ჩვეულებრივი სასწაულების ეპოქა


ერთხელ, დიდი ხნის წინათ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში, არქიმედე აბაზანაში ჭყუმპალაობდა და სრულიად მოულოდნელად ფიზიკის კანონი აღმოაჩინა, ანუ კანონი ამომგდები ძალის შესახებ სითხეებსა და აირებში. ახლა ამ კანონს უბრალოდ არქიმედეს კანონი ჰქვია. მაშინ კი,  აღმოჩენით აღფრთოვანებული არქიმედე, აბაზანიდან წამოხტა და ქუჩაში დედიშობილა გაიქცა, თან ყვირილით ამცნობდა თანამოქალაქეებს – ევრიკა! ევრიკაო, რაც ბერძნულად ვიპოვეს ნიშნავს. არქიმედეს კანონი და მისი წამოძახილი, რომელიც შემდგომში რაიმე აღმოჩენის დროს კმაყოფილების გამოსახატავად იხმარებოდა, უკვე კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

დღეს ვერ იპოვით რომელიმე უნივერსიტეტის ეზოში მორბენალ, აღმოჩენით გაცისკროვნებულ მეცნიერს. ვერც ჩაცმულს და მით უმეტეს, არქიმედესავით შიშველს. მყისიერი აღმოჩენების დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ყველაფერი გაცილებით პროზაულად არის, მეცნიერები ნაბიჯ-ნაბიჯ, მიდიან წინასწარ დასახული მიზნებისკენ და დიდი აღმოჩენები, როგორც წესი, წინასწარ დაგეგმილი ექსპერიმენტების ლოგიკური დაგვირგვინებაა ხოლმე. ამიტომაც, დღეს, მეცნიერებაში ესა თუ ის გადატრიალება თავიდანვე განსაზღვრულია და არქიმედეს დროისაგან განსხვავებით, ძალიან ხშირად, შეუიარაღებელი თვალით უხილავიც კი.

ხელოვნური სიცოცხლე

ბოლო დროს მედია აჭრელებული იყო ხმაურიანი სათაურებით: მეცნიერებმა შეძლეს ხელოვნური სიცოცხლის შექმნა, პირველად შეიქმნა ცოცხალი ბაქტერია სინთეზირებული დნმ-ით, სინთეტური უჯრედი და ა. შ.  ახალი უჯრედი, რომელსაც გენურმა ინჟინრებმა „Mycoplasma mycoides JCVI-syn1.0“ შეარქვეს, მათი თხუტმეტწლიანი მუშაობის შედეგი გახდა. ამ უსასრულოდ გრძელ ექსპერიმენტთა სერიას,  კრაიგ ვანტერი (Craig Venter) ხელმძღვანელობდა. რა თქმა უნდა, რიგი ექსპერიმენტებისა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ კრაიგ ვანტერის ინსტიტუტში (J. Craig Venter Institute) თავიდანვე ჰქონდათ განსაზღვრული მიზანი – ისეთი ბაქტერიის შექმნა, რომლის განვითარება და ფუნქციონირება, სრულად ადამიანის მიერ იქნებოდა დაპროგრამებული. ასეთი ბაქტერია სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა კიდეც და დაყოფით გამრავლება დაიწყო. მისი შთამომავლობაც ზუსტად ისეთი იყო და იმ თვისებების მატარებელი, როგორც ეს მეცნიერების მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული.

 

რა სარგებლობა შეიძლება მოიტანონ ადამიანის მიერ შექმნილმა ორგანიზმებმა

„ეს პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც სინთეტური დნმ-ი სრულად აკონტროლებს უჯრედს“ – განაცხადა კრაიგ ვანტერმა. მას მიაჩნია, რომ უკვე შესრულებული სამუშაო კაცობრიობას საშუალებას  მისცემს შექმნან უჯრედები, რომლებიც სასარგებლო ფუნქციებს შეასრულებენ. ასეთ უჯრედებს შეეძლებათ მედიკამენტების, ან სულაც საწვავის სინთეზირება. „მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ახალ საწარმოო რევოლუციამდე მიგვიყვანს“ – დაამატა მეცნიერმა.

აბა თავად წარმოიდგინეთ, მაგალითად, ბაქტერია, ან სულაც ადამიანის მიერ შექმნილი რთული ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც  პოლიეთილენით იკვებება და თავისი სასიცოცხლო ციკლის ფარგლებში, ეკოლოგიურად სუფთა საწვავს შარდავს. ამით ხომ ბუნებისთვის საზიანო  პოლიეთილენიც გადამუშავდება და საჭირო საწვავიც შეიქმნება. ან კი სულაც შეიძლება ყველა ცხოველთა დამცველის ოცნება ასრულდეს. ანუ, გამოიგონონ ისეთი ბაქტერია, რომელიც ხორცს აწარმოებს. ანუ ცხოველის მოკვლა კი აღარ იქნება საჭირო, არამედ ანტრიკოტი პირდაპირ კოლბაში გაიზრდება. სანამ ეს ფანტასტიკური ოცნებები ხორცს შეისხამს, კრაიგ ვანტერი საკმაოდ პრაგმატულად უდგება თავის მიღწევას. მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ უკვე გააფორმა კონტრაქტი  Exxon Mobil Corp. – თან წყალმცენარეების გამოგონებაზე, რომლებიც ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ამის შედეგად საწვავს აწარმოებენ. კონტრაქტის ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენს.

საავტორო უფლებები ცოცხალ ორგანიზმებზე

„The Wall Street Journal“-ი წერს: „იმისთვის, რომ ეს ახალი ბაქტერია და ყველა მისი შთამომავალი ბუნების ქმნილებებისგან გამოეყოთ, ვერნერმა და მისმა კოლეგებმა მის გენომში თავისი სახელები ჩაწერეს და ამის გარდა, იქვე ჯეიმს ჯოისის სამი ციტატაც მიაწერეს. ეს „დამცავი ნიშნები“ მომავალში მეცნიერებს მიკროორგანიზმებზე საავტორო უფლებების დაცვაში დაეხმარებათ“.

ყველაფერი არც ისე მარტივად არის

მაგრამ, რიგი მეცნიერებისა პოტენციური საშიშროების შესახებ გვახსენებენ. ვინაიდან არავინ არ იცის რა მოხდება, როდესაც სინთეტური ორგანიზმები ბუნებაში მოხვდებიან. ამის შესახებ კერძოდ ჰელენ უოლესი (Helen Wallace) საუბრობს GeneWatch UK–იდან, ორგანიზაციიდან, რომელიც გენეტიკაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება.

„დაბინძურებულ გარემოში ხელოვნური ბაქტერიების გამოშვებით, ამ გარემოს დასუფთავების მიზნით ჩვენ რეალურად ახალ დამაბინძურებელს ვუშვებთ “. „იგი არ არის ღმერთი – აგრძელებს  ჰელენ უოლესი, როდესაც კრაიგ ვანტერ-ზე საუბრობს, – იგი, უბრალოდ ადამიანია, რომელსაც გარკვეულ ტექნოლოგიაში ჩადებული ფულიდან მოგების მიღება სურს “. თავად კრაიგი კი მუდამ აცხადებს, რომ იგი ყოველთვის მზად არის ღია დისკუსიისთვის სინთეტური ბიოლოგიის ეთიკურობის ირგვლივ.

This entry was posted in მეცნიერება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s