კიბერ ომი


კაცობრიობამ თითქოს განვითარების იმ საფეხურს მიაღწია, როცა თითოეულ ადამიანს შეუძლია ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს, რაც ნორმალური არსებობისთვისაა აუცილებელი: საკვები, ტანსაცმელი, მედიკამენტები და ა. შ. არც პლანეტის მოსახლეობაა ჯერჯერობით იმხელა, რომ ვინმესთვის ადგილი არ მოიძებნოს. თავის მხრივ, წამყვან რელიგიურ მიმდინარეობებს საფუძვლად ჰუმანიზმისა და ადამიანებისადმი სიყვარულის პრინციპები უდევს. მიუხედავად  ამისა, ჩვენს პლანეტაზე მაინც ქაოსი და უწესრიგობაა და ზოგიერთ მავნე „ქცევას“ კაცობრიობა ვერა და ვერ გადაეჩვია.

მაგალითად, ომი. რა არის ომი?

ომი: ქცევის ნიმუში, რომელიც ბევრი პრიმატისთვის, მათ შორის ადამიანისთვისაც,  დამახასიათებელია. თუმცა მსგავსი ქცევა სხვა არსებებშიც, მაგალითად, ჭიანჭველებშიც არის აღმოჩენილი. ეს ქცევა, სხვადასხვა ჯგუფებს შორის (სახელმწიფო, ტომი, პოლიტიკური დაჯგუფებები და ა. შ.), ძალადობრივ კონფლიქტს გულისხმობს. როგორც წესი, ომი მიზნად ისახავს ოპონენტისთვის საკუთარი ნების დაკისრებას.

კაცობრიობა ვითარდება და ომის წარმოების მეთოდები სულ უფრო და უფრო დახვეწილი ხდება. ჩნდება ახალი სფეროები. პარადოქსულია, მაგრამ ინტერნეტის შესაქმნელად და განსავითარებლად უზარმაზარი ფული დაიხარჯა, რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავი მეცნიერის დაუღალავ შრომაზე. და რა მივიღეთ ბოლოს, ინტერნეტი, სხვა ყველაფერთან ერთად, დღეს სრული სერიოზულობით ერთ-ერთ ბრძოლის ველად მოიაზრება. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იქმნება სპეციალური ქვედანაყოფები ინტერნეტში ომის საწარმოებლად, მუშავდება კიბერ ომების ტაქტიკა და სტრატეგია.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, უილიამ ლინმა (WILLIAM J. LYNN, III) სენსაციური განცხადება გააკეთა, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერებზე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმაზე იყო ლაპარაკი. ჩინოვნიკის სტატია ჟურნალ  Foreign Affairs-ში გამოქვეყნდა.  (http://www.foreignaffairs.com/articles/66552/william-j-lynn-iii/defending-a-new-domain).

როგორც ლინმა განაცხადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2008 წელს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, სამინისტროს კუთვნილი ლეპტოპი, ბოროტმოქმედებმა დაავირუსეს.

კომპიუტერული ვირუსი სამხედროების მიერ შეუმჩნეველი დარჩა და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური მართვის ქსელის საშუალებით სამხედროების კუთვნილ კომპიუტერებში დაიწყო გავრცელება. ამგვარად, ამ მავნე პროგრამამ შექმნა ციფრული პლაცდარმი, რომლიდანაც შესაძლებელი ხდებოდა ინფორმაციის უცხოურ სერვერებზე გადაგზავნა. მთელი ამერიკული სამხედრო მანქანა უზარმაზარი კატასტროფის წინაშე დადგა, რადგანაც საიდუმლო გეგმები, სხვადასხვა ნახაზები, კონფიდენციალური ინფორმაცია, შეიძლება მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩენილიყო.

მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა ვინ არის პასუხისმგებელი ამ ინციდენტის გამო, მაგრამ დაბეჯითებით განაცხადა, რომ ეს მავნე პროგრამა ერთ-ერთი უცხოური სპეცსამსახურის თანამშრომლის მიერ იყო გააქტიურებული. მისი თქმით, ამგვარი ქმედებების გამეორებას მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ და  წარმატებული კიბერთავდასხმის შემთხვევაში, შესაძლებელია სამხედროების ინფრასტრუქტურაში სრული ქაოსის შეტანა.

უილიამ ლინი არ მალავს, რომ სამხედრო და სამოქალაქო კომპიუტერული ქსელები უამრავჯერ გამხდარა სხვადასხვა ბოროტმოქმედთა სამიზნე. ზოგჯერ კიბერ თავდასხმები წარმატებითაც დამთავრებულა და ასეთ შემთხვევაში, საიდუმლო მასალები მტრის ხელშიც ჩავარდნილა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების ხელთ 15 ათასი კომპიუტერული ქსელია და შვიდ მილიონზე მეტი გამომთვლელი მანქანა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში –  ამხელა მეურნეობის მოვლა არც ისე ადვილია.

და რა დასკვნებს აკეთებს ყველაფერი ზემოთქმულიდან პენტაგონი? სავსებით ლოგიკურს: კიბერსივრცე ნელ-ნელა ისეთივე ბრძოლის ველი ხდება, როგორც ხმელეთი, ზღვა, ცა და კოსმოსი.

2008 წელსაც, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებისას, საქართველოს მთავრობის ინტერნეტ რესურსებიც ფაქტობრივად დაბლოკილი აღმოჩნდა. მაშინაც ომმა ინტერნეტ სივრცეშიც გადაინაცვლა.

ბრძოლა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე გაიმართა

2009 წელს, რუსეთ- საქართველოს ომის წლისთავზე, ინტერნეტში ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. დაპირისპირება იმდენად მასშტაბური იყო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უამრავ ადამიანს შეეხო. ამის შესახებ წამყვანი უცხოური მედია საშუალებებიც წერდნენ –  New York Times, CNET, The Register და… ცდილობდნენ გაერკვიათ რაში იყო საქმე, რატომ დაიბლოკა ინტერნეტ სერვისები, რომლებსაც მილიონობით ადამიანი იყენებს. უბრალოდ, ერთ დღეს, რუსეთ – საქართველოს ომის წლისთავზე Twitter, Facebook, YouTube, Blogger, Livejournal-ი ჰაკერების სამიზნედ გადაიქცნენ, მათი მუშაობა შეფერხებული აღმოჩნდა. ყველაფრის მიზეზი კი, ამ სერვისების ერთი რიგითი ქართველი მომხმარებელი იყო, რომელიც ცნობილია მეტსახელით „Cyxymu“. იგი ცდილობდა სხვადასხვა ინტერნეტ სერვისების საშუალებით დაპირისპირებოდა რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას და საქართველოდან დანახული რეალობა გაეცნო ინტერნეტ მკითხველისთვის. მაგალითად, მას მოჰყავდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ტანკებმა კონფლიქტის დაწყებამდე გადმოლახეს როკის გვირაბი. როგორც ჩანს, ვიღაც ვიღაცებმა მისი გაჩუმება გადაწყვიტეს. მაგრამ ზემოთ მოყვანილი სერვისების თავისებურებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია რომელიმე ერთი კონკრეტული მომხმარებლის დაბლოკვა და შესაბამისად, ამ სერვისების ყველა – მილიონობით მომხმარებელი დაიბლოკა. „Cyxymu“ კი ინტერნეტ სივრცის „ვარსკვლავი“ გახდა. მას შეუჩერებლივ ურეკავდნენ სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები და სთხოვდნენ ინტერვიუს.

რუსი ჰაკერები ძარცვავენ დასავლეთს და მეგობრობენ რუსულ სპეცსამსახურებთან

2010 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნიცაში 27 წლის ვლადისლავ ხოროხორინი (Владислав Хорохорин) დააკავეს. ამ დაკავებასთან დაკავშირებით მედიაში სხვადასხვა, საკმაოდ თამამი მოსაზრებები გამოითქვა. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ რუსული სპეცსამსახურები თავისი მიზნებისთვის ჰაკერების ბანდებს ქირაობენ. ისინი თვალს ხუჭავენ ჰაკერების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე და ამის სანაცვლოდ, მათ თავის სასარგებლოდ ამუშავებენ.

ერთ-ერთ საიტზე, რომელსაც ხოროხორინი კურირებდა, სახუმარო ნახატი იყო განთავსებული, რომელზეც რუსეთის პემიერ-მინისტრი პუტინი რუს ჰაკერებს მედლებს ურიგებს.

როგორც  The New York Times-ი თვლის, რუსული სამართალდამცავები თავისი არაკომპეტენტურობისა ან  კორუმპირებულობის გამო არ ებრძვიან ჰაკერებს . ან კიდევ შეიძლება მიზეზი იმაშია, რომ რუსები ჰაკერების საქმიანობის გამო სიამაყეს გრძნობენ – ისინი ხომ მრავალმილიონიან კიბერ აფიორებს ახორციელებენ და მათი მსხვერპლი კი, ძირითადად, ამერიკის და ევროპის მოქალაქეები არიან.

This entry was posted in SocialMedia and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s