ინტერნეტის ხელახალი დაბადება


როდესაც პირველი ავტომობილი გამოიგონეს, მას  უბრალოდ უცხენო ეკიპაჟი დაარქვეს. ასე იმიტომ მოხდა, რომ იმხანად ადამიანის ცნობიერებაში ავტომობილების ადგილი ჯერ არ არსებობდა და უახლოესი ანალოგიების მოშველიება გახდა საჭირო. ახალი უჩვეულო მექანიზმის ფორმა იმდროინდელ ეკიპაჟს ჰგავდა.

დაახლოებით იგივე მოხდა, როდესაც ახალი მედიუმი გაჩნდა – ინტერნეტი. თავიდან იგი უნივერსიტეტების, სამეცნიერო პროექტების და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის დამაკავშირებელი ქსელი იყო. მერე კი საერთო მოხმარების ქსელად გადაიქცა. მისი გამოყენება უახლოესი ანალოგიების, ტრადიციული მედია საშუაელებების შესაბამისად დაიწყეს. მიუხედავად ამისა, ინტერნეტი სწრაფად იკრეფდა პოპულარობას. ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესის წარმომადგენლებმაც შეამჩნიეს და რამდენიმე წელიწადში ამერიკის საფონდო ბირჟაზე ნამდვილი ინტერნეტ ბუმი ატყდა. აქციების ფასი ზევით იწევდა. ექსპერტები სულ უფრო და უფრო ოპტიმისტურ პროგნოზებს იძლეოდნენ. ბიზნესის წარმომადგენლები ყოყმანის გარეშე აბანდებდნენ უზარმაზარ თანხებს ინტერეტ ტექნოლოგიებში.

საპნის ბუშტი

როგორც ჰენრი ბლოჯეტი (Henry Blodget) ვოლ სტრიტის ყოფილი ანალიტიკოსი ყვება: „იმხანად ფინანსური ანალიტიკოსები ასე მსჯელობდნენ, გასაგებია, რომ ბევრი ახლადშექმნილი კომპანია ვერ გადარჩება და არავინ იცის რამდენი ხანი იარსებებს თითოეული მათგანი, მაგრამ თუ არ ვიაქტიურეთ ჩვენ უმექმედობის, პასიურობისა და არაშორსმჭვრეტელობის გამო  დავისჯებით. შეიძლება, საერთოდ სამსახურიც კი დავკარგოთ.“ იმხანად, ბევრი ინვესტორიც ასე მსჯელობდა – ჯობია ინვესტიცია ჩავდო რაც შეიძლება მეტ კომპანიაში, ზოგიერთი მათგანი ხომ მაინც გადარჩება და საბოლოოდ მაინც მოგებაში დავრჩებიო. თავად ჰენრი ბლოჯეტიც დადებით შეფასებას აძლევდა ხოლმე ისეთ კომპანიებს, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდათ. იგი ფინანსური ანალიტიკოსი იყო და ამ გზით შოულობდა ფულს. (აქვე აღვნიშნავ, რომ დღესდღეობით, არაკეთილსინდისიერი საქმიანობის გამო, მას ჩამორთმეული აქვს ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის  უფლება).

საბოლოოდ მაღალი ტექნოლოგიების ბუმი „სპეკულატიურ საპნის ბუშტად“ გადაიქცა. ანუ უამრავ ინტერენტ კომპანიას, რომლებშიც სულ უფრო და უფრო მეტი ფული იდებოდა, რეალურად არანაირი მოგება არ მოჰქონდა. ინვესტორები თავიანთ დივიდენდებს ითხოვდნენ. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა და  2001 წელს „სპეკულატიური საპნის ბუშტი“ გასკდა. თითქოს უამრავი ინვესტორი ერთბაშად, ერთდროულად მიხვდა, რომ ინტერნეტში ჩადებული ფული ვერანაირ მოგებას ვერ მოიტანს და საჭიროა ჩადებული ფულის უკან დაბრუნება.

საფონდო ბირჟა პანიკამ მოიცვა, ყველა მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ყიდდა. ბევრი კომპანიის კაპიტალიზაცია საგრძნობლად დაეცა, უამრავი ინტერნეტ კომპანია კი საერთდ გაკოტრდა. პანიკა იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ჩათვალა – ეს ფინანსური ვარდნა ინტერნეტს ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებსო. მაგრამ, როგორც დღეს ვხედავთ, ეს ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, ის ინტერნეტ კომპანიები, რომლებიც არ იყვნენ საბირჟო სპეკულაციებს აყოლილნი და თავიანთ მომხმარებლებს რეალურ სერვისებს სთავაზობდნენ, დღესაც მუშაობენ. ასეთები არიან მაგალითად: ebay და amazon.com

web 2.0

დოთქომების (DOT – COM BUBBLE BUST) ანუ ინტერნეტ კომპანიების კრახი უკვე ჩავლილი იყო, როდესაც 2004 წელს ორი კომპანიის (O’Reilly Media  და MediaLive International) თანამშრომლებმა ბრეინსტორმინგი მოაწყვეს. ერთ-ერთმა ვებ პიონერმა და გამომცემლობა O’Reilly Media-ს ვიცე პრეზიდენტმა, დეილ დაგერტიმ (Dale Dougherty), მოგვიანებით განაცხადა: „იმხანად მე ვთვლიდი, რომ თავად ინტერნეტი შორს არის კრახისგან და სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ახალი საიტები და ახალი სერვისები შესაშური რეგულარობით იბადებოდნენ. უფრო მეტიც, იმ ინტერნეტ კომპანიებს, რომლებიც კოლაფსს გადაურჩნენ, რაღაც საერთო ჰქონდათ. იქნებ მოვიდა დრო, ახალ, სრულიად სხვანაირ ინტერნეტზე ვილაპარაკოთ და შესაბამისად, ამ ინტერნეტს განსხვავებული სახელი დავარქვათ, მაგალითად, ვებ 2.0 (web 2.0). შეხვედრის მონაწილეები დამეთანხმნენ“.

ერთი წლის შემდეგ დეილ დაგერტიმ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ახალი ინტერნეტის, ვებ 2.0-ს პრინციპები იყო ჩამოყალიბებული. ამ დღიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ეს ტერმინი და სულ მცირე დროში ძალზედ პოპულარი გახდა. ამ მასალის მომზადებისას google-ს საძიებო სისტემაში web 2.0 ავკრიფე. გაირკვა, რომ იგი 346,000,000 ინტერნეტ გვერდშია მოხსენიებული. დღეს შეიძლება გაიგონოთ –  ვებ 3.0-ის ერა დაინწყოო, ან ვებ 4.0 -ისო, ან კი სულაც ამჟამად ვებ 5.0 პრინციპებიაო გამეფებული და ა.შ. თვითოეულ ამ ტერმინს თავისი განმარტებები აქვს, მაგრამ ეს, უბრალოდ, არამახვილგონივრული ექსპერტების მცდელობაა, დეილ დაგერტის მსგავსად, ახალი ტერმინი დააფუძნონ.

მაშ რა არის ეს web 2.0

ტერმინი რომ პოპულარული გახდა, გასაგებია, ალბათ, იგი თქვენც გაგიგიათ, მაგრამ რას გულისხმობს ეს ტერმინი? რა ცვლილებები მოხდა რეალურად ინტერნეტში? ამის გარასკვევად რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:

კომპანია DoubleClick-ი 1997 წელს შეიქმნა. სულ მცირე დროში იგი ინტერნეტის სარეკლამო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს ფლობდა. მისი მუშაობის პრინციპი უახლოესი ანალოგის, ტრადიციული მედიის შესაბამისად იყო აგებული. თუკი სარეკლამო კომპანიები წინასწარ ყიდულობენ ტელევიზიებში, რადიოებში და ბეჭდურ მედიაში სარეკლამო ადგილს და შემდგომ თავიანთ კლიენტებს ნაყიდ სივრცეს მცირე ზომის პაკეტების სახით სთავაზობენ DoubleClick-იც სწორედ ასე იქცეოდა. კომპანიის წარმომადგენლები კვლევების შედეგად გამოვლენილ ყველაზე პოპულარულ ვებგვერდებზე ყიდულობდნენ სარეკლამო ფართობს და შემდგომ ამ სარეკლამო ადგილებს თავიანთ კლიენტებს სთავაზობდნენ. დეილ დაგერტიმ თავის სტატიაში DoubleClick-ი, ვებ 1.0 პრინციპებზე მომუშავე კომპანიად დაასახელა. მის საპირწონედ ვებ 2.0 პრინციპებზე მომუშავე ყველასთვის ცნობილი Google-ის სერვისი AdSense მოიყვანა.

Google-ის სერვი AdSense კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ეს სერვისიც ინტერნეტ რეკლამას ყიდის. მისი მოხმარება გაცილებით უფრო მარტივია. რეგისტრირდები შესაბამის ვებგვერდზე, იხდი საფასურს და თავად ირჩევ რა შემთხვევაში უნდა გამოჩნდეს შენი სარეკლამო განცხადება. შეიძლება არც კი მიგიქცევიათ ყურადღება, მაგრამ Google, საძიებო რეზულტატთან ერთად, სარეკლამო განცხადებებსაც გთავაზობთ. რეკლამა მარჯვენა მხარეს და საძიებო რეზულტატის თავზე ოდნავ მოყვითალო ფონზე არის განთავსებული. გუგლის ამ სერვისს აშკარა უპირატესობა აქვს DoubleClick-თან შედარებით. ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. სულაც არ არის საჭირო არანაირი ხელშეკრულების გაფორმება. უბრალოდ, შედიხარ ვებგვერდზე, რეგისტრირდები, იხდი ფულს და თავად ირჩევ შენს სარეკლამო პოლიტიკას.

ვებ 2.0 პრინციპებზევე არის აგებული ინტერნეტ აუქციონი ebay-ც. აქაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გასაყიდად გამოიტანოს ან შეიძინოს ნებისმიერი ნივთი. დღეს ebay მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანიაა, არადა პირველი ლოტი, რომელიც ამ სერვისის საშუალებით გაიყიდა, სათამაშო ლაზერული ხმალი იყო. აი ისეთი, ფილმ „ვარსკლავეთის ომში“ რომ არის ნაჩვენები.

ერთი სიტყვით, ვებ 2.0-ის პრინციპები გულისხმობს ისეთ სერვისებს, როდესაც მომხმარებელს სთავაზობენ პლატფორმას, რომელსაც იგი თავად ამდიდრებს. ანუ, Google-ის AdSense-ის შემთხვევაში, გუგლი მომხმარებელს სთავაზობს უბრალოდ სარეკლამო სივრცეს, ხოლო დანარჩენს თავად მომხმარებელი აკეთებს. იგივე ხდება  ebay-ის შემთხვევაშიც. ვინაიდან ერთი მომხმარებელი ანთავსებს ამ ონლაინ მაღაზია აუქციონზე პროდუქტს და მეორე კი ყიდულობს.

ვებ 2.0-ის საილუსტრაციოდ მშვენივრად გამოდგება Facebook-იც. მაგალითად, ერთ Facebook-ისათვის არც ისე მშვენიერ დღეს, მომხმარებლებმა ინფორმაციის განთავსება რომ შეწყვიტონ, სოციალური ქსელი მოქმედებას შეწყვეტს. ანუ, სოციალური ქსელი თავის მომხმარებლებს სთავაზობს პლატფორმას, რომელსაც ისინი თავად  ამდიდრებენ.

თუკი თავიდან ინტერნეტში მხოლოდ მეცნიერები ბუდობდნენ, მერე ამ ქსელში დიზაინერები და პროგრამისტები მოვიდნენ და ინტერნეტის მოწყობა, გალამაზება დაიწყეს. დღეს კი ვებ 2.0 – ის ეპოქაში ინტერნეტი ყველასთვის ღიაა. ნებისმიერ ადამიანს, უამრავი სერვისის დახმარებით, თავად შეუძლია შექმნას ინტერნეტში ის, რაც მას უნდა.

This entry was posted in SocialMedia and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s