კომპიუტერები ყველგან და ყველაფერში


არც ისე დიდი ხნის წინ ინტერნეტი საერთოდ არ არსებობდა.  გაუგებარია, რითი ირთობდნენ თავს სამუშაო დღის მანძილზე, ამ არც ისე შორეულ წარსულში, სხვადასხვა ორგანიზაციის მოხელეები. ისე ქართულ ფილმს „ცისფერი მთები“ თუ დავესესხებით – ზოგი ჭადრაკს თამაშობდა, ზოგი ყავაზე მკითხაობდა, ზოგი კი სულაც უცხო ენების შესწავლით იყო დაკავებული. ახლა კი საქმე სულ სხვაგვარად არის. წარსულს ჩაბარდა კროსვორდების შევსებაც და კიდევ ბევრი სხვა დროის გასაყვანი საშუალება. დღეს რომელ ორგანიზაციასაც არ უნდა ეწვიო, ყველგან ყველას თავი კომპიუტერის მონიტორში აქვს ჩარგული. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ ხალხი დაუღალავად მუშაობსო. ხოლო თუკი შემთხვევით კომპიუტერის მონიტორს შეავლებ თვალს ან რომელიმე სოციალური ქსელის გამოსახულება შეგრჩება ან სულაც, კომპიუტერული თამაში.

კომპიუტერმა ადამიანის ცხოვრების ისეთ ადგილებშიც შეაღწია, რომლებშიც თითქოს ტექნიკურ მოწყობილობებს არაფერი ესაქმებათ. დღეს ადამიანები ინტერნეტის საშუალებით მეგობრდებიან, ქორწინდებიან და თურმე, ერთმანეთს შორდებიან კიდეც.

ვირტუალურ სამყაროში ნაპოვნი სამხილები

დიდი ძალაა სტატისტიკა და დღესდღეობით ადვილად ხელმისაწვდომიც, ერთი ღილაკის დაჭერა და დაჯამებული მონაცემები თქვენი კომპიუტერის მონიტორზეა. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული სტატისტიკის მოძიება არც ისე ადვილია, ალბათ იმიტომ, რომ ქართული ორგანიზაციების თანამშრომლები კომპიუტერის მონიტორში არიან თავჩარგულნი…

ამიტომ ამერიკულ სტატისტიკას დავესესხები. ამერიკელ ადვოკატთა ერთ-ერთი ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეუღლეთა განქორწინების პროცესებში საქმეთა 81%  პროცენტში Facebook, MySpace, Twitter და სხვა სოციალურ ქსელებში მოგროვილი მასალები ფიგურირებდა.

განქორწინებათა ხელის შემწყობთა შორის Facebook–ი ლიდერობს. გამოკითხულ ადვოკატთა 66% თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ფეისბუქს იშველიებდა. შემდეგ მოდის  MySpace – 15% და ბოლოს Twitter – 5%.

ზოგჯერ ადვოკატთა ხელში საკმაოდ ორიგინალური სამხილებიც ხვდება. მაგალითად, ერთ-ერთმა განქორწინებულმა მოითხოვა, მისი ყოფილი მეუღლისთვის დედობის უფლების ჩამორთმევა –  საერთოდ არ უთმობს დროს ჩვენს შვილებსო, ამტკიცებდა იგი. ძიების შედეგად მართლაც გაირკვა, რომ ქალბატონი თითქმის მთელ თავის დროს ვირტუალურ სამყაროში ატარებდა ბოიფრენდთან ერთად და, შესაბამისად, შვილებისათვის დრო აღარ რჩებოდა.

სხვა მოწესრიგებული ქვეყნების სტატისტიკაც იგივეს მეტყველებს. ბრიტანული საიტის  Divorce Online–ის თანახმად, სიტყვა Facebook–ი, გასული წლის განმავლობაში ყოველ მეხუთე მეუღლეთა განშორების სასამართლო პროცესში ფიგურირებდა.

ინტერნეტ ავტორიტეტი

როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, ინტერნეტი მხოლოდ გასართობი საშუალება არაა და ვირტუალურ სამყაროში მომხდარმა ამბავმა შეიძლება რეალური პრობლემები წარმოშვას ადამიანის ცხოვრებაში. ან კი პირიქით, ინტერნეტ აქტივობამ შეიძლება ავტორიტეტიც მოუპოვოს ადამიანს.

არც ისე დიდი ხნის წინ ახალი ტერმინი გაჩნდა – ინტერნეტ ავტორიტეტი. ინტერნეტ ავტორიტეტები ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ, რეალურ ცხოვრებაში ისინი შეუმჩნევლები არიან ხოლმე. სამაგიეროდ, ინტერნეტში აქტიურობენ. ქურდული სამყაროს ავტორიტეტებისაგან განსხვავებით, საქმეებს არ არჩევენ და თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ინტერნეტში ატარებენ. ისინი ტოვებენ კომენტარებს ბლოგებზე, აქტიურობენ ფორუმებშიც და სოციალურ ქსელებში. მათ ბევრი რამ იციან და ხშირად მათ ეკითხებიან რჩევას. ისინი ხშირად საკუთარ ბლოგებს უძღვებიან და უამრავ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობენ თავიანთ მკითხველებს. ასეთი ადამიანები ფორუმების სხვადასხვა განყოფილებებს უძღვებიან ხოლმე (მოდერატორები არიან). მათი რეალური სახელი არავის ახსოვს, სამაგიეროდ ყველამ იცის მათი ინტერნეტ მეტსახელი (ნიკი).

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s