ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში


რა არის ხელოვნება ?

ოდესღაც ხელოვნება არ არსებობდა. მაგრამ არსებობდნენ ადამიანები, რომელნიც ატარებდნენ სამკაულებს, მღეროდნენ, ცეკვავდნენ ველურ ცეკვებს – ეს ყველაფერი უხვად იყო, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, რომ იმას, რასაც აკეთებდნენ, ხელოვნება ერქვა, რადგან ყველაფერი ერთი დიდი წარმოდგენის ნაწილი იყო. ამ უზარმაზარ წარმოდგენას ცხოვრება ერქვა. იმ შორეულ წარსულში არ არსებობდნენ მხატვრები, მოქანდაკეები, მომღერლები, მოცეკვავეები… ადამიანები ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ისინი ერთდროულად წარმოდგენის მონაწილეები, ანუ მსახიობები იყვნენ და ამავე წარმოდგენის მაყურებლებიც.

შეიძლება ვიღაცამ გაიფიქროს, ვინ რა იცის რა ხდებოდა ადრეო, უამრავი წლის წინო. არქეოლოგები კი პოულობენ რაღაც-რაღაც უძველეს ნივთებს, მაგრამ, ჩვენი ესოდენ შორეული წინაპარი ხომ არ წერდა წიგნებს, მას იმ შორეულ წარსულში ჯერ დამწერლობაც არ ჰქონდა, რომ ჩვენთვის დაეფიქსირებინა რა და როგორ იყო მოწყობილი მაშინ. მაგრამ იმდროინდელი რეალიების დადგენა პარალელების საშუალებით ხორციელდება. დღესაც შემორჩნენ ჩვენს პლანეტაზე ცალკეული ტომები, რომლებიც ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორც ჩვენი შორეული წინაპრები. ზუსტად მათი შესწავლით და პარალელების გავლებით ხდება პირველყოფილი ადამიანების ცხოვრების წესის დადგენა.

მოკლედ, როგორც ჩანს, თავიდან ხელოვნება არ არსებობდა და შესაბამისად, არც ხელოვანები არსებობდნენ. მერე ის, რასაც დღეს ხელოვნებას ვუწოდებთ, სულ უფრო და უფრო ინტეგრირდებოდა რელიგიურ კულტთან. დღეს, მაგალითად, ეგვიპტურ ხელოვნებას უამრავი ხელოვნებათმცოდნე სწავლობს. მაგრამ ის, რასაც თანამედროვე ხელოვნებათმცოდნეები  ეგვიპტურ ხელოვნებაზე ფიქრობენ, არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რასაც თავად ეგვიპტელები ფიქრობდნენ თავიანთ ნახელავზე. მათთვის ის, რასაც ქმნიდნენ, კონკრეტული მნიშვნელობის მატარებელი იყო. ყველაფერს კულტი განსაზღვრავდა. ამა თუ იმ ნამუშევრის ზომას, ფიგურების ადგილმდებარეობას, მათ მონაცვლეობას. თანაც, რაც დღევანდელ დღემდე შემოგვრჩა ეგვიპტელებისაგან, როგორც წესი, დაფარული იყო უცხო თვალისაგან. ანუ ეს ყველაფერი არასოდეს არავის არ უნდა ენახა ღვთაებებისა და ღმერთების გარდა, რადგან უბრალო მოკვდავთათვის დამალული იყო.

დრო მიდიოდა და ბერძნებმა, რასაც ეგვიპტელები ასე სათუთად მალავდნენ,  საყოველთაო საჩვენებლად აქციეს. ბერძნული ქანდაკებები უკვე უბრალო მოკვდავთათვის ჩაკეტილ ტაძრებში და სამარხებში კი არ იყო დამალული, არამედ ტაძრების შესასვლელებს და მოედნებს ამშვენებდნენ. უფრო მეტიც, ეს ქანდაკებები ხანდახან უბრალო მოკვდავებსაც გამოსახავდნენ. მაგრამ ხელოვნება თანამედროვე გაგებით, არც საბერძნეთში არსებობდა. ეს უფრო ხელობა (Τέχνη – ტეხნე) იყო ვიდრე ხელოვნება. ანუ ძველი ბერძენი ხელოვანი თავისი ოსტატობით ფასობდა და არა შთაგონებით.

მერე კი აღორძინების ხანის დასაწყისში ხელოვნების ნიმუში ავტონომიურ ობიექტად გადაიქცა. გაჩნდა ნახატის ჩარჩო. მანამდე, ნახატი, როგორც წესი, კედელზე იხატებოდა. რომაელები კი უხატავდნენ ზოგჯერ კედელზე დახატულ ნახატებს ჩარჩოებს, მაგრამ ეს მაინც სიმბოლური ჩარჩო იყო, რადგან კედლის მხატვრობას სხვაგან ვერ გადაიტან. ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა და ეს ადგილი ამ დრომდე წინასწარ იყო განსაზღვრული. ახლა კი ჩარჩოში ჩასმული ნახატები გაჩნდა, რომელიც სადაც გინდა იქ  შეგეძლო დაგეკიდა. მაგალითად, იქ, სადაც უფრო მოუხდებოდა შენს სასახლეს.

დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ხელოვნებისადმი ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს ცივილიზებულ სამყაროშია გაბატონებული. არსებობს ხელოვანი, იგი რაღაცას ქმნის. მერე გალერეა გამოფენას აწყობს. ამ გამოფენაზე მოდიან მოწესრიგებული დამთვალიერებლები. ისინი გულმოდგინედ ათვალიერებენ და ესთეტიკურ ტკბობას განიცდიან. იქმნება იდილიური სურათი, ერთ მხარეს დგას დამთვალიერებელი, მეორე მხარეს კი, ხელოვნების ნიმუშია. კავშირი ხელოვნების ნიმუშსა და დამთვალიერებელს შორის, მხოლოდ გამოფენაზე არსებობს. მერე კი დამთვალიერებელი სახლში ბრუნდება. ხელოვნების ნიმუშს კი, ან რომელიმე მუზეუმი ყიდულობს, ან კერძო კოლექციონერი, რომლისთვისაც ხშირად ხელოვნება კარგი კაპიტალდაბანდებაა. ანუ თუკი ადრე, ოდესღაც, ხელოვნება ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, დღეს ის ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ იქცა. და თუკი ხელოვნების, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი, ყველასთვის გასაგები კრიტერიუმები იარსებებს, მაშინ ხელოვნების ნიმუშის შეფასებაც ადვილი იქნება და ხელოვანთა დამსახურებების შესაბამისად დაფასებაც.

ბოლო საუკუნის განმავლობაში გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ხელოვნება კვლავ ადამიანის ცხოვრების ნაწილად ექციათ. დაენგრიათ ის ბარიერი, რომელიც დროთა განმავლობაში ხელოვნების ნიმუშსა და ადამიანს შორის გაჩნდა. ამიტომაც აღმოცენდა უამრავი ახალი მიმდინარეობა, რომლებშიც თავად დამთვალიერებელი ხელოვნების ნიმუშის ნაწილია. გაჩნდა ექსპერიმენტული ხელოვნება.

სექტემბრის მეორე ნახევარში ბათუმი მეტად უჩვეულო სანახაობის არენად გადაიქცევა. ბათუმში, ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, ხელოვანთა გაერთიანების Black/North SEAS ჯგუფის წევრები ჩამოდიან, დაახლოებით 30 ადამიანი. 13-21 სექტემბერს SEAS ჯგუფი სტამბულიდან ბათუმამდე იმოგზაურებს. გზად სპონტანური გაჩერებებია დაგეგმილი. რომლებზეც წარმოდგენილი იქნება ფილმები, ვორქშოფები, პრეზენტაციები. ეს იქნება ცოცხალი და უშუალო კონტაქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან. ხოლო 21-26 სექტემბერს SEAS და ბათუმის დრამატული თეატრის თაოსნობით, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფაქტობრივად, მთელი ქალაქი ერთ დიდ საგამოფენო სივრცედ გადაიქცევა. პერფორმანსი, ინსტალაცია,  ვიდეო არტი, ქანდაკება, თეატრი, ელექტრო-აკუსტიკური ოპერა პერფორმანსი და კიდევ სხვა უამრავი სანახაობა, რომლებშიც თავად მაყურებელიც ხელოვნების ცოცხალი პროცესის ნაწილი იქნება. ამ ფესტივალზე არ იქნება გავლებული საზღვარი მაყურებელსა და დამთვალიერებელს შორის. ყველანი ერთი დიდი წარმოდგენის მონაწილენი იქნებიან.

P.S. დამატებითი ინფორმაციის მოძიება SEAS საიტზეა შესაძლებელი: http://seas.se

ხელოვნება (britanika.com)
ვიზუალური ობიექტი ან განცდა (გამოცდილება, პროცესი) შექმნილი შეგნებულად ოსტატობისა და წარმოსახვის საშუალებით. ტერმინი – ხელოვნება მოიცავს სხვადასხვა მედიებს, ისეთებს როგორიცაა – ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, დეკორატიულ -გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია და ილუსტრაცია და სხვა…

This entry was posted in ხელოვნება and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s