ელექტრონული სახელმძღვანელო


დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ განათლება ერთგვარი განძია, რომელიც ერთხელ თუ მოიპოვე, მარადჟამს შენი იქნება და ცხოვრების ბოლომდე გაგყვება.
მერე დრო შეიცვალა, ცხოვრების ტემპმა იმატა და გავრცელებულ მოსაზრებაში ერთი მნიშვნელოვანი დამატება შევიდა: განათლება უდავოდ განძია, მაგრამ მას მუდამ გამდიდრება სჭირდება. ვინაიდან ის, რაც დღეს იცი, შეიძლება, ხვალ გამოუსადეგარი გახდეს და შესაბამისად, თავისი ღირებულება დაკარგოს.
ცხოვრების ტემპმა კიდევ უფრო იმატა და პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: სახელმძღვანელოები, რომლებიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ან მეცნიერების რომელიმე დარგს ეხება, მაღაზიების დახლებზე გამოჩენისთანავე უკვე მოძველებულია. მეცნიერული პროგრესი იმდენად სწრაფია, რომ გამომცემლები ვერ ახერხებენ, მათ მხარი აუბან.
ელექტრონულმა სახელმძღვანელოებმა შეიძლება გადაჭრას ეს პრობლემა.
ელექტრონულ და ინტერაქტიურ წიგნებს,  უბრალოდ, ციფრულ ფორმატში გადმოკონვერტირებული ნაბეჭდი სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, შეუძლია დიდი დახმარება მოუტანოს განათლების სისტემას (მათი განახლება ყოველთვის, მუდმივად შესაძლებელია). მიუხედავად ამისა, გამომცემლები არ ჩქარობენ, მიზეზი შეიძლება ის უზარმაზარი თანხებია, რომელიც საგანმანათლებლო სფეროს ხმარდება. მაგალითად, ამერიკაში სახელმძღვანელოების ბაზარი 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას ბოლო დროის კრიზისმაც ვერაფერი დააკლო. ამ ბაზრის 99%-ს ქაღალდზე დაბეჭდილი პროდუქცია შეადგენს.
როგორც ჩანს, ახლო მომავალში სიტუაცია შეიცვლება. ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ E. O. Wilson Biodiversity Foundation გადაწყვიტა ბიოლოგიის ინტერაქტიური სახელმძღვანელოს შექმნა. წიგნის სათაურია „ცხოვრება დედამიწაზე“ (Life on Earth) და მასში 59 თავი იქნება. თითოეული თავი დასრულებისთანავე განთავსდება ინტერნეტში და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება ყოველგვარი გადასახადის გარეშე.
წიგნში ტექსტს თანდართული ექნება ანიმაცია, რომლის საშუალებითაც, დეტალურად ვიზუალიზდება ფიზიოლოგიური პროცესები. წიგნი საბოლოოდ ორ წელიწად-ნახევარში დასრულდება.
„42 წლის განმავლობაში ვასწავლიდი ბიოლოგიას და არ მჭირდება ახსნა, რამხელა საქმეს გააკეთებს ეს წიგნი“, – განმარტავს ედვარდ უილსონი (Edward Osborne Wilson), თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი ბიოლოგი, – „ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია ტექნოლოგიებისა და მეცნიერების შესწავლაში“.
პროექტის დირექტორი ნეილ პატერსონი (Neil Patterson) აღნიშნავს: „ჩვენ ვცდილობთ, ადამიანის ტვინის ისეთ ჩართულობას მივაღწიოთ, როგორსაც ვიდეოთამაშების მომხმარებლებში ვაკვირდებით“.
დამატებითი ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ჟურნალ WIRED-ის ვებგვერდზე: http://www.wired.com/wiredscience/2010/10/wilson-free-biology-textbook/

ელექტრონული ლექსიკონები და ენციკლოპედიები
ლექსიკონები და ენციკლოპედიები, ეს წიგნების ზუსტად ის ტიპია, რომლებმაც პირველებმა გადაინაცვლეს ელექტრონულ ფორმატში. მათი ასეთი ფორმით მოხმარება, გაცილებით მოხერხებულია, ნაბეჭდ წიგნთან შედარებით. ნაბეჭდ წიგნში საჭიროა უამრავი ფურცლის გადაშლა, სანამ სასურველ ინფორმაციას იპოვი. ელექტრონულ წიგნში კი საკმარისია, ერთი სიტყვის აკრეფა და ელექტრონული მოწყობილობა თავად გიპოვით, რასაც ეძებთ.

ელექტრონული წიგნები
წიგნის ფორმა, ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, პირობითია.
კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა პერიოდში წიგნს განსხვავებული სახე ჰქონდა. უძველესი შუმერული წიგნები თიხის ფირფიტებისა  იყო. ისინი აგურებს უფრო ჰგავდა, ვიდრე დღევანდელ წიგნებს. ეგვიპტელები წიგნებს პაპირუსისგან ქმნიდნენ, მასალიდან გამომდინარე, მათ გრძელი გრაგნილები გამოსდიოდათ. ასეთ გრაგნილებს საერთოდ არ ჰქონდა ყდები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაშრომებს სპეციალურ ყუთებში ინახავდნენ. შუასაუკუნეების წიგნები, ფოლიანტები ძალიან დიდი ზომისა იყო. ასეთ წიგნთან ერთად შენს ოთახში ვერ განმარტოვდებოდი, ასეთ წიგნს მუხლებზე ვერ დაიდებდი, მათ სპეციალურად მოწყობილ მაგიდებზე დებდნენ და ისე კითხულობდნენ. ბოლო დროს კი გაჩნდა ელექტრონული წიგნები. ასეთ წიგნებს საერთოდ არ გააჩნიათ მატერიალური გარსი, ისინი მხოლოდ ფაილის სახით არსებობენ და მათი ფორმა იმ მოწყობილობით არის განპირობებული, რომელშიც თავად წიგნია ჩატვირთული.

რა ელის ქართულ ენას
როგორც ჩანს, ელექტრონული სახელმძღვანელოები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდება. ამ სიტუაციაში მასწავლებლის როლი შემცირდება, ხოლო სახელმძღვანელოს მნიშვნელობა სწავლის პროცესში კიდევ უფრო გაიზრდება. ამდენად, თუ არ იარსებებს ქართულენოვანი ელექტრონული სახელმძღვანელოები, ჩვენი ენა აღარ იქნება ცოდნის მიღების ენა. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა და გამოყენების არეალი კიდევ უფრო შემცირდება. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია, ქართული ენის ინტეგრირება კომპიუტერში. შესაქმნელია კომპიუტერული ტერმინების ლექსიკონი.

This entry was posted in განათლება, SocialMedia and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s