Facebook ანუ „პირწიგნაკი“


კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება ერთ ზღაპარს მაგონებს. ერთ ქალაქს ბოროტი გველეშაპი მართავდა. მერე, რა თქმა უნდა, კეთილი რაინდი გამოჩნდა და გველეშაპს შეებრძოლა. როგორც წესია და რიგი, რაინდმა გველეშაპი დაამარცხა. დაამარცხა და მისი ადგილი დაიკავა. უნდოდა ქალაქი სამართლიანად ემართა, მაგრამ ნელ-ნელა თავად გადაიქცა გველეშაპად. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ისტორიიდანაც უამრავი პარალელის მოძიებაა შესაძლებელი. არსებობენ უზარმაზარი მდიდარი კორპორაციები, რომლებიც კომპიუტერული პროგრამებისა და რესურსების ბაზარს მართავენ. მერე, რაიმე ახალი პროგრამა ან რესურსი ჩნდება, რომელიც, რომელიმე ნიჭიერი ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის დაუღალავი შრომის ნაყოფია. ამ კომპიუტერულ პროგრამას დიდი კორპორაციების მიერ შექმნილი პროდუქტების ალტერნატივად აღიქვამენ და მას ყველა სიხარულით ხვდება. შემდეგ ეს პროგრამა სულ უფრო პოპულარული ხდება,  ძალას იკრეფს, მისი შემქმნელები სულ უფრო მდიდრდებიან და მერე ეს რესურსი იგივეს სჩადის, რასაც დიდი კორპორაციები აკეთებენ. ცდილობს არ მისცეს გასაქანი კონკურენტებს. მაქსიმალურად გაფართოვდეს და მთელი ბაზარი დაიკავოს. ასეთია კომპანია მაიკროსოფტი, ასეთია საძიებო სისტემა „გუგლი“, რომლის დევიზიც, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არის – „არ ავნო სხვას“. და ასეთია სოციალური ქსელი Facebook-იც.

ამ სოციალური ქსელის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს (Mark Elliot Zuckerberg) საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მას სურს, რომ მისმა რესურსმა, Facebook-მა მთელი ინტერნეტი შთანთქოს. მისთვის მიზანი სავსებით ნათელია. თუკი აქამდე ადამიანთა უმრავლესობა ინტერნეტში მოგზაურობას საძიებო სისტემა Googlе-ს მთავარი გვერდიდან იწყებს. მარკს სურს, რომ მომავალში ყველა ვინც კი ინტერნეტს მოიხმარს ეს Facebook-ის დახმარებით გააკეთოს.

„პირწიგნაკი“

თავიდან ყველაფერი უბრალოდ გართობას ჰგავდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა (Mark Elliot Zuckerberg), 2004 წელს თავის მეგობრებთან ერთად ინტერნეტ გვერდი შექმნა. ამ გვერდის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ მეგობრების ფოტოები დაეთვალიერებინათ, ერთმანეთში შეტყობინებები გაეცვალათ. ახალ-ახალი ამხანაგები გაეჩინათ და მათ ფოტოებსა და ჩანაწერებზე კომენტარები დაეტოვებინათ. ერთი შეხედვით, ამ მარტივმა საიტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. ცოტა ხანში მარკ ცუკერბერგი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა აიკლეს თავიანთი წერილებით. ისინი სთხოვდნენ მას, რომ თავადაც ჰქონოდათ საშუალება ფეისბუქით ესარგებლათ. შემდეგ Facebook-ი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ხარჯზე ფართოვდებოდა. ხოლო 2006 წელს მასში დარეგისტრირების საშუალება ნებისმიერ 13 წელს გადაცილებულ ადამიანს მიეცა.

ბოლო მონაცემებით Facebook-ი ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელია. მან უკვე დიდი ხანია გაუსწრო ერთ-ერთ თავის მსხვილ კონკურეტს Myspace-ს, რომელიც 2005 წელს მედია მაგნატმა, რუპერტ მერდოკმა 580 მილიონ დოლარად შეიძინა. დღეს Facebook-ს 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ფეისბუქის ოფიციალურმა მოგებამ 2009 წელს 700 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

იცნობდეთ – მარკ ცუკერბერგი

ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი (Mark Elliot Zuckerberg) დღეს 26 წლისაა. ის ჯერ კიდევ 23 წლის იყო, როდესაც თავისი ქმნილების წყალობით ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა.

რამდენიმე წლის წინათ, მარკ ცუკერბერგმა New York Times-ის გამომცემლისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, არტურ ზულცბერგერის კუთვნილი თვითმფრინავით იმგზავრა. მაშინ ფეისბუქის შემქმნელმა, თვითმფრინავზე ოცი წუთით დააგვიანა. მას სპორტული შორტები და „შლიოპანცები“ ეცვა.  მგზავრობის განმავლობაში New York Times-ის გამომცემელი და მარკი მასმედიის მომავალზე საუბრობდნენ. მსგავსი განსხვავებული შეხედულებების მქონე ორი ადამიანის პოვნა, ალბათ, ძნელი იქნებოდა. მგზავრობის დასასრულს ერთ-ერთი ჟურნალისტი New York Times-ის გამომცემელს გაესაუბრა. გამომცემელმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ Facebook-ის დამფუძნებელი მართალია ჭკვიანია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა. და ყველაფერთან ერთად, ძალიან, ძალიან იღბლიანიც. მერე კი დაამატა, რომ ეს ახალი მოდული ინტერნეტ გართობები მალე გაივლისო. ამ საუბრიდან ერთი წლის შემდეგ New York Times-ის აქციებმა საგრძნობლად დაიკლო ფასში. ხოლო ფეისბუქის მოგებამ არანაკლებ საგრძნობლად მოიმატა.

ყველაფერი არც ისე მშვენივრად არის

ცნობილია, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას უთმობს ახალ მედიებსა და სოციალურ ქსელებს. მიუხედავად ამისა, ბარაკ ობამამ ამირიკელ სკოლის მოსწავლეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ერთმა თინეიჯერმა პრეზიდენტს ჰკითხა – რა რჩევას მისცემდითო მას, ვისაც პრეზიდენტობა სურსო. რაზეც ბარაკ ობამამ უპასუხა:

„პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილით მოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში, ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით წინ დაგხვდეთ.“

„როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც კი სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, პრობლემები შექმნიათ.“

ამერიკის პრეზიდენტი პიროვნების კომპრომენტირებაზე საუბრობდა, მაგრამ ხანდახან საქმე კიდევ უფრო რთულად არის ხოლმე.

განგაშის ღილაკი

უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი Facebook-ში განგაშის ღილაკის განთავსებაზე. ერთ-ერთი ბოლო ისტორია, რომელმაც ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახადა, გაზაფხულზე მოხდა. მაშინ მანიაკმა, პიტერ ჩეპმენმა  Facebook-ის საშუალებით 17 წლის ეშლი ჰოლი გაიცნო. პიტერ ჩეპმენმა თავი თინეიჯერად წარადგინა და გოგონას შეხვედრაზე შეუთანხმდა, შემდეგ კი გააუპატიურა და მოკლა.

როგორც ჩანს, პიტერ ჩეპმენი სანამ თავის მსხვერპლს იპოვიდა, სხვასაც გაუბა საუბარი, უბრალოდ, სხვები დროულად მიხვდნენ, რომ რაღაცაშია საქმე და აღარ განაგრძეს მანიაკთან ურთიერთობა. Facebook-ს განგაშის ღილაკი რომ ჰქონოდა, მაშინ ჩეპმენის მოსაუბრეები ამ ღილაკის საშუალებით შეატყობინებდნენ სხვა მომხმარებლებს, რომ უკეთესია ამ პიროვნებას მოერიდოთო. და თუკი ასეთი შეტყობინებები ბევრი იქნებოდა, მაშინ შეიძლება ამ საქმით პოლიციაც დროულად დაინტერესებულიყო.

ასეა თუ ისე, Facebook-მა არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და სამართალდამცავი ორგანოების ზეწოლის მიუხედავად, კვლავ უარი განაცხადა საგანგაშო ღილაკის განთავსებაზე. „ბავშვთა ექსპლუატაციისა და ინტერნეტ ძალადოობისგან დაცვის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ გემბელმა განაცხადა, რომ იგი შეხვდა Facebook-ის ხელმძღვანელობას ვაშინგტონში, თითქოს საუბარი სწორი მიმართულებით მიდიოდაო, მაგრამ საბოლოოდ, შედეგი მაინც მიუღწეველი დარჩა.

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s