებავს, და ქაღალდის ფურცელთან ერთად პრესში ათავსებდნენ. ამგვარად ტექსტი და გამოსახულება გადაჰქონდათ ფორმიდან ფურცელზე. თუკი ადრე წიგნები მხოლოდ ხელით იწერებოდა, ახლა მათი ბეჭდვა გახდა შესაძლებელი. წიგნების ბეჭდვამ საგრძნობლად შეუწყო ხელი მის მასიურ წარმოებასა და შესაბამისად, გავრცელება პოპულარიზაციას. გუტენბერგის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ მრავალი საუკუნე ადამიანები ამ პრინციპებით ქმნიდნენ წიგნებსა და სხვა ნაბეჭდ პროდუქტებს. შედეგად შეიქმნა პერიოდული გამოცემები, გაზეთები და ჟურნალებიც.

ელექტრონული წიგნები

და როდესაც თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა. პოლიგრაფიული ბეჭდვის ხარისხი არნახულ სიმაღლეებამდე ავიდა, თავად წიგნის ბეჭდვა ჩვეულებრივ ამბად იქცა. კაცობრიობამ მაინც ვერ მოისვენა და ელექტრონული წიგნების შექმნას მიჰყო ხელი. ელექტრუნული წიგნი ფაქტობრივად, კომპიუტერული ფაილია, რომლის წაკითხვაც კომპიუტერის ან სპეციალური მოწყობილობის (ელექტრონული წიგნების წამკითხველის) ეკრანზეა შესაძლებელი. ასეთ წიგნებს არც კი გააჩნიათ თავიანთი მატერიალური გარსი. მათ ხელში ვერ დაიჭერ, მხოლოდ ეკრანზე თუ დაინახავ. მიუხედავად ამ უცნაურობისა, ისინი დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

This entry was posted in ისტორია, SocialMedia. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s