შვედური საბავშვო წიგნები


ექვსი ქართველი საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი, შვედურ-ქართულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, შვედეთში გაემგზავრა. ამ წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები იყვნენ: ნანა კაციაშვილი, რუსუდან ყიფიანი, მაკა მიქელაძე, სოფო კინწურაშვილი, გვანცა ჯობავა და მე, სანდრო ასათიანი. პროექტის  მიხედვით, ექვს ქართველსა და ექვს შვედს საბავშვო წიგნები უნდა გაგვეკეთებინა. პროექტის პირველი ნაწილი ჯერ კიდევ შარშან განხორციელდა, როდესაც შვედები საქართველოში ჩამოვიდნენ. ამჯერად კი ქართველები გავემგზავრეთ სტოკჰოლმში. ეს პროექტი შვედეთის ინსტიტუტმა დააფინანსა და ორი შვედი ქალბატონის – მარი ოსკარსონისა და ჰელენა ბერგენდალის ძალისხმევით განხორციელდა.

შუქნიშანი ბიბლიოთეკის ფანჯარაში

პირველად საბავშვო ბიბლიოთეკაში მივედით. სტოკჰოლმის ცენტრში უზარმაზარი კულტურის ცენტრია – Kulturhuset. ვიკიპედიაში ისიც კი ამოვიკითხე, რომ ზოგიერთისთვის კულტურის ეს ცენტრი ძალიან დიდი და ესთეტიკურად მიუღებელია.

ამ უზარმაზარ კულტურულ ცენტრში საბავშვო ბიბლიოთეკას საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უჭირავს. შუშისა და ბეტონისგან აგებული შენობის მეოთხე სართულზე, იქ, სადაც ბიბლიოთეკის ფანჯრებია, შუქნიშანი მოჩანს. როგორც აგვიხსნეს, ბიბლიოთეკას ზოგჯერ იმდენი სტუმარი ჰყავს, რომ ყველას დატევა შეუძლებელია. ასეთ დროს შუქნიშანზე წითელი ინთება და  სტუმრები ხვდებიან, რომ მწვანეს ანთებამდე სეირნობა მოუწევთ.

თავად ბიბლიოთეკაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ბავშვებმა თავისუფლად იმოძრაონ, იხტუნონ, ირბინონ, იძრომიალონ, ითამაშონ. მოკლედ, თავის გემოზე გაერთონ და, რა თქმა უნდა, წიგნებსაც გაეცნონ. როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა აგვიხსნეს, აქ წიგნები, როგორც სხვა ბიბლიოთეკაში, ანბანის მიხედვით კი არ არის განლაგებული, არამედ თემატურადაა გადანაწილებული თაროებზე. ანუ წიგნები ცხოველებზე ცალკე აწყვია, მონსტრებზე – ცალკე, მათემატიკაზე – ცალკე  და ასე შემდეგ. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, ყველასთვის საყვარელი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის წიგნები, რა თქმა უნდა, ცალკე კატეგორიადაა გამოყოფილი.

თურმე ბიბლიოთეკის შექმნისას ბევრი რამ თავად ბავშვებსაც ჰკითხეს. ერთმა პატარა ბიჭუნამ კი ბიბლიოთეკის კონცეფცია ასე ჩამოაყალიბა: ყველაზე ზევით წიგნები კოსმოსზე უნდა ელაგოს. მერე – წიგნები ფრინველებზე, მერე ტყეებზე, მერე ტყის ცხოველებზე, მერე შინაურ ცხოველებზე. მერე სხვადასხვა ყვავილებზე და ბალახებზე, მერე კი პატარა ღრმული უნდა გაკეთდეს იატაკში, რომელშიც წიგნები ჭიაყელებსა და სხვადასხვა მწერებზე იქნება ჩალაგებულიო. ბიბლიოთეკის შემქმნელებმა ამ ბიჭუნას მოსაზრებათა მხოლოდ მცირე ნაწილი გაითვალისწინეს და კოსმოსთან დაკავშირებული წიგნები სულ ზედა თაროზე დაალაგეს. მიუხედავად ადგილმდებარეობისა, ბავშვებს სპეციალური კონსტრუქციის საშუალებით ამ წიგნებამდე აძრომა სულაც არ უჭირთ.

შეხვედრა საბავშვო მწერალთა სექციაში

სხვადასხვა გაერთიანებები, სექციები, პროფესიული კავშირები, ალბათ, შვედების მოგონილი უნდა იყოს. პირადად შვედების თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ჩრდილოელი ხალხის მიგნება იქნებოდა. წესრიგის მოყვარული ჩრდილოელები ხომ მუდამ შრომისა და ფუნქციების გადანაწილებას  ცდილობდნენ. და თუკი ჩვენი ცივილიზაცია საბერძნეთიდან და რომიდან იღებს სათავეს, მისი მოწესრიგება-დალაგება ჩრდილოელი ხალხის დამსახურებაა, ალბათ. ამ ყველაფრის ამოკითხვა ისეთ განსხვავებულ გარემოშიც კი შესაძლებელია, როგორიცაა შვედეთის საბავშვო მწერლების სექციის საზეიმო სადილი.

სადილი ჩვენი, ანუ ქართველი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების პატივსაცემად გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შვედ საბავშვო მწერალს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, სად მდებარეობს საქართველო და ვინ ვართ ქართველები, ჩვენს სანახავად საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა.

სადილი სტოკჰოლმის ერთ-ერთ პარკში, განმარტოებით მდგარ ძველებურ შენობაში მოეწყო. აქ ძველისძველი დროიდან შემორჩენილი ბევრი ნივთი იყო, ზოგი რამ კი, მაგალითად, ნაქარგი თეთრი ფარდები, უბრალოდ, ძველებურს ჰგავდა.

შვედი საბავშვო მწერლები და ილუსტრატორები ნაციონალურ კერძებს მიირთმევდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. დროდადრო ქართველ კოლეგებთან საუბრის სურვილს გამოთქვამდნენ და თარჯიმნების დახმარებით შვედურ-ქართული დიალოგებიც იბმებოდა. ამ იდილიურ სიტუაციას  სახლის პატრონი ხანდახან ხმამაღალი სტვენით არღვევდა. საუბარი წყდებოდა და სახლის პატრონი დამსწრეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა. მაგალითად, იმას, რომ საპირფარეშო გვერდით ოთახში, მარცხნივაა. ან იმას, რომ სუფრა შვედურია, ანუ დამსწრეებმა თავად უნდა გადმოიღონ სასურველი კერძები ცალკე მდგარი მაგიდიდან…

სუფრა დათქმულ დროს დაიწყო და წინასწარ განსაზღვრულ დროს დასრულდა, შვედური პუნქტუალურობით.

გამომცემლობა, რომელშიც ასტრიდი მუშაობდა

გამომცემლობა raben&sjogren-ში, ისევე, როგორც მთელს შვედეთში, ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთშია გადახლართული. ძველი ნაგებობის დეტალები აქა-იქ ამ შენობაშიც გვხვდებოდა თვალში. გამომცემლობაში, საერთო ჯამში, რაღაცნაირი მყუდრო სიტუაცია იყო – სამსახურში კი არა, ვიღაცასთან სტუმრად იგრძნობდი თავს.

გამომცემლობის საბავშვო განყოფილებაში, ერთ დიდ ოთახში, სამუშაო ადგილებია საწერი მაგიდებითა და კომპიუტერებით. ამ სივრცის მცირე ნაწილი შუშის კედლებითაა შემოსაზღვრული, რომელიც თანამშრომლებისა და სტუმრების შეხვედრების ადგილია. ამ დიდი ოფისის ერთ-ერთ კუთხეში პატარა კარადა დგას. აი, ისეთი, ბიბლიოთეკის კარტოთეკა რომ არის. მასზე კი ასტრიდ ლინდგრენის სურათია. ბიბლიოთეკაში მისი სამუშაო ადგილი შემონახული არ არის. ის დღის პირველ ნახევარში სახლში მუშაობდა, დღის მეორე ნახევარში კი აქ, გამომცემლობაში, მოდიოდა და რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა.

სხვა ევროპული ქალაქებისგან განსხვავებით, სტოკჰოლმში უცხოური ანიმაციური  საბავშვო გმირებით გაფორმებულ წიგნებსა და სათამაშოებს ვერ ნახავთ. შვედებს თავიანთი საამაყო საბავშვო გმირები ჰყავთ, ისეთები, როგორებიც უშიშარი პეპი გრძელიწინდა ან მეოცნებე ბიჭუნა და კარლსონი იყვნენ, და ცდილობენ, თავიანთ ბავშვები მათთან დაამეგობრონ.

საბავშვო წიგნის ინსტიტუტი

მოწესრიგებული შვედები საბავშვო წიგნებსაც სრული სერიოზულობით უდგებიან. ჩვენი ვიზიტის ბოლო დღეს საბავშვო წიგნის ინსტიტუტში ჩვენს პატივსაცემად დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში ქართველებიდან მე (სანდრო ასათიანი), მაკა მიქელაძე და სოფო კინწურაშვილი ვმონაწილეობდით. ხოლო დისკუსიას ლილემორ ტორსტენსსონი (Lillemor Torstensson) უძღვებოდა.  ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო იმ ხალხის რაოდენობა, რომლებმაც, შვედეთისთვის მოულოდნელად კარგი ამინდის პირობებში, მზეზე სეირნობას ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არჩიეს.

This entry was posted in სხვა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s