სოციალური ქსელები – კარგად დავიწყებული წარსული


ერთობ თავშესაქცევი რამ არის შორეულ წარსულში პარალელების მოძიება. თუკი ადამიანი ძალიან გაერთე ამგვარი საქმიანობით, ისეთი შთაბჭდილება გექმნება, რომ თითქოს არც არაფერი იცვლება და საერთოდ, შეუძლებელია რამე ახალი მოიგონო კაცმა. მაგრამ, მეორე მხრივ, კაცობრიობა ხომ წინ მიდის და შესაბამისად, სულ ახალ-ახალი ტექნოლოგიები მკვიდრდება ჩვენს ირგვლივ. ერთი შეხედვით ძნელად წარმოსადგენია რა პარალელი შეიძლება მოუძებნო ადამიანმა, მაგალითად, ბლოგებსა და სოციალურ ქსელებს. მაგრამ, როგორც ჩანს, იმასაც კი, რაც შორეულ წარსულში ცალსახად, თანამედროვეობის პროდუქტად აღიქმება, ყველაფრის მიუხედავად,  პროტოტიპები ჰქონია. და გამოთქმას „ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო“ ერთობ მოულოდნელი კუთხით მოეძებნება ხოლმე გამართლება.

ვულკანის ფერფლით დაფარული ქალაქი

ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს, რომის იმპერიაში შემავალი ქალაქი, პომპეი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. მერე კი, ერთ არც ისე მშვენიერ დღეს, ქალაქთან ახლოს ვულკანი ამოიფრქვა და პომპეი ფერფლით დაიფარა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ქალაქის მოსახლეობამ ვერც კი მოასწრო  სახლების დატოვება. თითოეული ნივთი, საგანი, პრაქტიკულად მთელი ქალაქი, მყისიერად აღმოჩნდა ფერფლის ქვეშ. მრავალი საუკუნის განმავლობაში ბუნების მიერ კონსერვირებული ქალაქი არავის გახსენებია. პომპეის დიდი ხნის მერე, მხოლოდ  XVIII საუკუნეში დაუბრუნეს სიცოცხლე. თავად წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს ანიჭებს საუკუნეების განმავლობაში, ხელუხლებლად შემონახული ქალაქი სხვადასხვა სახის მკვლევარებს. ამ მკვლევართა შორის რებეკა ბენეფიელიც არის (Rebecca Benefiel). იგი ვაშინგტონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობს (Washington and Lee University).  მისი ნაშრომი პომპეის კედლებზე დატოვებულ წარწერებსა და გამოსახულებებს შეეხება. ერთი სიტყვით, ანტიკურ გრაფიტის.

რებეკა ამტკიცებს, რომ კედლის წარწერები ანტიკური ხანის მარგინალების თავშესაქცევი არ ყოფილა. კედლებზე წერით საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები იქცევდნენ თავს, ღარიბები, მდიდრები, მონები თუ თავისუფალი მოქალაქეები. კედელზე წერა, როგორც ჩანს, გასაკიცხ საქმედ არ ითვლებოდა. თავისი თეზისების დასამტკიცებლად, რებეკას პომპეის ერთ-ერთი წარჩინებული მოქალაქის ოთხსართულიან ვილაში ნაპოვნი წარწერები მოჰყავს. სახლის კედლებზე გრაფიტი საკმაოდ კარგად იკითხება. სასტუმრო ოთახში მეგობრებმა პატრონს კეთილი სურვილები მიუძღვნეს. სახლის შიდა კიბეების კედლებზე პოეტური ტაეპები იკითხება, როგორც ჩანს, აქ პოეტურ პაექრობას ჰქონდა ადგილი.

წარწერები იყო აღმოჩენილი სამზარეულოში, მსახურთა ოთახებში და ქალაქ პომპეის სხვადასხვა კუთხეშიც:

ერთ-ერთ ჭიშკართან ასეთი წარწერაა: „მარკუსს უყვარს სპენდუზა“;

პინარიას სახლის ატრიუმთან: „თუკი ვინმეს არ სწამს ვენერასი, მან უნდა ნახოს ჩემი შეყვარებული“;

კაპრისიუს პრიმუსის სახლში: „არ გავყიდდი ჩემს ქმარს მთელი მსოფლიოს ოქროზე“;

ვერუსის სახლში, სახლის ორ კარს შორის: „სეკუნდუსი გამარჯობას ეუბნება თავის მეგობრებს“;

თეატრის ერთ-ერთ გასასვლელში: „მეტეს, კამინიუსის მონას, უყვარს კრესუსი. დაე ვენერამ, პომპეის მფარველმა, დაიფაროს ისინი და მათი ცხოვრება ჰარმონიული ყოფილიყოს“;

თეატრების ქუჩაზე: „ჩემი მაღაზიიდან გაქრა პატარა ქვაბი. ვინც მას დამიბრუნებს 65 სესტერციას ვაჩუქებ. კიდევ 20 მიიღებს ის, ვინც მომაწოდებს ინფორმაციას ქურდის შესახებ“;

წარწერები კედლებზე დღესაც საკმაოდ კარგად იკითხება, რაც იმას მოწმობს, რომ თავის დროზე, ამგვარ თვითშემოქმედებას არავინ ებრძოდა. მკვლევარის მტკიცებით, ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პომპეის ქუჩები ერთგვარ განცხადებათა დაფებს წააგავდა, რომლებზეც პომპეის მოქალაქენი ერთგვარი „ინტერაქტიული თამაშით“ ირთობდნენ თავს. თანაც ამ თამაშში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა მოქალაქეთათვის.

ანტიკური ფეისბუქი

დამეთანხმებით, ალბათ, რომ პომპეის მოქალაქეთა ეს თავშესაქცევი ნამდვილად ჰგავს ფეისბუქს. როგორც ცნობილია, ფეისბუქის პერსონალურ გვერდს, სადაც ყველა შეტყობინება და ფოტო იყრის თავს, კედელი (wall) ჰქვია. ამგვარად, ფეისბუქში, ისევე, როგორც ძველ პომპეიში, მომხმარებლები თავის ან მეგობართა კედლებზე ტოვებენ წარწერებს. ზოგი წარწერა ყოველგვარ კონტექსტს არის მოკლებული. ზოგის ავტორი რაღაცას ეძებს ან ვინმეს რჩევა სჭირდება ხოლმე. ხანდახან ვირტუალურ კედლებზე პოლემიკის მომსწრენიც ვხდებით.

როგორც თავად ხედავთ, რაც არ უნდა შექმნას კაცობრიობამ, როგორიც არ უნდა იყოს პროგრესი, ჩვენ ისევ ჩვენი ადამიანური სურვილების გარემოცვაში ვიარსებებთ. და ახალი, ყოველთვის კარგად დავიწყებული ძველი იქნება.

This entry was posted in SocialMedia and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s