რობოტებმა ტყუილი ისწავლეს


ცნობილ ფილმ „ტერმინატორ 2“-ში რობოტებთან ომში გათანგული კაცობრიობა, დროის მანქანის საშუალებით, წარსულში გზავნის რობოტ დივერსანტს, რათა მან ის ელექტრონული ჩიპი გაანადგუროს, რომლის შემდგომი განვითარების შედეგადაც რობოტები იმდენად გაძლიერდნენ, რომ კაცობრიობას აუჯანყდნენ. რობოტი, რომელსაც კალიფორნიის ახლანდელი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი თამაშობს, წარმატებით შეასრულებს მისიას და გმირულად შესწირავს კიდეც თავს კაცობრიობის გადარჩენის ნათელ საქმეს. ამ ფილმში შვარცენეგერის გმირი უსულო მექანიზმია, რომელიც მასში ჩატვირთული პროგრამის შესაბამისად მოქმედებს, მას არ შეუძლია თანაგრძნობა და არც ვინმეს მოტყუება. ის, უბრალოდ, პროგრამის მიხედვით მოქმედებს და მორჩა. მაგრამ, სინამდვილეში, როგორც ჩანს, მომავალში რობოტები კიდევ უფრო გაქნილები იქნებიან, ვიდრე ეს ფილმში იყო ნაჩვენები. და შეიძლება რომელიმე ჩვენს შთამომავალს გაიძვერა რობოტთანაც კი ჰქონდეს საქმე. ამერიკელმა პროფესორმა, ჯორჯიის ტექნიკურ ინსტიტუტში (Georgia Institute of Technology) ისეთი რობოტი შექმნა, რომელსაც ადამიანის მოტყუება შეუძლია. და ვინ იცის, იქნებ ამით კაცობრიობამ ის ზღვარი გადაკვეთა, რომლის იქითაც რობოტების დომინირება ადამიანებზე გარდაუვალია. ფილმისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში ჩვენთან მომავლიდან არავინ მოსულა, საკუთარი შეცდომებისგან რომ გადაგვარჩინოს. თავად ამერიკელი პროფესორი რონალდ არკინი (Ronald Arkin) კი აცხადებს: „ჩვენ თავიდანვე ჩავუფიქრდით ამ საკითხის ეთიკურ მხარეს, ისეთი რობოტების შექმნის საკითხს, რომლებსაც შეუძლიათ ტყუილის თქმა და ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ამ საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეები“.

ვის სჭირდება მატყუარა რობოტები

ეთიკური საკითხები იქით იყოს და საერთოდ, რაში შეიძლება დასჭირდეს ადამიანს მატყუარა მოწყობილობები. პირველ რიგში, ალბათ, ეს აღმოჩენა სამხედროებს გამოადგებათ. დღეს წამყვან ქვეყნებში სამხედრო პოტენციალის განვითარება სულ უფრო ხშირად მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების, მათ შორის რობოტებისა და რობიტიზებული მექანიზმების ხარჯზე ხდება. ჰოდა, აბა, რა გამოვა, თუკი მტერმა მოწინააღმდეგის რობოტი ჩაიგდო ხელში, ის კი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ყველაფერს მოუყვა მოწინააღმდეგეს. ასე ხომ ნამდვილად არ ივარგებს. ხოლო თუკი რობოტს ტყუილის თქმას ვასწავლით, მაშინ მას მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა შეეძლება.

როგორც მკლევარები აცხადებენ, მსგავსი რობოტები შეიძლება სამაშველო ოპერაციების ჩატარებისასაც იყოს სასარგებლო. მაგალითად, ტყუილის საშუალებით ხომ პანიკის თავიდან აცილება ან თანამშრომლობაზე დათანხმებაა შესაძლებელი.

მე კი დავამატებ, რომ მატყუარა რობოტები, ალბათ, სამედიცინო სფეროშიც გამოადგებათ, რათა მომავლის მანქანებმა ზოგიერთი ექიმივით არ მიახალონ პაციენტს მძიმე დიაგნოზი და გამოუვალ მდგომარეობაშიც იმედის ნაპერწკალი დაუტოვონ.

როგორც ხედავთ,  ჩვენს ყოველდღიურობაში ტყუილისთვის არეალი საკმაოდ დიდია და მომავალში მატყუარა რობოტები საქმის გარეშე არ დარჩებიან.

რას ნიშნავს – რობოტებმა ტყუილი ისწავლეს

საკუთრივ რაში მდგომარეობდა ის ექსპერიმენტი, რომელიც გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ – რობოტებმა ტყუილი ისწავლეს.

„ჩვენ შევქმენით ალგორითმი, რომელიც საშუალებას აძლევს რობოტს, შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მისი აღმოჩენის შანსი შემცირდებოდა“, – ამბობს რონალდ არკინი. ანუ ორმა მეცნიერმა – რონალდ არკინმა და ალან ვაგნერმა (Alan Wagner) შექმნეს ორი რობოტი, რომელთაგან ერთი ისეა დაპროგრამებული, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად, ტყუილის თქმა შეუძლია. მეორე კი, უბრალოდ, პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობებს. ეს რობოტები ვიზუალურად სათამაშო მანქანებს ჰგვანან. მერე კი ამ რობოტებს შორის „დახუჭობანას“ თამაში გამართეს. რობოტები ისე იყვნენ დაპროგრამებულნი, რომ დამალვისას გზად მარკერებს ტოვებდნენ. ის რობოტი, რომელსაც ტყუილი ჰქონდა ნასწავლი, მარკერებს ერთი მიმართულებით ტოვებდა, თავად კი სულ სხვა მხარეს იმალებოდა. შესაბამისად, მეორე რობოტი მას ვერ პოულობდა. მეორე, „წესიერი“ რობოტი კი, მარკერებს იმ მიმართულებით ალაგებდა, სადაც თავად იმალებოდა, შესაბამისად, მისი აღმოჩენა მოწინააღმდეგისთვის გაადვილებული იყო.

რა გველის მომავალში

სანამ ყველაფერი უწყინარი დახუჭობანას თამაშით არის შემოფარგლული, სანერვიულოც არაფერია. მაგრამ ვინ იცის, რა გველის მომავალში. ერთხელაც, თუკი რობოტებმა, როგორც ფილმ „ტერმინატორ 2“-შია, კაცობრიობას ომი გამოუცხადეს, მატყუარა რობოტების დამარცხება კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ამერიკულ ბლოკბასტერშია.

This entry was posted in მეცნიერება and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s