სოციალური ქსელები


მარკ ცუკერბერგი

ადამიანებს უყვართ ჯგუფებში გაერთიანება. დიდი ხნის წინათ, ჯგუფებად გაერთიანებულმა ადამიანებმა, პირველი ქალაქები ააშენეს. ნელ-ნელა ქალაქები სახელმწიფოებად გადაიქცა. პირველი სახელმწიფოები ერთი ქალაქის ფარგლებში ეტეოდა. მერე პატარა ქალაქ-სახელმწიფოებმა დიდ სახელმწიფოებად გაერთიანება დაიწყეს. დიდ სახელმწიფოებში კი, თავის მხრივ, ეროვნული თვითშეგნება ჩამოყალიბდა. ზოგიერთმა ჯგუფმა საერთოდ ყოველგვარი ქალაქებისა და სახელმწიფოების გარეშე, შექმნეს ერები და დამპყრობლობას მიჰყვეს ხელი. თითოეული ქალაქის, სახელმწიფოს, ერის შიგნით, ადამიანები სოციალურ ჯგუფებად იყოფოდნენ და გამუდმებით ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. ურთიერთობდნენ სიტყვებით, წერილებით, წიგნებით… ხანდახან, ჯგუფებში გაერთიანებული  ადამიანების ურთიერთობის ფორმა ერთობ უმსგავსო იყო. ან კიდევ, ადამიანები, არც ისე კეთილშობილი საქმეებისთვის ერთიანდებოდნენ. ამის მაგალითია, ომების მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ზოგი სოციალური თუ რელიგიური ჯგუფი, პრესტიჟული იყო, ზოგი – ნაკლებად, დროთა განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფები ადგილებს იცვლიდნენ ხოლმე და ის, ვინც ადრე უმნიშვნელო იყო, შემდგომ მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი ხდებოდა. დრო მიდიოდა და ყველაფერს ერთმანეთში ურევდა. ადამიანი კი ურთიერთობის, კომუნიკაციის ახალ ფორმებს იგონებდა.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ადამიანებმა ახალი საკომუნიკაციო ქსელი – ინტერნეტი – შექმნეს. თავიდან ეს სუპერთანამედროვე გამოგონება, მაღალტექნოლოგიურ უნივერსიტეტებს შორის, ინფორმაციის გაცვლის საუკეთესო საშუალება იყო. შემდეგ კი ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.
კომუნიკაციის ამ ახალმა საშუალებამ – ინტერნეტმა, ადამიანთა ჯგუფებად გაერთიანების ახალი ფორმები შექმნა. რას აკეთებს დღეს ადამიანი ინტერნეტში? იგივეს, რასაც აქამდე აკეთებდა – ურთიერთობს და თანამოაზრეებს ეძებს, სხვადასხვა ჯგუფებში ერთიანდება და ომობს…

სოციალური ქსელები
თავად ტერმინი, სოციალური ქსელი, არც ისე დიდი ხნისაა. გასული საუკუნის 30-იან წლებში, ამერიკელი სოციოლოგები ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთკავშირებს სწავლობდნენ, ასეთ კავშირებს სოციოგრამების, ანუ ერთგვარი დიაგრამების საშუალებით გამოსახავდნენ. ამ გამოსახულებებში ცალკეული პიროვნებები წერტილებით იყვნენ აღნიშნულნი, მათ შორის კავშირები კი – ხაზებით. ამ სახით ვიზუალიზებულ ადამიანთა საზოგადოებას, ანუ ურთიერთგადამკვეთ ხაზთა რთულ სისტემას, სოციალური ქსელი დაარქვეს.

ტერმინმა სოციალური ქსელი, მოგვიანებით, სოციოლოგიიდან ინტერნეტშიც გადაინაცვლა. ინტერნეტში იგი ისეთ ვებგვერდებს ან სერვისებს აღნიშნავს, რომლებსაც თავად მომხმარებლები ამდიდრებენ. ასეთი საიტები ერთგვარ სოციალურ გარემოს წარმოადგენენ, რომელიც საერთო ინტერესებით დაკავშირებულ მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობის, ინფორმაციისა და გამოსახულებების გაცვლის საშუალებას აძლევეს. ბოლო ხანს სოციალური ქსელები მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამის მაგალითია თუნდაც FACEBOOK-ი. FACEBOOK-ის მომხმარებელთა რიცხვმა 500 მილიონს გადააჭარბა. მისი შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი კი, თავის დროზე, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად აქცია. სოციალური ქსელების შექმნას, თავის მხრივ, ინტერნეტის განვითარებამ შეუწყო ხელი, კერძოდ კი Web 2.0- მა.

Web 2.0
Web 2.0 არ არის რომელიმე კონკრეტული ინტერნეტტექნოლოგიის ან სერვისის სახელი. ეს, უბრალოდ, ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ეტაპის სახელწოდებაა. თავიდან ინტერნეტ სერვისები და ვებგვერდები ტრადიციული მედია საშუალებების ანალოგიურად ფუნქციონირებდნენ. მაგალითად, როდესაც ტელევიზია მაუწყებლობს, ჯერ ერთი, ის თავად განაგებს დღის განრიგს. ანუ თუკი რაღაც გადაცემა საღამოს 8 საათზე გადის, მისი ნახვა მხოლოდ ამ დროს არის შესაძლებელი. მეორეც, ის მაუწყებლობს იმას, რაც მას ჰგონია, რომ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.
Web 2.0 პრინციპებით შექმნილი ინტერნეტგვერდები რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული მედიისგან. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მომხმარებელი თავად აყალიბებს დღის განრიგს. ანუ, ინტერნეტტელევიზიის შემთხვევაში, მომხმარებელი თავად ირჩევს რას უყუროს მოცემულ მომენტში. ამის საილუსტრაციოდ ყველასთვის ცნობილი ინტერნეტსერვისი myvideo.ge გამოდგება.  myvideo.ge-ს მომხმარებელს საშუალება აქვს, ათი დღის განმავლობაში, საქართველოს წამყვან ტელეარხებზე გასულ ნებისმიერ სიუჟეტს თუ გადაცემას უყუროს. ამგვარად, მომხმარებელს სრული კონტროლი აქვს ამ ტელეარხების დღის განრიგზე. მაგრამ განსხვავებები ამით არ სრულდება. ვინაიდან მომხმარებლები თავადვე ქმნიან  „კონტენტს“, ანუ იმას, რასაც მერე სხვები უყურებენ. myvideo.ge-ს შემთხვევაში ამისთვის საკმარისია ამ ვიდეოსერვისის შესაბამის განყოფილებაში გადასვლა.
ყველასთვის ცნობილი ვიდეოსერვისი YOUTUBE ხომ მხოლოდ მოსახერხებალი პლატფორმაა. ამ სერვისზე განთავსებული ვიდეოები მხოლოდ მომხმარებლების მიერ არის განთავსებული. იგივე შეიძლება ითქვას ყველა სოციალურ ქსელზეც. მაგალითად, FACEBOOK-ის მთავარი სიმდიდრე თავად მომხმარებლები არიან, რომლებიც ამ სერვისს თავისი მეგობრებისა და ახლობლებისთვის საინტერესოს ხდიან. ერთ, ფეისბუქისთვის არც ისე მშვენიერ დღეს, ყველა მისმა მომხმარებელმა FACEBOOK-ში ინფორმაციის განთავსება რომ შეწყვიტოს, დაკარგავს თავის მომხიბვლელობას და გამოუსადეგარ ვებგვერდად გადაიქცევა. იგივე ეხება სხვა Web 2.0 პრინციპებით მომუშავე სერვისებსაც (Wikipedia, YouTube, Fliker, Blogger, WordPress და ა.შ.).
სოციალური ქსელების ეპოქაში თითოეული ადამიანი ინტერნეტსამყაროს ცენტრში ექცევა. მომხმარებელი თავად ირჩევს, როდის და რას უყუროს, რას უსმინოს, რა წაიკითხოს. უფრო მეტიც, თავადვე ქმნის იმას, რაც მერე სხვისთვის ხდება საინტერესო.

პატარა სამყაროს ეფექტი
ამირიკელ სოციოლოგ სტენლი მილგრამს (Stanley Milgram) უყვარდა სხვადასხვა ექსპერიმენტები.  მაგალითად, ადამიანებს შორის არსებული კავშირების შესწავლა გადაწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელი დასკვნები გააკეთა. ამერიკის ერთ-ერთი პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს მილგრამმა და მისმა კოლეგებმა 300 კონვერტი დაურიგეს. ამ კონვერტების ადრესატები სხვა ქალაქებში მცხოვრები, კონკრეტული პიროვნებები იყვნენ. ექსპერიმენტის პირობების თანახმად კონვერტების ფოსტით გაგზავნა არ შეიძლებოდა, დაშვებული იყო კონვერტების მხოლოდ ნაცნობების და ახლობლებისთვის გადაცემა. კონვერტის გზა ერთი ადამიანიდან სულ სხვა ქალაქში მცხოვრები მეორე ადამიანამდე ძალზე მოკლე აღმოჩნდა. ასე დაიბადა პატარა სამყაროს ან ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია. შემდეგმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებულ ნებისმიერ კონკრეტულ ადამიანს მეორესგან საშუალოდ სულ რაღაც ექვსი ხელის ჩამორთმევა აშორებს. ანუ მე თქვენგან, ისევე, როგორც ამერიკის პრეზიდენტისგან, სავარაუდოდ, დაახლოებით ექვსი საერთო ნაცნობი მაშორებს.

 

სოციოგრამა – ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორიის ილუსტრაცია

სოციალური ქსელების ხიბლიც ზუსტად ესაა. მე სოციალური ქსელის საშუალებით ვაცნობ ინფორმაციას ჩემს მეგობარს, რომელიც ამ ინფორმაციას აცნობს თავის მეგობარს და ამგვარად, იდეაში, ამ ჩემ მიერ ინიცირებულმა ინფორმაციამ შეიძლება მთელი მსოფლიო მოიაროს და სოციალურ ქსელში გაერთიანებული ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

This entry was posted in SocialMedia and tagged , , . Bookmark the permalink.

One Response to სოციალური ქსელები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s