როგორ შეცვალა ინტერნეტმა კაცობრიობა


უყვართ მეცნიერებს ისეთი ტერმინების გამოგონება, რომლის საშუალებითაც შეიძლება ბევრ, ძალიან ბევრ რთულ შეკითხვას უცებ გასცე პასუხი. თანაც ისე, რომ ერთი მხრივ, ჭკვიანიც გამოჩნდე და მეორე მხრივ, ყოველი შემდეგი კითხვის შესაძლებლობა ერთიანად გააქრო. ასეთია, მაგალითად, ტერმინი „სინგულარობა“. აი, ფიზიკოსს რომ ჰკითხო, რა იყო სულ თავიდან,  სულ სულ თავიდან, სანამ ჩვენი სამყარო გაჩნდებოდაო, გეტყვის, მარტივად და გაუგებრად – სინგულარობაო. რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ, ისეთი პროცესები ვითარდებოდა, რომ მათი აღწერა, აღრიცხვა, გაზომვა შეუძლებელია, ვინაიდან მაშინ არც დრო არსებობდა და არც სივრცე. ანუ ყველაფერი იმდენად სხვანაირი იყო, რომ ჩვენ ამას ვერც გავიაზრებთ და შესაბამისად, ვერც განვსაზღვრავთ. ასტროფიზიკოსები ამ ცნებას შავ ხვრელებში მიმდინარე პროცესების აღსაწერად იყენებენ, ისინი ამბობენ, რომ არსებობს ერთგვარი საზღვარი, რომლის იქით უკვე სინგულარობა იწყებაო. ეს ერთგვარი უკან ვეღარ დაბრუნების ზღვარია. გადააბიჯებ მას და ვეღარ დაბრუნდები უკან, წინ კი დრო და სივრცე ისეთი კანონებით ვითარდება, რომლის ზღვარს მიღმა მდგომი დამკვირვებლის მიერ გააზრება და გამოთვლა შეუძლებელიაო.

კიდევ ამ ტერმინს ფუტუროლოგები იყენებენ ხოლმე. ისინი ამბობენ, აწ უკვე ახლო მომავალში, ტექნიკური პროგრესი შექმნის ისეთ მოწყობილობებს, რომელთაც თავად შეეძლებათ სრულყოფა და განვითარება. შესაბამისად, ეს მოწყობილობები იმდენად განვითარდებიან, რომ საგრძნობლად გაუსწრებენ თავისი შესაძლებლობებით ადამიანებს. ტექნოლოგიური სინგულარულობის თეორიის მომხრეები თვლიან, რომ თუკი შეიქმნება ადამიანის გონისგან განსხვავებული, მაღალტექნოლოგიური, ხელოვნური ინტელექტი, ცივილიზაციის მომავლის განსაზღვრა შეუძლებელი გახდება. ანუ ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ისეთი რაღაცები მოხდება, რომლის გააზრება ადამიანისთვის შეუძლებელია და შესაბამისად, მცდელობაც კი უაზრობაა. ადვილია არა ესე ერთი ხელის მოსმით ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა. მაგრამ იქნებ ვდგავართ კიდეც კაცობრიობა იმ ზღვართან, რომლის გადაბიჯების შემდეგ უკან დაბრუნება შეუძლებელია, და რომლის იქით მიმდინარე პროცესების განსაზღვრა ზღვარს მიღმა დარჩენილი ადამიანისათვის უბრალოდ შეუძლებელია, იქნებ მივადექით კიდეც სინგულარობას.

ციფრული ეპოქის აბორიგენები

ტერმინი ციფრული ეპოქის აბორიგენები (Digital Natives) ამერიკელ პროფესორს მარკ პრენსკის (Marc Prensky) ეკუთვნის. მან ეს ტერმინი ჯერ კიდევ 2001 წელს გამოიყენა. ის უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებს აკვირდებოდა და ტერმინი ახალგაზრდების შედარებით ახალი ჯგუფის აღსანიშნად გამოიყენა. მისი თქმით, ეს შესიტყვება იმ ახალგაზრდებს ესადაგება, რომლებიც კომპიუტერული თამაშების, MP3 მუსიკალური საკრავების (MP3 player), ციფრული კამერებისა და მობილური ტელეფონების გარემოცვაში გაიზარდნენ. უფროსი თაობისაგან განსხვავებით, მათ არ მოუხდათ ტექნოლოგიური ბარიერის გადალახვა. მათ არც კომპიუტერზე მუშაობის სწავლება დასჭირვებიათ, ვინაიდან როდესაც ისინი დაიბადნენ, კომპიუტერი უკვე ისედაც იდგა მათ სახლებში და ისინი კომპიუტერს თამაშ თამაშში დაეუფლნენ. ისინი ციფრული ეპოქის მკვიდრი მოსახლეობა არიან.

უფროს თაობას კი თავის დროზე, კომპიუტერზე მუშაობის სწავლა მოუწია და საერთოდ, მათ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით გაჯერებულ სამყაროსთან ადაპტაციის რთული პროცესი გაიარეს. ვინაიდან, მაშინ, როდესაც ისინი დაიბადნენ ეს ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ამ დოზით, არ არსებობდა. შესაბამისად, უფროსი თაობა ამ ეპოქის ემიგრანტები არიან. ემიგრანტების უმრავლესობა კი შეეგუა ახალ რეალობას, მაგრამ მაინც ძველი მოდელებით აზროვნებს. ციფრული ეპოქის ემიგრანტები ემეილებს პრინტერზე ბეჭდავენ და ქაღალდიდან კითხულობენ. მათ ურჩევნიათ კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი ქაღალდზე ჩაასწორონ და არა პირდაპირ ტექსტურ რედაქტორში. მას შემდეგ, რაც ემაილს აგზავნიან, ტელეფონით რეკავენ და ადრესატს ეკითხებიან, მიიღო თუ არა მან გზავნილი. მათ ურჩევნიათ ურთიერთობების ჩამოყალიბებისას ახალ პარტნიორებს უშუალოდ შეხვდნენ და ისე გაესაუბრონ, ვინაიდან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აწყობილ ურთიერთობებს ბოლომდე არ ენდობიან.

როდესაც ემიგრანტები აბორიგენებს ასწავლიან

თავის ნაშრომში „ციფრული ეპოქის აბორიგენები“, ციფრული ეპოქის ემიგრანტები (Digital Natives, Digital Immigrants —  A New Way To Look At Ourselves and Our Kids) მარკ პრენსკის კიდევ ერთი ამერიკელი მეცნიერის, ნეირობიოლოგის ბრიუს დ. პერის (Dr. Bruce D. Perry) სიტყვები მოყავს. „განსხვავებული სახის გამოცდილება ტვინის განსხვავებულ სტრუქტურებს ქმნის“ (Different kinds of experiences lead to different brain structures.). ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ციფრული ეპოქის აბორიგენები განსხვავებული მოდელებით აზროვნებენ და უფრო მეტიც, სხვანაირად გასცემენ და სხვანაირად იღებენ ინფორმაციას. და საერთოდ განსხვავებული ფსიქოტიპები არიან.

როდესაც ციფრული ეპოქის ემიგრანტები ცდილობენ ამავე ეპოქის აბორიგენებს ასწავლონ პარადოქსული სიტუაცია იქმნება. აბა თავად წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელიც კარგად ვერ ფლობს სალაპარაკო ენას და აქცენტით ურთიერთობს. როგორ უნდა ასწავლოს მან თავის სტუდენტებს. და სწორედ აქედან იქმნება ასე ნაცნობი სიტუაცია, როდესაც უფროს თაობას ჰგონია, რომ ახალგაზრდები უბრალოდ გაუნათლებლები არიან და ცდილობენ ასწავლონ იმ მეთოდებით და ის ინფორმაცია მიაწოდონ, რომელიც მათთვის არის გასაგები, ხოლო ახალგაზრდა თაობა საერთოდ ვერ ხვდება რას სთხოვენ და რა უნდათ მისგან იმ ადამიანებს, ვისაც ამ თანამედროვე სამყაროში ამდენ მოწყობილობას შორის ორიენტაცია უჭირთ.

ინტერნეტ ტროლები

საერთოდ ახალი ტექნოლოგიები და კერძოდ კი ინტერნეტი, უზარმაზარი სივრცეა ახალი ფსიქოტიპების გამოსავლენად. საქმე მხოლოდ აბორიგენებით და ემიგრანტებით არ შემოიფარგლება. ადამიანმა შექმნა ახალი ტექნოლოგიები და ახლა ახალი ტექნოლოგიები ქმნიან ახალ ადამიანებს. ამის საილუსტრაციოდ ინტერნეტ ტროლებიც გამოდგებიან. ინტერნეტ ტროლებს ისეთ ადამიანებს უწოდებენ, რომლებიც შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებენ ფორუმებზე, ბლოგებზე… საერთოდ ყველგან, სადაც ამის საშუალება არსებობს. გასაგებია, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაცა არ მოსწონდეს და თავის აზრს გამოხატავდეს, მაგრამ ინტერნეტ ტროლების მიერ დატოვებული კომენტარები იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ საერთოდ არ ტოვებს არანაირი დისკუსიისათვის ადგილს. ინტერნეტ ტროლები, როგორც წესი, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც სხვისი შეურაცხყოფით ცდილობენ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას. ფსიქოლოგები გვირჩევენ არ მივცეთ ინტერნეტ ტროლებს საკვები, ანუ, არ ვუპასუხოთ მათ კომენტარებს. ამას არანაირი აზრი არა აქვს, ვინაიდან მათი განკურნება ინტერნეტის საშუალებით, შეუძლებელია.

P.S.

ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, მეტად საინტერესოა. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი – ბუნდოვანია. მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც ყველაფერზე პასუხი არსებობს – სინგულარობა.

This entry was posted in SocialMedia and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s