რა არის WikiLeaks-ი და ვინ არის ჯულიან ასანჟი


შესავლის მაგივრად
ცნობილი კინორეჟისორის იან პოლანსკის ბოლო ფილმში „უსახელო ავტორი“ (Ghostwriter), მთავარი გმირი  ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან შეკვეთას იღეს, მან ინგლისის ყოფილი პრემიერ მინისტრის მემუარებს დასრულებული სახე უნდა მისცეს. ამისთვის,  ამ გავლენიანი პოლიტიკოსის აგარაკზე მიემგზავრება, სადაც მას ქაღალდზე ამობეჭდილ ტექსტს გადასცემენ. ის გაკვირვებით უყურებს ტექსტს და მდივანს ეკითხება, კი მაგრამ, ამ ტექსტის ელექტრონული ვერსია არ არსებობსო? განა კომპიუტერში, ტექსტთან მუშაობა უფრო ადვილი არ არისო. რაზეც არაორაზროვან პასუხს მიიღებს. კომპიუტერში აკრეფილი ტექსტის კოპირება და მოპარვა ძალიან ადვილიაო, ასეთი სახით კი ტექსტი უფრო დაცული არისო.
თითქოს, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია ინფორმაცია მით უფრო დაცული უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ არის. ამის დასტურად საიტი WikiLeaks-იც გამოდგება. ამ საიტზე ხომ ასიათასობით საიდუმლო დოკუმენტია გამოქვეყნებული.
დღეს WikiLeaks-ი მსოფლიო მედიაში, ალბათ, ყველაზე ხშირად ციტირებული სიტყვაა. მედია საშუალებებს, არც პოლიტიკოსები ჩამორჩებიან და სკანდალურ საიტზე გამოქვეყბენბული მასალების თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირებას ცდილობენ. სხვადასხვა ჟურნალისტები თუ ექსპერტები, სკრუპულოზურად, ფურცელ ფურცელ კითხულობენ საიტზე გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებს და რეზულტატს საზოგადოებას ამცნობენ.

რა არის WikiLeaks-ი
WikiLeaks ინტერნეტ საიტია, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა და შექმნის დღიდანვე საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება დაიწყო. თავად ამ ინტერნეტ რესურსის სახელი ორი სიტყვისგან შედგება Wiki და Leaks.
Wiki-ს ისეთ ინტერნეტ რესურსებს ჰქვიათ, რომლებზეც რამდენიმე ადამიანს შეუძლია ერთ დოკუმენტზე მუშაობა ან სხვისი ნამუშევრის რედაქტირება. ამ პრინციპითვე მუშაობს ცნობილი ონლაინ ენციკლოპედია – ვიკიპედია. ვიკიპედიას სახალხო ენციკლოპედიასაც ეძახიან, ვინაიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიკიპედიაზე ინფორმაციის განთავსება, ან კი სხვის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ცვლილებების შეტანა. ვიკიპედიაში თავად მომხმარებლები წყვეტენ რომელი შესწორებაა უფრო ზუსტი და ის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელთა ნდობას არ იმსახურებს ამ რესურსიდან იშლება.
სიტყვა Leaks კი, ინფორმაციის გაჟონვას ნიშნავს. შესაბამისად,  WikiLeaks-ი ისეთი საიტია, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საიდუმლო ინფორმაცია გამოაქვეყნოს და შესაბამისად, საჯარო გახადოს. როგორც WikiLeaks-ის ადმინისტრაცია იუწყება, ისინი გამოქვეყნებამდე თავად ამოწმებენ ყველაფერს, რათა მათ რესურსზე გაყალბებული დოკუმენტები არ აღმოჩნდეს, მაგრამ რესურსის მთავარი დამსახურება იმაშია, რომ შეუძლებელია იმ პიროვნებათა დადგენა, რომლებმაც გამოაგზავნეს ან რაიმე გზით მოიპოვეს WikiLeaks-ზე განთავსებული მასალები.

ვის არ მოსწონს WikiLeaks-ი
ავსტრალიას – იმის გამო, რომ ცნობილი გახდა იმ ინტერნეტ რესურსების სია, რომელთა დაბლოკვაც ამ ქვეყნის მთავრობას თავის ტერიტორიაზე სურდა. ჩინეთს – ტიბეტში მომხდარი ამბების გაშუქების გამო. კენიის ყოფილი პრეზიდენტის დანიელ არაპა მოის მომხრეებს – არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მმართველ გუნდში არსებული კორუფციის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო. ამ ინფორმაციამ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება უზრუნველყო.
WikiLeaks-ი არ უყვართ ისლამისტ რადიკალებს. 2008 წელს ამ რესურსზე, ჰოლანდიელი პარლამენტარის, გიირტა ვილდერსის, ანტიისლამისტური ფილმის გამოქვეყნების გამო. YouTube-მ მას შემდეგ მოხსნა ვიდეო თავისი რესურსიდან, რაც ეს ინტერნეტ სერვისი პაკისტანის ტერიტორიაზე დაიბლოკა. ხოლო სხვა რესურსებმა – თავისი თანამშრომლების სიცოცხლის საფრთხის გამო.
არაკეთილსინდისიერ კლიმატოლოგებს მას შემდეგ, რაც WikiLeaks-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტების გამო ეგრეთ წოდებული „კლიმატგეითი“ აგორდა – ზოგიერთი მეცნიერი თავის პირად მიმოწერაში პირდაპირ მიუთითებდა, რომ დედამიწაზე დათბობის შესახებ კვლევები გაყალბებულიაო.
მაგრამ ყველაზე მეტად WikiLeaks-ი ამერიკის მთავრობას არ უყვარს. ეს ქვეყანა, როგორც ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული, სათუთად ინახავს საიდუმლო დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს. ავღანეთის დოსიეში, რომელიც WikiLeaks-ის წყალობით საყოველთაოდ ცნობილი გახდა, იმ პიროვნებათა მონაცემები, რომლებიც ავღანეთში ნატოს ჯარებთან თანამშრომლობენ. სწორედ საიდუმლო დოკუმენტების ამ პორციამ გახადა WikiLeaks-ი ესოდენ პოპულარული. ასევე ამ რესურსზე ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერის უზარმაზარი არქივია განთავსებული, 250 ათასზე მეტი დოკუმენტი.
გაზეთმა „The National“ განაცხადა, რომ WikiLeaks-მა დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში გაცილებით მეტი სენსაცია მოახდინა, ვიდრე Washington Post-მა 30 -წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში. პრესაში საუბრობენ იმაზეც, რომ ჟურნალი „Time“-ი აპირებს WikiLeaks-ის დამფუძნებელი წლის ადამიანად გამოაცხადოს. შარშან ამ ავტორიტეტულმა გამოცემამ წლის ადამიანად ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დაასახელა.

ვინ შექმნა WikiLeaks
WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის (Julian Assange) დაკავების შემდეგ, ყურადღებამ ამ რესურსზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან თავად რესურსის შემქმნელზე გადაინაცვლა.
ზოგისთვის ჯულიან ასანჟი თამამი იდეალისტია, რომელიც ცდილობს ყველა საიდუმლოს ფარდა ახადოს და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შეახსენოს, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე. ზოგისთვის კი, ავანტიურისტია, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოებას.
მთელი მისი ცხოვრება ათასგვარი ფათერაკები და დაუსრულებელი მოგზაურობების უწყვეტი ჯაჭვია.
იგი 1971 წელს, ქალაქ ტუნსვილში (Townsville), ავსტრალიაში დაიბადა.  როდესაც ჯულიანს ერთი წელი შეუსრულდა,  დედამისი ცოლად მოხეტიალე თეატრის დირექტორს გაჰყვა. ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. იგი თავის ცხოვრებას ტომ სოიერის თავგადასავალს ადარებს: „მე მყავდა ცხენი. თავად ავაშენე ტივი, როდესაც მომესურვებოდა ვთევზაობდი, დავძვრებოდი გამოქვაბულებში“.
როდესაც ჯულიანს 8 წელი შეუსრულდა, დედა თეატრის დირექტორს გაშორდა და მუსიკოსს დაუმეგობრდა. მათ შვილიც გაუჩნდათ, მაგრამ შემდგომ გაირკვა, რომ ჯულიანის მამობილი სექტის წევრი იყო, რომლის მიმდევრებიც თავიანთ ახალშობილებს, ამ სექტის დამფუძნებელს, ანე ჰამილტონს (Anne Hamilton-Byrne) აბარებდნენ აღსაზრდელად. დედას გაქცევა მოუწია. 11-დან 16 წლამდე ასაკი ასანჟმა კვლავ დაუსრულებელ  გადაადგილებაში გაატარა. იგი ხანდახან სკოლაშიც დადიოდა ხოლმე, ძირითადად კი სახლში იღებდა ცოდნას. მას სამეცნიერო ლიტერატურა მოსწონდა და ხშირად სტუმრობდა ბიბლიოთეკებს. თავად ასანჟი, თავის ბიოგრაფიაში, რომელიც  WikiLeaks-ზეა გამოქვეყნებული, სიამაყით აღნიშნავს, რომ იგი 37 სკოლაში და 6 უნივერსიტეტში სწავლობდა.
შემდეგ ასანჟი პროგრამირებამ გაიტაცა. მან მალევე დაიმსახურა საუკეთესო ჰაკერის რეპუტაცია. 1989 წლის ოქტომბერში, კოსმოსური ხომალდის „ატლანტისის“ ჩამოფრენისას, ნასას კომპიუტერების მონიტორებზე უცნაური წარწერა გაჩნდა – WANK. ეს ჰაკერთა ჯგუფის აბრევიატურა იყო (Worms Against Nuclear Killers – ჭიები ბირთვული მკვლელების წინააღმდეგ). როგორც ვარაუდობენ, ასანჟი ამ ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ისინი მარტივი დევიზით ხელმძღვანელობდნენ – „არ დააზიანო სისტემები, რომლებშიც შეაღწევ, არ შეცვალო მათში არსებული ინფორმაცია, მაგრამ სხვებსაც გაუზიარე“.
WikiLeaks-ის დამფუძნებელი დაკავებულიც ყოფილა. მას ბანკიდან ჰაკერული გზით ფულის მოპარვა ედებოდა ბრალად. მაგრამ  ბრალი არ დაუმტკიცდა. მან მართლაც გაარღვია ბანკის უსაფრთხოების სისტემა, მაგრამ ფული არ მოუპარავს, რაც მისი განთავისუფლების საბაბი გახდა.
მას ჰყავს შვილი, რომელიც დედასთან იზრდება.
მთელი ცხოვრება ჯულიანი ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობს. ამბობენ, რომ იგი საქართველოშიც არის ნამყოფი.
რატომ დააკავეს WikiLeaks-ის დამფუძნებელი
ასანჟი 7 დეკემბერს ლონდონში დააკავეს. შვედური პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების საფუძველზე. მას ორი შვედი მანდილოსნის გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. თავად ჯულიანი უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ვონ სმიტი Frontline Club-ის წარმომადგენელი, (ეს ორგანიზაცია დამოუკიდებელ ჟურნალისტებს უწევს დახმარებას) აცხადებს: „მე მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ბრალდებები წაყენებული იყო ამა წლის აგვისტოში, შემდეგ რამდენიმე დღეში, მას ბრალდება მოუხსნეს. ასანჟმა ქვეყნის დატოვების უფლება ითხოვა და მას 40 დღით გამგზავრების ნება დართეს“ – ამბობს სმიტი –  „ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ შემდგომში ბრალდებები კვლავ ძალაში დატოვეს“. ეჭვებს ბადებს ისიც, რომ მას თავდებით განთავისუფლებაზე უარი განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ თავდების სურვილი ცნობილმა ინგლისელებმა – ჯონ პილჯერმა, კენ ლოაჩმა და ჯემაიმა ხანმა – გამოთქვეს.

This entry was posted in SocialMedia. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s