წლის პერსონა


ყოველ წელს ჟურნალი „Time“ წლის პერსონას ასახელებს. 2010 წლის ადამიანად ამ ავტორიტეტულმა გამომცემლობამ ფეისბუქის დამფუძნებელი, 26 წლის მარკ ცუკერბერგი (Mark Elliot Zuckerberg) დაასახელა.
რიჩარდ სტენგელის (Richard Stengel), ჟურნალ „ტაიმის“ აღმასრულებელი რედაქტორის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევანი ცუკერბერგზე შეჩერდა, „ვინაიდან მან ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი გააერთიანა“ და „ინფორმაციის გაცვლის ახალი სისტემა შექმნა.“
გასული წელი მართლაც ნიშანდობლივი იყო, კერძოდ, ფეისბუქის შემქმნელთათვის და ზოგადად ყველასთვის, ვინც ამ სოციალურ ქსელშია გაერთიანებული. ფეიბუქის „აქტიურ მომხმარებელთა“ რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა.

ფილმი „სოციალური ქსელი“
2010 წელს ჰოლივუდში მარკ ცუკერბერგსა და მის მიერ შექმნილ ინტერნეტ რესურსს ფილმიც კი მიეძღვნა. ფილმი „სოციალური ქსელი“, ცნობილმა რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა გადაიღო. ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკელმა კინოკრიტიკოსებმა (New York Film Critics Circle Awards) დევიდ ფინჩერის ქმნილებას, პრემიაც მიანიჭეს. ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა პრემია 1936 წლიდან გაიცემა და როგორც წესი, „ოსკარის“ ძირითად კანდიდატებს გამოავლენს ხოლმე. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების კინოკრიტიკოსთა საბჭომ (National Board of Review) ფილმი და მისი რეჟისორი საუკეთესოდ აღიარა.
თავად წლის „პერსონა“, მარკ ცუკერბერგი, ამ ფილმით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო. მისმა პრესსამსახურმა, თავის დროზე, განცხადება გაავრცელა – ფილმში ასახული მოვლენები არ შეესაბამება სინამდვილესო, ხოლო მთავარი გმირი, არ ასახავს რეალურ პიროვნებას – მარკ ცუკერბერგსო.

საკამათო არჩევანი
„Time“ – ის არჩევანი ამავე ჟურნალის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს არ დაემთხვა, რამაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. თავად მკითხველებმა უპირატესობა აწ უკვე ყველასთვის ცნობილი საიტის WikiLeaks – ის დამფუძნებელს, ჟულიან ასანჟს მიანიჭეს. მან ონლაინ გამოკითხვის შედეგების მიხედვით 382 020 ხმა დააგროვა, მაგრამ ტრადიციის მიხედვით, „წლის პერსონას“ თავად ჟურნალის მთავარი რედაქტორი ირჩევს. მთავარმა რედაქტორმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ცუკერბერგი და ასანჟი „მედალის ორ მხარეს წარმოადგენენ“: „ორივე გამჭვირვალობისა და ღიაობის იდეას გამოხატავს. უბრალოდ, ასანჟი თვლის, რომ სამყარო რეალური და გამოგონილი მტრებით არის სავსე, ხოლო ცუკერბერგისთვის სამყარო პოტენციური მეგობრებითაა დასახლებული“ – განმარტა მთავარმა რედაქტორმა.

წლის პიროვნების არჩევის ტრადიცია, ჟურნალ „Time“-ში, 80 წელზე მეტია არსებობს. ამ ტიტულის მფლობელი ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ხდება, რომელთაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ არჩევანს  „Time“-ის მთავარი რედაქტორი ფეისბუქის შემქმნელის, მარკ ცუკერბერგის მსოფლიოზე დადებითი გავლენით ამართლებს, 80 წლის განმავლობაში ბევრი საკამათო პიროვნება ყოფილა დასახელებული. მაგალითად, 1938 წელს, ადოლფ ჰიტლერი დასახელდა, ხოლო იოსებ სტალინი ორჯერ ყოფილა ამ ნომინაციის გამარჯვებული, 1939 და 1942 წლებში.
უახლოეს წარსულში, 2009-ში, წლის პიროვნებად ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნაკე დასახელდა. 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, 2007-ში კი, რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. კიდევ უფრო საინტერესო არჩევანი ჟურნალმა  2006 წელს გააკეთა, როდესაც წლის პიროვნებად, აბსტრაქტული  – შენ „YOU“ – დასახელდა. ანუ თითოეული ჩვენთაგანი, უფრო კონკრეტულად კი ისინი, ვინც თანამედროვე ინტერნეტს ვქმნით: ინტერნეტში ფოტოებს ვაქვეყნებთ, YouTub-ზე ვიდეოებს ვტვირთავთ. მიგვყავს ბლოგები და ინტერნეტში კომენტარებს ვტოვებთ.

ცოტა რამ ცუკერბერგსა და ფეისბუქის შესახებ
მარკი 1984 წლის 14 მაისს დაიბადა,  ქალაქ ვაით ფლაინში, ნიუ-იორკის შტატში (White Plains, New York) ამერიკის შეერთებული შტატები. დედამისი, კარენი ფსიქიატრია, მამას ედვარდი ჰქვია და დანტისტია. მარკს სამი და ჰყავს: რანდი, დონა და არიელი. მისი მშობლები იუდაიზმის მიმდევრები არიან, ხოლო თავად საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევს.
მარკმა კომპიუტერებისადმი დიდი ინტერესი ბავშვობიდანვე გამოავლინა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში დაწერა რამდენიმე პროგრამა. AOL და Microsoft-ი მას სამსახურს სთავაზობდნენ, პატარა ვუნდერკინდმა კი უარი განაცხადა და ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
ზუსტად აქ, ჰარვარდის უნივერსიტეტში, 2004 წლის 4 თებერვალს,  Facebook-ის საიტი ჩაირთო. მართალია თავიდან ამ სოციალური ქსელით სარგებლობა მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო შესაძლებელი. დრო გადიოდა და სულ უფრო მეტ ადამიანს სურდა Facebook-ში დარეგისტრირება.
რაღაც მომენტში მარკი მიხვდა, რომ დროა თავისი პროდუქტისგან სრულფასოვანი ბიზნესი წამოიწყოს. მან უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და კალიფორნიაში, პალო ალტოში, ინოვაციური კომპანიების სამშობლოში გაემგზავრა. აქ, თანამოაზრეებთან ერთად, პატარა სახლი დაიქირავა და ფეისბუქის განვითარებას მიჰყო ხელი. ცოტა ხანში, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა. 2010 წელს ჟურნალ „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, ყველაზე მდიდარ ამერიკელებს შორის, ცუკერბერგი 29-ე ადგილზე გავიდა, მისი ქონება კი $ 6.9 მილიარდით არის შეფასებული.

ქველმოქმედება
ცუკერბერგი  თავისი ფილანტროპული მისწრაფებებითაა ცნობილი. ცოტა ხნის წინ, იგი იმ მილიარდერთა სიას შეუერთდა, რომლებმაც პირობა დადეს თავიანთი ქონების ნახევარი ქველმოქმედებას მოახმარონ. ეს აქცია თავის დროზე ცნობილმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა და ბილ გეიტსმა წამოიწყეს. მანამდე კი, მარკმა $100 მილიონი დოლარი ნიუ-ჯერსის სკოლებს გადასცა.

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s