ფლორენცია – ამერიკელი ასტრონავტების საყვარელი ქალაქი


გალილეო გალილეი თავისი ტელესკოპიტ ხელში

სანამ თავად ფლორენციაზე მოვყვებოდე, ჩემს სათქმელს ცოტა შორიდან დავიწყებ. ადრე, ხანდახან, როდესაც ვინმე სტატიას წერდა, ხელი გვერდზე გაურბოდა ხოლმე და შედეგად, რომელიმე წიგნიდან ან, მით უარესი, სხვა სტატიიდან გადმოეწერებინებოდა ხოლმე რაღაც. ბევრი მკითხველი ამას ვერც კი ხვდებოდა, მაგრამ ისინი, რომლებიც ჟურნალისტს ამგვარ ქმედებაში გამოიჭერდნენ, თავის აღშფოთებას ვერ მალავდნენ.

დღეს კი საქმე ერთი მხრივ, უფრო მარტივად არის, ვინაიდან, თუკი ვინმემ ინტერნეტში რაიმე საინტერესო და გამოსადეგი მონაკვეთი მოიძია,  შეუძლია უცებ „დააქოფიფეისთოს“, ანუ, ყოველგვარი ჯადოსნობის გარეშე, ტექსტის საინტერესო მონაკვეთი უეცრად ავტორის ტექსტში აღმოჩნდება ხოლმე.

მეორე მხრივ კი, ასეთი ქმედების შემჩნევა სულ უფრო რთული ხდება, ვინაიდან, როგორც ყველასთვის ცნობილია, ინტერნეტი უძიროა და შესაბამისად, ინფორმაციის მოცულობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო რთულია დედანის მოძიება.

მაგრამ მე კეთილსინდისიერად მოვიქცევი და ინტერნეტიდან, კერძოდ კი, ვიკიპედიიდან „დაქოფიფეისთებულ“ მონაკვეთს, რომელიც ჩემი სტატიის შესავლისთვის მოვიშველიე, ინტერნეტ მისამართს მივაწერ, ანუ, იმ ადგილს მივუნიშნებ, საიდანაც წამოვიღე: http://ka.wikipedia.org/wiki/სტენდალის_სინდრომი

ეს კი თავად წამოღებული მონაკვეთი:

სტენდალის სინდრომი (ასევე, ფლორენციის სინდრომი) — ფსიქოსომატური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა და ჰალუცინაცია, იშვიათად გულის წასვლაც, როდესაც ადამიანი ხელოვნების ზემოქმედების არეში ხვდება ან ადგილას, სადაც ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. სინდრომს,  XIX ს. ფრანგი მწერლის სტენდალის პატივსაცემად,დაერქვა  სახელი, რომელმაც წიგნში -„ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში“, აღწერა საკუთარი მდგომარეობა -1817 წელს ფლორენციაში ყოფნისას.

მიუხედავად ამგვარი სახის შეტევების მრავალჯერადი აღწერისა, იმ ხალხის მიერ, რომლებიც ფლორენციის უფიცის გალერეას სტუმრობდნენ, სინდრომი მხოლოდ 1979 წელს განსაზღვრა იტალიელმა ფსიქიატრმა – გრაციელა მაგერინიმ, რომელმაც ფლორენციის ტურისტებს შორის 100-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა შეისწავლა. ხოლო ამგვარი დიაგნოზი, პირველად, 1982 წელს დასვეს.

ფლორენცია რომ არაჩვეულებრივი ქალაქია, ეს ყველასთვის ცნობილია, და გასაკვირი არც არის, რომ ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებამ ადამიანზე ისე იმოქმედოს, რომ გადამეტებული ემოციებისგან, ადამიანი ცუდად გახდეს. მაგრამ ფლორენცია მხოლოდ თავის სილამაზეებით როდი არის ცნობილი. აქ, ნებისმიერმა ადამიანმა, შეიძლება რაღაც თავისი იპოვოს. ამის დასტურად ერთ ისტორიას მოვყვები, რომელიც რამდენიმე წლის წინათ, ერთმა ფლორენციელმა ხელოვნებათმცოდნემ, მარკო ჩიანკიმ მიამბო.

მარკო ჩიანკი ძირძველი ფლორენციელია და ხანდახან, მერიის დაკვეთით, ფლორენციის მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის ექსკურსიებს ატარებს. იმ დღესაც მერიიდან დაურეკეს და უთხრეს, – ამერიკიდან მეტად მნიშვნელოვანი სტუმრები არიან ჩამოსულებიო და მეცნიერების მუზეუმის დათვალიება სურთო. ბატონ მარკოს, ბუნებრივია გაუკვირდა ფლორენციაში ჩამოსული ამერიკელების მეცნიერებისადმი ესოდენ დიდი ლტოლვა. ამერიკელები ფლორენციაში ხომ ძირითადად უფიცის გალერეას სტუმრობენ ხოლმე, ან  პირველ რიგში, დავითის ქანდაკების სანახავად მიდიან. ვინაიდან, მეცნიერების მუზეუმს არც ისე ბევრი სტუმარი ჰყავს ხოლმე, ბატონმა მარკომ წიგნები გადმოიღო, რათა თავადაც გაეხსენებინა ამ მუზეუმში დაცული მნიშვნელოვანი ექსპონატები. მეორე დღეს,  დათქმულ ადგილას შეხვდა ამერიკელებს და  ისინი მეცნიერების მუზეუმს ერთად ესტუმრნენ. ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, ისე მიდიოდა. მარკო ყვებოდა, ხოლო ამერიკელები უსმენდნენ. მხოლოდ გალილეო გალილეის ტელესკოპთან ერთ-ერთი ამერიკელი შეჩერდა და დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ამ ექსპონატს. ეს ის ტელესკოპია, რომლის საშუალებითაც გალილეომ დაამტკიცა, რომ მთვარე ყოველგვარ ზღაპრულობასა და მისტიციზმს მოკლებული ციური სხეულია, რომ მთვარე, უბრალოდ ერთ-ერთი პლანეტაა და მეტი არც არაფერი. და ამ ტელესკოპის საშუალებით გალილეიმ, იმ ეპოქისთვის პირველმა, მთვარის მეცნიერული შესწავლა დაიწყო.

გალილეოს ტელესკოპი

მარკო ჩიანკიმ ერთხანს მოუცადა ტელესკოპით დაინტერესებულ ამერიკელს და, როდესაც დარწმუნდა, რომ ამ ამერიკელს ტელესკოპის მეტი მსოფლიოში აღარაფერი  აინტერესებსო, გადაწყვიტა დანარჩენებისთვის გაეგრძელებინა ექსკურსია და თავისი თხრობა განაგრძო. მაგრამ ტელესკოპით დაინტერესებულმა ამერიკელმა ერთი წამით მოწყვიტა ტელესკოპს თვალი, ბატონ მარკოს მოუბრუნდა და უთხრა. თუ შეიძლება ცოტა ჩუმად, თვალიერებაში ხელი მეშლებაო. მარკო ერთობ გაკვირვებული დარჩა. როდესაც ამერიკელი თავის ტელესკოპს მიუბრუნდა, მან ამერიკელის მეგობრებს უთხრა, ეს რა უცნაური მეგობარი გყოლიათო. მეგობრებმა კი ყველაფერი აუხსნეს. თურმე ეს უცნაური ამერიკელი, ასტრონავტი ნილ არმსტრონგი იყო – პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დაადგა ფეხი. ანუ ადამიანი, რომლის ერთმა პატარა ნაბიჯმა, უდიდესი ნახტომი გააკეთა მთელი კაცობრიობისთვის. ნილ არმსტრონგი სპეციალურად ჩამოსულა ფლორენციაში, რათა თავისი თვალით ენახა ის ხელსაწყო, რომლის გამოგონებამაც საბაბი დაუდო, მრავალი საუკუნის შემდეგ, მის მთვარეზე გაფრენას.

ნილს არმსტრონგი

არაჩვეულებრივი ქალაქია ფლორენცია, ამერიკელი ასტრონავტიც კი იპოვის აქ თავისთვის რაიმე საინტერესოს.

This entry was posted in ისტორია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s