ირანის ბითვული ობიექტები დავირუსებილია


თითქმის ყველაფერს, რასაც ადამიანი ქმნის, ცდილობს, ადამიანისავე თვისებები მიანიჭოს. ნახატებში, ლიტერატურაში, ფილმებში და განსაკუთრებით მულტფილმებში ხშირად ვხვდებით ჩვეულებრივ ნივთებს, რომლებიც ადამიანების თვისებებით არიან დაჯილდოებულნი.

თავად ადამიანი სულაც არ არის იდეალური ქმნილება და ამიტომ მის მიერ შექმნილ მექანიზმებს კარგი თვისებებიც გადაეცემა მისგან და არც ისე კარგებიც.

ასე მოხდა ვირუსების შემთხვევაშიც. ვირუსი ცოცხალ არსებას რომ შეიძლება შეეყაროს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ, ჩვენ უკვე იმასაც შევეგუეთ, რომ პერსონალური კომპიუტერიც შეიძლება დაგვიავადდეს. და რა არის კომპიუტერული ვირუსი?

კომპიუტერული ვირუსი

კომპიუტერული ვირუსი არის პროგრამა, რომელსაც შეუძლია თავისი თავის კოპირება და ამგვარად კომპიუტერის ინფიცირება. ასეთი პროგრამები ხშირად კომპიუტერს რაიმე სახის ზიანს აყენებენ, მათ კომპიუტერის პროგრამულ კოდში დესტრუქციული ცვლილებები შეაქვთ, რომელთა შედეგად ზიანდება კომპიუტერი ან მომხმარებლის მონაცემები. თუმცა არსებობს ისეთი ვირუსებიც, რომელთაც სახუმარო განცხადებები გამოჰყავს კომპიუტერის მონიტორზე. ვირუსები, როგორც წესი, კომპიუტერული ქსელების ან კი ინფორმაციის გადამტანი მოწყობილობების (CD, DVD, FlashDrive და ა. შ.) საშუალებით  „მრავლდება“. თუმცა ვირუსის გააქტიურებას თავად მომხმარებალი ახდენს, დაინფიცირებული ფაილის ან პროგრამის გაშვებისას.

ხშირად ტერმინით, კომპიუტერული ვირუსი, ყველა ტიპის დესტრუქციულ, მავნე პროგრამებს აღნიშნავენ. არადა ასეთი პროგრამები სხვადასხვა ფუნქციების მატარებელია და შესაბამისად, სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: კომპიუტერული ჭია (computer worms) და ტროას ცხენი (Trojan horses).

კომპიუტერული ჭია  (computer worms)

კომპიუტერული ჭია ძალზე გავრცელებული მავნე პროგრამის ტიპია. მსგავსი პროგრამები ძირითადად შიდა ქსელების ან ინტერნეტის საშუალებით „მრავლდება“. კომპიუტერული ჭიები თვითტირაჟირებად პროგრამებს წარმოადგენს, რომლებიც თავად მრავლდება, მათ გააქტიურება არ სჭირდებათ, ვინაიდან ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ. ერთ-ერთი პირველი „კომპიუტერული ჭია“ Xerox – ის ლაბორატორიაში შეიქმნა, ჯერ კიდევ 1978 წელს და ის ექსპერიმენტის ნაყოფი იყო. თავად ტერმინი მეცნიერული ფანტასტიკის ნაწარმოებების ზეგავლენით გაჩნდა. ერთ-ერთი გახმაურებული ჰაკერული თავდასხმა, მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სულ ცოტა ხნის წინ მოხდა და იგი ირანის ატომურ ობიექტებზე იყო მიმართული. ვირუსის სახელი, რომლითაც ირანში განლაგებული კომპიუტერები იყო „დაავადებული“, სტუქსნეტია (Stuxnet).

თუკი ადრე ვირუსების შემქმნელებად ჰაკერები მოიაზრებოდნენ, ამჯერად, ყველა ექსპერტი აღნიშნავს, რომ სტუქსნეტის პროგრამული კოდი იმდენად პროფესიულად არის დაწერილი, რომ ამას ვერც მარტოხელა ჰაკერი და ვერც თვითორგანიზებული ჰაკერთა ჯგუფი შეძლებდა. რალფ ლანგერი (Ralph Langer) გერმანელი კომპანია Langner Communications GmbH – ის გენერალური დირექტორია. მან პირველმა მოახდინა სტუქსნეტის შეფასება, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში. ლანგერმა განაცხადა, რომ მსოფლიოში სულ ათი ადამიანია, რომლებსაც მსგავსი ვირუსის შექმნა შეუძლიათ და სამი მათგანი ჩემს კომპანიაში მუშაობსო, მაგრამ ჩვენ არ შეგვიქმნია ეს ვირუსიო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავად ამ ვირუსის კოდში ისეთი ახალი მიდგომებია გამოყენებული, რომ მხოლოდ მათი გაყიდვა ჰაკერების შავ ბაზარზე დაახლოებით $200 000 დოლარად შეიძლებოდაო. მაგრამ სტუქსნეტის შემქმნელებმა არა მარტო მიდგომები გამოიყენეს, არამედ იდეალური პროგრამული კოდიც დაწერეს, რომლის ღირებულება აშკარად რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდებოდა. მთელი ეს ისტორია ჰოლივუდურ ფილმს წააგავს.

ბუშერის ატომური ელექტროსადგური ირანში რუსებმა ააშენეს. მათ  SIEMENS-ის მართვის სისტემები გამოიყენეს. თავად კომპიუტერების გამართულ მუშაობას კი ბელორუსული, ნაკლებად ცნობილი ფირმა უზრუნველჰყოფს. ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ატომური ელექტროსადგურის ერთ- ერთმა ინჟინერმა ბელორუსულ კომპანიას მიმართა, მისი კომპიუტერის გაუმართავი მუშაობის გამო. ბელორუსმა სპეციალისტებმა კომპიუტერს ანალიზი ჩაუტარეს და მასში სტუქსნეტი, აღმოაჩინეს. არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შექმნილი იყო ამ მავნე პროგრამის მინიმუმ ოთხი ვერსია. ვერსიები ერთმანეთს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ცვლიდნენ. პირველი 2009 წლის ზაფხულით თარიღება. ვირუსის სხვადასხვა ვერსიების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ვერსიის საშუალებით დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული და ვირუსის მოდიფიცირების აუცილებლობა გაჩნდა. ბოლო ვერსია  2010 წლის მარტით თარიღდება. ამის მერე მოდიფიკაცია არ მომხდარა. თავად ვირუსი კი 2010 წლის ზაფხულში აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მარტში დასახული მიზანი მიღწეული იყო და სტუქსნეტის მოდიფიცირების აუცილებლობა აღარ არსებობდა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მსგავსი თავდასხმის მიზანი? ალბათ, მონაცემების კოპირება. ვინაიდან თავად ვირუსს არაფერი დაუზიანებია და არც რამე ცვლილებები შეუტანია ატომური ელექტროსადგურის მუშაობის რეჟიმში.

უკვე ყველასთვის ნათელია, რომ სხვადასხვა სახელმწიფოები არამარტო ებრძვიან ჰაკერებს, არამედ თავის სასარგებლოდაც იყენებენ ხოლმე.

ტროას ცხენი (Trojan horses)

მსგავსი მავნე ტიპის პროგრამები ისეთივე სატყუარას წარმოადგენენ, როგორც ლეგენდარული ტროას ცხენი ძველ ბერძნულ მითებში. მათი კომპიუტერში შეღწევის სქემა ასეთია: მომხმარებელი ინტერნეტიდან იწერს პროგრამას, აინსტალირებს თავის კომპიუტერში და ვერც კი ხვდება, რომ სასურველ პროგრამასთან ერთად მან თავის კომპიუტერზე ტროას ცხენი დააყენა. არადა ტროას ცხენის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის კომპიუტერში გარედან, სხვა კომპიუტერიდან შეღწევა და ნებისმიერი ცვლილების განხორციელება, ან კი ნებისმიერი მონაცემების გადმოწერა მისი კომპიუტერიდან. თუკი კომპიუტერული ჭია დამოუკიდებლად მოქმედებს, ტროას ცხენი, უბრალოდ, ბოროტმოქმედს უხსნის გზას მსხვერპლის კომპიუტერში შესაღწევად.

ვირუსებთან მებრძოლნი

როგორც ანტივირუსული პროგრამების შემქმნელები ამბობენ, მათ ყოველდღიურად უამრავი ახალი ვირუსის შესწავლა უწევთ და მათთან ბრძოლის ახალი მეთოდების გამოგონება. ეს პროცესი, ალბათ, დაუსრულებლად გაგრძელდება. პანდორას ყუთს თავსახური ახდილი აქვს. ერთნი წერენ ვირუსებს და მათი საშუალებით სხვადასხვა კომპიუტერებში შეღწევას ცდილობენ, მეორენი კი ამ ვირუსებს ებრძვიან.

This entry was posted in SocialMedia and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s