მოგზაურობა წარსულში


ყოველი ახალი აღმოჩენის შემდეგ ჩვენი სამყარო თითქოს კიდევ უფრო დიდი და რთული ხდება. რაც უფრო წინ მიდის კაცობრიობა მით უფრო შორს ვიხედებით ჩვენს მომავალში. მომავლისკენ დაუსრულებელ მოძრაობაში, წარსულის შესახებაც უფრო მეტს შევიმეცნებთ. მაგალითად, სულ რაღაც ასი წლის წინათ, ჩვენი ცოდნა, გარდასულ დღეთა შესახებ, გრანდიოზულ ნაგებობათა ნანგრევებით და ნახევრად მითოლოგიზირებული ისტორიებით შემოიფარგლებოდა. ამასთანავე, თითქმის არაფერი ვიცოდით პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების შესახებ. არადა, ჩვენი შორეული წინაპარი, გარდა იმისა, რომ ყოველდღიური გადარჩენისთვის იბრძოდა, კიდევ გამოქვაბულის კედლებზე ხატვასა და ათასგვარი სამკაულების კეთებისთვისაც პოულობდა დროს. დღეს, წინ სიარულის პარალელურად, სულ უფრო და უფრო ღრმად ვეფლობით ჩვენს წარშულში.

დაშიფრული გზავნილები

სამყარო ჩვენს ირგვლივ უამრავი მინიშნებებითა და დაშიფრული გზავნილებით არის სავსე. თითქოს მან, ვინც ეს სამყარო შექმნა, უამრავი „შპარგალკა“ დაგვიტოვა იმისთვის, რომ ცივილიზაციისაკენ მიმავალი გზა სწორედ გაგვევლო. აი, მაგალითად, ყველა ცოცხალი არსება უჯრედებისგან შედგება. უჯრედებს კი, თავის მხრივ, გენები აქვთ, ანუ პატარა ინფორმაციის სათავსო, რომელშიც  ამა თუ იმ ცოცხალი ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირების გეგმაა ჩადებული. მაგალითად, სპილოც და მწვანე ფოთოლიც უჯრედებისაგან შედგება. უბრალოდ, ფოთლის უჯრედების გენებში სხვა რამ არის ჩაწერილი, სპილოსაში კი სხვა. ამიტომაც, ფოთოლი ფოთლად იზრდება, სპილო კი სპილოდ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე უჯრედების დაყოფის ხარჯზე ვითარდება.

გენები ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა და შესაბამისად, სპილოს შვილი კვლავ სპილოა, მისთვის დამახასიათებელი მემკვიდრეობით.

გაშიფრული ჩანაწერები

თავისი განვითარების რაღაც ეტაპზე კაცობრიობამ აღმოაჩინა, რომ ცოცხალ არსებებში მემკვიდრეობით მიღებულ თვისებებზე ერთი კონკრეტული ფუნქციური ელემენტია პასუხისმგებელი, რომელსაც გენი დაარქვეს. შემდეგ დაიწყო მცდელობები გენეტიკური კოდის გაშიფვრისა, ანუ იმისა, თუ გენის რომელი შემადგენელი ნაწილია პასუხისმგებელი, ამა თუ იმ კონკრეტულ თვისებაზე. ყველაზე დიდი უცნაურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ გენეტიკური კოდის გაშიფვრა იმავე მეთოდებით მოხდა, რომელთა საშუალებითაც ადამიანები ამა თუ იმ ტექსტებს შიფრავენ. ამაზე საუბრობს ქართველი ენათმეცნიერი, თამაზ გამყრელიძე. თავის სტატიაში („არაცნობიერი“ და იზომორფიზმი გენეტიკურ კოდსა და სემიოტიკურ სისტემებს შორის).

თითქოს, ვიღაცამ უბრალოდ დაუწერა ცოცხალ ორგანიზმებს თავიანთი ფუნქციონირების გეგმა, თან იგივე პრინციპების გამოყენებით, როგორც ჩვენ, ადამიანები, ვინახავთ ხოლმე ინფორმაციას. ხოლო შემდგომ ამ ორგანიზმებმა ეს გეგმა თავიანთი პირადი გამოცდილებითა და შეძენილი თვისებებით გაამდიდრეს და თაობიდან თაობამდე გადასცეს. ამგვარად განვითარდა ბიოლოგიური მრავალფეროვნება ჩვენს პლანეტაზე. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ამ ჩანაწერების წაკითხვა ისევეა შესაძლებელი, როგორც ამა თუ იმ ენაზე დაწერილი ტექსტების.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები

ყველას გაგვიგია ეს ტერმინი – გენმოდიფიცირებული პროდუქტები, მაგრამ ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა, რას ნიშნავს ეს. სათქმელად და განსამარტად ყველაფერი ძალიან მარტივია. თეთრხალათიანმა ბიოინჟინრებმა აიღეს ესა თუ ის მცენარე, მაგალითად, სიმინდი. გაშიფრეს მისი გენი, და სასურველი ცვლილებები ჩაატარეს, ანუ  მცენარის ფუნქციონირების პროგრამა შეცვალეს. რომელიღაც კონკრეტული დაავადების მიმართ მდგრადობა გაზარდეს, ან მოსავლიანობის კოეფიციენტი ხელოვნურად მოუმატეს. გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოწინააღმდეგენი იმას ამბობენ, რომ ეს ცვლილებები კი ზრდიან მოსავლიანობას, მაგრამ ამის პარალელურად შეიძლება ორგანიზმისთვის საზიანო თვისებებიც აღმოაჩნდეს. ვინაიდან გენებში ჩადებული ინფორმაცია ჯერ სრულად არ არის გაშიფრული.

რას გვიყვებიან გენები

ცოტა ხნის წინ სამეცნიერო ჟურნალებში ერთი ექსპერიმენტის შედეგებს განიხილავდნენ. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მცხოვრებ ებრაელთა დიასპორების წარმომადგენლებს გენური ანალიზი ჩაუტარდათ. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მსოფლიოში, მრავალი საუკუნის წინათ გაბნეული ერი, დღესაც ინარჩუნებს ერთიანობას გენეტიკურ დონეზე და რომ  მანძილების  მიუხედავად, მათ გაცილებით მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან, ვიდრე მათ გვერდზე მცხოვრებ ხალხებთან.

ადამიანის შორეული, შორეული, შორეული წარსული

ადამიანის გენებში ჩაშიფრული ინფორმაცია უამრავ საინტერესო ჩანაწერს შეიცავს. მაგალითად, გენური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მთელი კაციობრიობა ერთი პატარა ჯგუფის შთამომავლები ვართ, რომელიც აფრიკის კონტინენტიდან წამოვიდა და დღეს მთელ პლანეტაზე სახლობს.

ზოგიერთი მეცნიერი კიდევ უფრო თამამ განცხადებასაც აკეთებს, ანუ, გენური ანალიზის საფუძველზე ამტკიცებს, რომ მთელი კაცობრიობა ერთი დედის შვილები ვართ.

გენური ანალიზი ხელმისაწვდომ ფასებში

გენური ანალიზის საფუძველზე უამრავი რამის გაგებაა შესაძლებელი, თითოეული ადამიანის წარმომავლობაზე და მის წინაპრებზე. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა და ამიტომ ჯერჯერობით ყველას როდი შეუძლია თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. თუმცა ინტერნეტში უკვე გაჩნდა შესაბამისი განცხადებები. მაგალითად,  გარკვეულ მისამართზე აგზავნით თქვენს თმის ღერს და საკმაოდ მოკრძალებული საფასურის სანაცვლოდ, მოგივათ თქვენი გენური ანალიზის პასუხი. თუმცა ჯერჯერობით ამ სერვისის ფასი საეჭვოდ დაბალია. მაგრამ ტექნოლოგიური პროგრესი წინ მიაბიჯიბს და, ალბათ, მომავალში ადამიანები იმის ნაცვლად, რომ მომავალში ჩაიხედონ, იმკითხაონ თუ რა მოხდება მათ ცხოვრებაში, წარსულში ყურებით გაერთობიან.

This entry was posted in მეცნიერება and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s