რა არის ბლოგი?


ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ინტერნეტზე, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდ მედია საშუალებაზე. ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ ბეჭვდით მედიას და ამის სანაცვლოდ ახალ ამბებს  ინტერნეტით იგებენ-ხოლმე.  უამრავი მომხმარებელი უპირატესობას ინტერნეტ რადიოსა და ტელევიზიას ანიჭებს და ა.შ. ერთგვარი პარალელის გავლება ხდება ინტერნეტსა და ტრადიციულ მედიას შორის, რაც არამართებულია, ვინაიდან ტელევიზიის შემთხვევაში, ტელევიზიას  თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა ჰყავს, რომლებიც  იმას ქმნიან რასაც მერე ადამიანები მოიხმარენ. იგივე ხდება ბეჭდურ მედიაშიც. ინტერნეტის შემთხვევაში კი, საქმე სხვაგვარად არის, ინტერნეტი უბრალოდ კაბელებისა და ელექტრონული მოწყობილობის ერთობლიობაა, რომელიც სხვადასხვა ქსელებსა და მომხმარებლებს აერთიანებს. მედია საშუალებად მას თავად მომხმარებლები აქცევენ, როდესაც ინტერნეტში ინფორმაციას ანთავსებენ. ტრადიციული მედეა საშუალებები და ჩვეულებრივი ადამიანები ინტერნეტში ხშირად თანაბარ პოზიციაში არიან, ისინი მოიხმარენ ინტერნეტს და თავად ამდიდრებენ მას. შესაბამისად, უფრო მართებულია საუბარი ინტერნეტ არხებზე და არა ზოგადად ინტერნეტზე, როგორც მედია საშუალებაზე.
ერთ-ერთ ასეთ არხად შეიძლება ჩაითვალოს ბლოგოსფერო. სიტყვა ბლოგი, ისევე როგორც მისგან წარმოებული სიტყვა ბლოგოსფერო (ბევრი ბლოგების ერთობლიობა), ინტერნეტივით ახალია.

ინტერნეტ არხი სახელად – ბლოგი?
სიტყვა ბლოგი, შესიტყვება „ვებლოგი“-დან (weblog) წარმოებულია. თავად ვებლოგი კი ორი სიტყვის ერთობლიობაა  – ვები(web) და ლოგი(log). რაც ითარგმნება როგორც ვებ ჩანაწერი, ან ვებ ჟურნალი.
დღეს ძნელია იმის გარკვევა, ვინ იყო პირველი ბლოგერი. თავად ტერმინი, როგორც ჩანს, ჯონ ბარგერს (Jorn Barger) ეკუთვნის, რომელმაც 1997 წელს, პირველმა გამოიყენა შესიტყვება ვებლოგი (weblog) იმ აქტივობის აღსაწერად, რომელსაც ის ახორციელბედა.  შემოკლებული ფორმის – ბლოგის (blog)  შემოღება კი, პიტერ მეროლზის (Peter Merholz) დამსახურებაა, რომელმაც ეს ტერმინი, სახუმაროდ 1999 წელს თავის ბლოგში, Peterme.com გამოიყენა.
პირველი ბლოგები დაახლოებით 1994 წელს, ტერმინის ჩამოყალიბებამდე, გაცილებით ადრე გაჩნდა და მათ ძირითადად ონლაინ დღიურის სახე ჰქონდათ.  თავიდან ბლოგერობა არც ისე ადვილი იყო, რადგან არ არსებობდა ბლოგის წარმოების ინტერნეტ სერვისები და შესაბამისად, ბლოგის შექმნა ისეთივე რთული იყო, როგორც ვებგვერდის დამზადება. 1999 წელს, გაჩნდა მარტივი და მოხერხებული სერვისი – Blogger, ამან ხელი შეუწყო  ბლოგოსფეროს განვითარებას და ნებისმიერ ადამიანს მისცა საშუალება ყოველგვარი გადასახადისა და სპეციალური მომზადების გარეშე შეექმნა თავისი ბლოგი.

რა არის ბლოგი?
ბლოგი ძალიან ჰგავს ვებსაიტს, მაგრამ რამდენიმე მისთვის დამახასიათებელი ნიშანიც აქვს. ყველა ბლოგს აქვს სათაური. როგორც წესი, ბლოგში განთავსებული თითოეული ჩანაწერი დათარიღებულია და  კომენტარების დატოვების საშუალება აქვს. როგორც წესი, ბლოგი რომელიმე კონკრეტული ინდივიდის მიერ არის შექმნილი, მაგრამ არსებობს კორპორატიული ბლოგებიც. ასეთ შემთხვევაში თითოეულ ჩანაწერს კონკრეტული ავტორი ჰყავს. კორპორატიულ ბლოგში, როგორც წესი, მითითებულია, რომ გამოთქმული მოსაზრებები კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის და ამა თუ იმ ორგანიზაციის შეხედულებებს არ წარმოადგენს. ბლოგში გაკეთებულ ჩანაწერებს „პოსტი“ ჰქვია, ეს ტერმინი ინგლისური სიტყვიდან (post) არის წარმოებული, ქართულად ითარგმნება, როგორც შეტყობინება. ბლოგში პოსტები რეგულარულად ქვეყნდება და უკუქრონოლოგიურად არის განლაგებული.
ზოგიერთი ბლოგერი თავის თავს ონლაინ ჟურნალისტს უწოდებს, ამ საკითხის ირგვლივ დიდი ხანია  კამათი მიმდინარეობს. შეიძლება თუ არა ბლოგერებს ჟურნალისტები ვუწოდოთ. თავის მხრივ, ბევრ ჟურნალისტს ბლოგი აქვს გახსნილი.
დღესდღეობით, ზოგიერთ ღონისძიებაზე, ბლოგერებს ისეთივე სტატუსს ანიჭებენ, როგორც ჟურნალისტებს. მაგალითად, 2010 წელს ამერიკაში გამართულ ერთ-ერთ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოფენაზე, ბლოგერებს ისევე შეეძლოთ მოეთხოვათ აკრედიტაცია, როგორც ჟურნალისტებს. შემდგომ აკრედიტებული ბლოგერები იმავე პრივილეგიებით სარგებლობდნენ, როგორც ტრადიციული მედია საშუალების წარმომადგენლები, მათ შეეძლოთ მხოლოდ ჟურნალისტებისა და ვიწრო სპეციალისტებისთვის განკუთვნილ შეხვედრებზე დასწრება.

როგორ შევქმნათ ბლოგი
ბლოგის შექმნა ძალიან ადვილია, ამისთვის საკმარისია დარეგისტრირდეთ რომელიმე უფასო ბლოგ-პლატფორმაზე. მაგალითად, blogger.com ან  wordpess.com -ზე. შესაბამისი მონაცემების შევსების შემდეგ, თქვენი ბლოგი თითქმის მზად იქნება. დარჩება მხოლოდ მისი ინფორმაციით შევსება.
იმ სიმარტივის გამო, რომლითაც შესაძლებელია ბლოგის დარეგისტრირება, ხშირად იგნორირებულია მთავარი – ბლოგის ხარისხი. ბლოგში ინფორმაციის განსათავსებლად არ არსებობს არანაირი შეზღუდვები ან წესები, არ არსებობს ბლოგის შეფასების რაიმე საყოველთაოდ მიღებული სტანდარტი, არც ვინმე რედაქტორი, რომელიც გამოქვეყნებული მასალის ხარისხს შეაფასებს. ნებისმიერ ბლოგერს შეუძლია გამოაქვეყნოს ის, რაც მას სურს. შესაბამისად, ბლოგერი თავად აგებს პასუხს იმაზე, რასაც აქვეყნებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან. მაგრამ მაინც არსებობს ბლოგის შეფასების ერთი უტყუარი მექანიზმი – მისი პოპულარობა, ანუ მკითხველთა რაოდენობა. და მაინც ერთი პატარა რჩევა ბლოგერებს, წერეთ მოკლედ, ადამიანებს არ უყვართ მონიტორზე გრძელი ტექსტის კითხვა.

ბლოგების უპირატესობა
ბლოგი, როგორც წესი, ინდივიდის მიერ არის შექმნილი, კორპორატიული ბლოგის შემთხვევაშიც კი, თვალნათლივ არის მითითებული კონკრეტული პოსტის ავტორი. ამიტომ ბლოგში ისეთივე ადამიანის მოსაზრებებს ვკითხულობთ, როგორიც თვითოეული ჩვენთაგანია.
მარკეტინგის სპეციალისტებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ადამიანი გაცილებით უფრო მეტად ენდობა თავისი ნაცნობის, მეგობრის რჩევას, ვიდრე სარეკლამო განცხადებას. მაგალითად, როდესაც მე  ტელევიზორში მობილური ტელეფონის სარეკლამო რგოლს ვუყურებ, რომელშიც  ახალი პროდუქტის უპირატესობებია აღწერილი, მე ასე ვმსჯელობ: „ეს ხომ სარეკლამო განცხადებაა  და ბუნებრივია, რომ მასში პროდუქტზე მხოლოდ დადებითი კუთხით არის საუბარი. აბა, რეკლამის შემქმნელები უარყოფით მხარეებზე ხომ არ გაამახვილებენ ყურადღებას“. ამის გარდა თანამედროვე ადამიანს იმდენი რეკლამა ხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ უკვე აღარ აქცევს მას ყურადღებას, ამ მოვლენას თავისი სახელიც აქვს – სარეკლამო ხმაური. ანუ, როგორც მუსიკის მოსმენაა შეუძლებელი ხმაურიან გარემოში, ისევე გაძნელებულია რეკლამის აღქმა რეკლამითვე გადაჯერებულ, თანამედროვე გარემოში. ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მეგობრის ან სულაც ნაცნობის რჩევა. მე გაცილებით უფრო მეტად ვენდობი არაპროფესიონალი მეგობრის რჩევას, ვიდრე პროფესიონალების მიერ დამზადებულ სარეკლამო რგოლს. ბლოგებიც ზუსტად ამ უპირატესობით სარგებლობენ ტრადიციულ მედიასთან მიმართებაში. იმის გამო, რომ ბლოგი კონკრეტული, ჩემნაირი პიროვნების მიერ არის შექმნილი, ხშირად უფრო მეტ ნდობას იმსახურებს.
ბოლო დროს უკვე საქართველოშიც გაჩნდა პრეცედენტი, როდესაც ესა თუ ის ორგანიზაცია ბლოგერებს მოუხმობს თავისი საქმიანობის გასაშუქებლად. ასე მოხდა სატელევიზიო შოუს „ნიჭიერის“ შემთხვევაშიც. ცხადია, რომ სატელევიზიო შოუს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ „ნიჭიერის“ შემქმნელებმა ეს უფასო და ყველასთვის მისაღები ფორმა არჩიეს აუდიტორიასთან საურთიერთოდ. ამ პროექტის ბლოგზე ხშირად იმართებოდა მწვავე დისკუსიები და მომხმარებლები კომენტარების საშუალებით ამცნობდნენ შოუს შემქმნელებს თავიანთ მოსაზრებებს, რაც უდავოდ  საინტერესო იყო მათთვის.

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

8 Responses to რა არის ბლოგი?

  1. ჭოლა says:

    პირველ ბლოგად მაინც ტიმ ბერნერს ლის (Tim Berners Lee) ვებ-საიტი ითვლება, 1992 წლიდან დაწყებული აქვეყნებდა ახალ ამბებს 🙂

    • გამარჯობა.ბლოგი ჩემი ტკივილია,5–ჯერ გავაკეთე და 5წუთში გავაუქმე.მე–6–ედ გაკეთებულმა 1დღე გაძლო და ყველაფერი მარტივად გავაკეთე,ადვილია.სამაგიეროდ ვერაფრით მივაგენი ფუნქციას,რომელიც დაბლოკავს კოპირებას და თუ აქვს იქნებ დამეხმაროთ.ახლა ჩემი ბლოგის სახელი არ მომწონს,იკოგნიტა ფემმე არა იუდას ქალი :დ :დ

      • სამწუხაროდ მექანიზმი რომელიც ბლოში გამოქვეყნებული კოპირებას დაბლოკავდა აე არსებობს. შემიძლია ესეთი ალტერნატივა შემოგთავაზოთ: saba.com.ge

        აქ ნებისმიერს შეუძლია დარეგისტრირება, თავისი წიგნის ატვირთვა და შემდეგ გამოქვეყნება. აქ გამოქვეყნებული წიგნები კოპირებისაგან დაცულია🙂 ასე რომ წიგნების წერაზე თუ გადაერთვებით მაშინ თქვენი კონტენტი დაცული იქნება.

  2. Pingback: ბლოგები | სოციალური ქსელები

  3. incognita femme says:

    დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის🙂 წიგნების წერაზე გადასვლა მხოლოდ სურვილზეა დამოკიდებული,თორემ ყველას შეუძლია :დ არადა კარგი იქნებოდა ეგ ფუნქცია.

  4. გამარჯობა, ბატონო სანდრო თითქმის 2 წელია უკვე ბლოგი მაქვს. ვთვლი რომ ჩემი პროფესია ბლოგერობა არ შეიძლება 1 კვირა გავიდეს რომ პოსტი არ დავწერო, ბევრი მსმენია თქვენზე, საზოგადოება “ბილიკიდან” და ჩემი მასწავლებლისგან, პიეჩის კოკურსში ვარ ჩართული და როგორ მოგწონთ ჩემი ბლოგი, ნიჭიერის ბლოგზეც იდო ჩემი სტატია🙂

    • გამარჯობა. კარგი ბლოგი გაქვს. ჩემი აზრით კარგ ბლოგად შეიძლება ჩაითვალოს ის ბლოგი რომელშიც პოსტების უკან ავტორი მოსჩანს. ანუ ბლოგის ავტორი წერს იმას რასაც ფიქრობს, წერს იმის შესახებ რაც თავად აინტერესებს. ასეთი ბლოგები არც ისე ბევრია. შენი ბლოგი კი სწორედ ასეთია. ასე რომ წარმატებებს გისურვებ. თუკი ბლოგთან დაკავშირებით ჩემი დახმარება დაგჭირდეს მომწერე დაგეხმარები რითაც შევძლებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s