შვედები, ქართველები და საბავშვო წიგნები


შარშან ზაფხულში თბილისში ორი შვედი ქალბატონი ჩამოვიდა. მათი ჩამოსვლის მიზანი ერთობ მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილეთა შერჩევა იყო. თბილისში  რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და პროექტის მონაწილენიც შეირჩა. პროექტის განხორციელება 27 ოქტომბერს დაიწყო. ამ დღეს მსოფლიო, საბავშვო წიგნის დღეს აღნიშნავს. შემდეგ კი 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ბათუმში ქართველი და შვედი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების „ვორქშოფი“ მოეწყო. „ვორქშოფის“ იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რამდენიმე შვედსა და რამდენიმე ქართველ საბავშვო წიგნზე მომუშავე ადამიანს ერთად მოეყარა თავი და შეექმნა… რა თქმა უნდა, საბავშვო წიგნები. ღონისძიება „შვედეთის ინსტიტუტის“ მიერ იყო დაფინანსებული და ორი შვედი ქალბატონის, მარი ოსკარსონის და ჰელენა ბერგენდალის ძალისხმევით განხორციელდა. სინამდვილეში ეს პროექტი გასცდა მხოლოდ საბავშვო წიგნებს, რადგანაც მე ამ „ვორქშოფის“ ერთ-ერთ მონაწილეს, უამრავი სტერეოტიპი დამინგრია. მე მგონი ჩემს შვედ კოლეგებსაც შეეცვალათ  წარმოდგენა საქართველოზე, თუმცა შვედურ-ქართული ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინათ დაიწყო.

ვიკინგი მეფე – პირველი შვედი მოგზაური საქართველოში

ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა ერთ-ერთი შვედის მიერ მოყოლილი ამბავი, თურმე ვიკინგმა მეფემ სახელად – ინგვარ შორს მოგზაური,(INGVAR DEN VIDFARNE) XI საუკუნეში თავის რაზმთან ერთად (დაახლოებით 40 ხომალდი) შავი ზღვის სანაპიროდან ჩვენს რეგიონში შემოვიდა, შემდეგ კასპიის ზღვაზე გადაინაცვლა, თავისი ნავები დიდძალი ნადავლით გაავსო და, როდესაც უკან ბრუნდებოდა, სადღაც საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისთან ახლოს გაუჩინარდა. ეს მოგზაურობა ვიკინგთა ფოლკლორში აისახა და შესაბამისად, საკმაოდ მითოლოგიზირებულია, მაგრამ შვედეთში დღესაც არსებობს ამ ისტორიის უტყუარი საბუთები, მეფე ინგმარის რუნული სტელები, რომლებიც მრავლად არის ნაპოვნი შვედეთში. ამ სტელებზე ამოკვეთილია მეფისა და მისი რაზმისადმი მიმართული სამგლოვიარო ტექსტები. აი, მაგალითად, ერთი ნაწყვეტი: „ისინი დაიღუპნენ აღმოსავლეთში, Särkland–ში.“  სიტყვა Särkland-ს რამდენიმე ახსნა აქვს,  მაგრამ, ალბათ, ყველა ქართველი დამეთანხმება,  რომ ეს სიტყვა უდავოდ ჰგავს სიტყვა საქართველოს. თუმცა იმაზე, რომ შვედები მაშინ საქართველოში იმყოფებოდნენ ბევრი სხვა ფაქტიც მიუთითებს, ამიტომ შვედები ამაზე არ დაობენ.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა შვედმა ეს ისტორია მომიყვა, მეც გამიჩნდა სამართლიანი სურვილი, მეტი რამ შემეტყო შვედების შესახებ.

რა ვიცით შვედების შესახებ

პირადად მე,  შვედები ტოლერანტული,  მაგრამ გულცივი და თავის თავში ჩაკეტილი ხალხი მეგონა. ისე, აქამდე არც კი მქონია შეხება შვედებთან, ვინაიდან დღემდე,  მხოლოდ მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებს შევხებივარ. ამ „ვორქშოფმა“ კი დამანახა, რომ ისინი საკმაოდ გულღია და იუმორით სავსე ადამიანები არიან. უყვართ ხუმრობა და რამდენიმე ისეთი ანეკდოტიც მოვისმინე, როგორიც ჩვენთან სვანებზე დადის, მხოლოდ შვედები ამ ანეკდოტებს თავიანთ მეზობელზე, დანიელებზე ჰყვებიან. სტერეოტიპების დანგრევაში ის ბუკლეტიც დამეხმარა, რომელიც შვედებმა დაარიგეს. ბუკლეტში ზოგადად შვედეთის შესახებ იყო ინფორმაცია. ერთ-ერთ მის ნაწილში კი კონკრეტულად ჩამოთვლილი იყო ის მითები, რომელთა ნაწილის გაქარწყლებას  შვედები ცდილობდნენ.

შვედური სექსუალური თავისუფლება: ამ სტერეოტიპის შესახებ ბუკლეტი იუწყებოდა, რომ 50-70 წლებში, შვედურ ფილმებში უხვად ჩანდა ადამიანების შიშველი სხეულები და რომ შვედები უბრალოდ უფრო თავისუფლად აღიქვამენ ადამიანის სიშიშვლეს, ეს კი, თავის მხრივ, იქცა ზემოთ ხსენებული მითის საბაბად. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის და ბუკლეტი სტატისტიკაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ შვედეთში ერთი მხრივ,  არასრულწლოვნებში არასასურველი ფეხმძიმობის საკმაოდ დაბალი პროცენტია, მეორე მხრივ კი – ვენერიული დაავადებებისა. რაც უდავოდ იმაზე მიუთითებს, რომ შვედების სექსუალური ცხოვრება არანაირ ნორმებს არ სცდება – ეწერა ბუკლეტში.

თვითმკვლელობების მაღალი პროცენტი: ამ სტერეოტიპის დასამარცხებლადაც ბუკლეტი კვლავ სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებდა, სტატისტიკა კი ცხადყოფდა, რომ შვედეთში თვითმკვლელობის არც ისე მაღალი პროცენტია.

ქერა გოგონები: ამ სტერეოტიპზე ეწერა მოკლედ და კონკრეტულად – კი.

თეთრი დათვები: არა.

ცივი კლიმატი: თან კი, თან არა. ვინაიდან მართალია შვედური ზამთარი გრძელი და ცივია, მაგრამ ზაფხული თბილი და ერთობ სასიამოვნოა. თბილი გოლდსტრიმი ჩრდილოეთ ატლანტიკაში არბილებს შვედეთის კლიმატს. თუმცა, „ვორქშოფის“ მსვლელობისას, მცირეოდენი უთანხმოებაც კი გვქონდა ხოლმე, განსხვავებული მსოფლმხედველობის გამო.

განსხვავებული შეხედულებები

საკუთრივ „ვორქშოფი“, როგორც უკვე აღვნიშნე, იმაში მდგომარეობდა, რომ შვედები და ქართველები დავიყავით ჯგუფებად და საბავშვო წიგნებზე მუშაობას შევუდექით. ჩემს ჯგუფში აღმოვჩნდით მე ანუ სანდრო ასათიანი, ქართველი პოეტი და მწერალი მაკა მიქელაძე და შვედი საბავშვო მწერალ – ილუსტრატორი – ანა ჰოგლუნდი. მაკას იდეა იყო, რომ გაგვეკეთებინა პატარა წიგნი მედუზების ოჯახზე. ბევრი კამათისა და გაუგებრობების შემდეგ, როგორც იქნა შევთანხმდით სიუჟეტის ძირითად ქარგაზე. ანამ, ჩვენმა შვედმა მეგობარმა განაცხადა, რომ წიგნი კი კარგი გამოგვდის, მაგრამ შვედეთში გამომცემლობები საბავშვო წიგნებში ტოლერანტობას აქცევენ ყურადღებასო და მოდით ჩვენც შევიტანოთ მსგავსი ელემენტი ამ წიგნებშიო. აი, მაგალითად, რას ფიქრობთო პატარა მედუზიკოს ორი მამა რომ ჰყავდესო, ან მხოლოდ დედებიო. ჩვენი ჯგუფის მეორე ნაწილმა, ანუ მე და მაკამ ავუხსენით, რომ ასეთი წიგნის გამოცემა საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან ამას ქართველი მკითხველი უბრალოდ ვერ გაგვიგებდა.

კარგიო ანამ, მაშინ იქნებ მამა დავასაქმოთ სამზარეულოშიო და დედა კიდევ საწერ მაგიდასთან იჯდესო და რაღაც ქაღალდებთან მუშაობდესო. ქართველმა მხარემ ეს წინადადებაც უარვყავით. ბოლოს ქართული ნაწილის მაქსიმალურად დასაშვები ტოლერანტობა გამოიხატა იმაში, რომ პატარა მედუზას ძამიკო სარკესთან თმებს „იოჟიკად“ იყენებდა,  ხოლო მისი დაიკო სპორტულ ბუცებს იცვამდა, რომ ფეხბურთის სათამაშოდ წასულიყო.

გაგრძელება

პროექტი გრძელდება და 6 მაისს უკვე პროექტის ქართველი მონაწილეები მივემგზავრებით შვედეთში. იქ კვლავ ჩვენს საერთო წიგნებზე უნდა განვაგრძოთ მუშაობა და, ალბათ, ერთმანეთის შესახებ კიდევ ბევრი აღმოჩენა გველოდება.

This entry was posted in განათლება, ისტორია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s