თუ გსურთ მთელ მსოფლიოს ესაუბროთ, დაარეგისტრირეთ საკუთარი ბლოგი !


თუკი სურვილი გაქვთ თქვენთვის საინტერესო თემაზე მთელ მსოფლიოს ესაუბროთ, დღეს ამის პრობლემა აღარ არის – დაარეგისტრირეთ ბლოგი. თავიდან, როდესაც ინტერნეტი შეიქმნა, ის მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო წრეებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მერე ინტერნეტისკენ პროგრამისტებმა მიაშურეს და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გასაგები გარემოს შექმნას შეუდგნენ. პროგრამისტებს დიზაინერები მიჰყვნენ და შედეგად, ისეთი ვებსივრცე მივიღეთ, როგორსაც ყველანი კარგათ ვიცნობთ. დღეს, ჩვეულებრივ ადამიანს, არც პროგრამისტის და არც დიზაინერის დაქირავება არ სჭირდება, რომ ვებში ინფორმაცია განათავსოს. დღეს, თავად მომხმარებლები აყალიბებენ ინტერნეტის თანამედროვე სახეს YouTube-ზე ატვირთული ვიდეოებით,  Facebook-ზე განთავსებული ფოტოებითა და პერსონალური ბლოგებით.
ბლოგების შესახებ, ალბათ, ბევრი გსმენიათ. შეიძლება საკუთარი ბლოგის დარეგისტრირებაზეც გიფიქრიათ, ან უბრალოდ, გაინტერესებთ როგორ შეიძლება ბლოგის შექმნა. დღესდღეობით უამრავი პლატფორმა არსებობს ბლოგის დასარეგისტრირებლად.

Blogger
ბლოგერი, ბლოგის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე ძველი პლატფორმაა. იგი1999  წელს შეიქმნა კომპანია Pyra Labs-ის მიერ (სან ფრანცისკო). აი, რას ამბობენ თავად ამ სერვისის შემქმნელები – „ჩვენ სამი მეგობარი ვიყავით,  დიდი კომპანიებისთვის მოსაწყენ პროექტებზე ვმუშაობდით და ამით ვცდილობდით უზარმაზარ ინტერნეტ სამყაროში ჩვენი ადგილი დაგვემკვიდრებინა. ის, რასაც მაშინ ვაკეთებდით, ნაკლებად მნიშვნელოვანია დღეს, მაგრამ ჩვენი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ინტუიციასა და სხვადასხვა იდეებზე დაყრდნობით, შევქმენით ბლოგერი – და ეს პროექტი ჩვენთვის ძალზე წარმატებული აღმოჩნდა“.

2003 წელს ბლოგერი ინტერნეტ გიგანტმა Google-მა შეიძინა. შექმნის დღიდან ამ ბლოგების წარმოების სერვისმა ბევრი ცვლილება განიცადა. მაგალითად, თუ დღეს თქვენ ბლოგის სტანდარტული დიზაინი არ მოგწონთ, შეგიძლიათ არა მარტო ბლოგერის მიერ შემოთავაზებული „თემფლეითები“ გამოიყენოთ, არამედ, სხვა კომპანიის, ან სულაც მოხალისეების მიერ დამზადებული დიზაინი შეურჩიოთ თქვენს ბლოგს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი დიზაინი იმდენად გადატვირთულია დეტალებით, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში, ბლოგი თავის ძირითად ფუნქციას – ინფორმაციის გავრცელებას – კარგავს. ბლოგერი საშუალებას აძლევს მომხმარებელს თავისი ბლოგის პროგრამულ კოდშიც შეიტანოს ცვლილებები და თუკი HTML-ის და CSS-ის კარგი მცოდნე ხართ, თავად შეგიძლიათ არეგულიროთ ბლოგის გარეგნული სახე.
ეს ინტერნეტსერვისი მოხმარებაში ძალზედ მარტივია და საკმაოდ პოპულარულია ქართველ ბლოგერებს შორის. იგი სრულიად უფასოა და სტანდარტული ბლოგის წარმოებისთვის სავსებით საკმარისი.

WordPress
ვორდპრესი 2003 წელს დაფუძნდა. თუმცა ამ სერვისის ერთ-ერთი შემქმნელი მიშელ ვალდრიგი (Michel Valdrighi),  მასზე ჯერ კიდევ 2000 წლიდან მუშაობდა. ვორდპრესი ბლოგერზე გაცილებით უფრო ფუნქციურია და ამასთან, უფრო რთულიც. მისი დახმარებით შესაძლებელია სრულფასოვანი ვებგვერდის ან კი, სულაც ვებმაღაზიის შექმნა. ამ სერვისის ძირითადი ნაწილი, ანუ ის ფუნქციები, რომლებიც ბლოგის შასაქმნელად არის აუცილებელი – უფასოა, თუმცა, თუ თქვენ რაიმე არასტანდარტული დიზაინის გამოყენება გსურთ, მაშინ დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. ასევე ფინანსებთანაა დაკავშირებული სხვა დამატებითი ფუნქციებიც. მაგალითად, თქვენი ბლოგის პროგრამულ კოდში,  HTML-სა და CSS კოდში ცვლილებების შეტანა.
ვორდპრესს ბლოგერზე გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს. ის, უბრალოდ ბლოგის წარმოების ჩარჩოებს სცდება, თუმცა ამ მრავალფუნქციურობის გამო გაცილებით დატვირთული მენიუ აქვს და შესაბამისად, უფრო რთულია მასთან მუშაობა. ამასთანავე, ზოგიერთი ფუნქციის, ეგრეთწოდებული „ვიჯეტის“ გააქტიურება ფასიანია.
ვორდპრესი საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბლოგის წარმოების პლატფორმაა.

Live Journal
„ლაივ ჯოურნალს“, ამ ბლოგების წარმოების სერვისს სოციალური ქსელის ფუნქციებიც აქვს შეთავსებული. სხვადასხვა ადამიანები „ცოცხალი ჟურნალის“ („живой журнал“) საშუალებით ერთმანეთს „იმეგობრებენ“ და თანამეგობრობებში ერთიანდებიან. ისევე, როგორც სხვა ბლოგის წარმოების სერვისებში, აქაც შესაძლებელია რამდენიმე ავტორის მიერ ერთი ბლოგის წარმოება, კომენტარების დატოვება, გამოკითხვების ჩატარება და ა. შ.
„ლაივ ჯოურნალი“ 1999 წელს შეიქმნა, ბრედ ფიცპატრიკის მიერ (Brad Fitzpatrick) სავსებით კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად – ავტორს სურდა, რომ თავის სკოლის მეგობრებს შესაძლებლობა ჰქონოდათ თვალყური ედევნებინათ მისი საქმიანობისთვის. საბოლოოდ, „ცოცხალი ჟურნალი“ ერთი ადამიანის დღიურის ჩარჩოებს გასცდა და საკმაოდ წარმატებულ პლატფორმად იქცა.
2005 წელს „ცოცხალი ჟურნალის“ მფლობელი კომპანია „სიქს ეფართი“ (Six Apart) გახდა. ხოლო 2007 წელს ამ სერვისის მფლობმა განაცხადა, რომ „ცოცხალ ჟურნალს“ ერთ-ერთი რუსული მედია კომპანია ყიდულობს. ეს ინტერნეტ რესურსი დღესაც რუსებს ეკუთვნით და ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „ცოცხალი ჟურნალი“ რუსეთში ძალზე პოპულარულია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 2009 წელს, თავად რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა „ცოცხალ ჟურნალში“ თავისი პერსონალური ბლოგი დაარეგისტრირა. აი, მისი მისამართი: http://community.livejournal.com/blog_medvedev

Twitter
ტვიტერს მიკრობლოგინგის პლატფორმას უწოდებენ. რადგან ამ სერვისის გამოყენებით, მხოლოდ მოკლე შეტყობინებების  (არაუმეტეს 140 სიმბოლოსა) განთავსებაა შესაძლებელი ინტერნეტში. თავად სიტყვა Twitter ინგლისური სიტყვიდან Twitting ანუ ჭიკჭიკიდან არის ნაწარმოები. სერვისი 2006 წელს ამუშავდა. სერვისის იდეაა მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) ინტერნეტში განთავსების შესაძლებლობა. ანუ ტვიტერის საშუალებით მომხმარებლები სმს-ებს არა რომელიმე კონკრეტულ ადრესატს უგზავნიან, არამედ  – ინტერნეტში განათავსებენ და შესაბამისად, ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.
პირველი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, რომელმაც სოციალური მედიის და კერძოდ, ტვიტერის გამოყენება დაიწყო, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო. იგი აქტიურად იყენებდა ამ სერვისს თავისი საპრეზიდენტო კომპანიის მსვლელობისას. ტვიტერის საშუალებით იგი აცნობდა ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს თავის დღის განრიგს და მოკლე შეტყობინებებს უგზავნიდა ყველა დაინტერესებულ პირს.
ტვიტერი საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. ამის მიზეზი, ის არის, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტი ნაკლებად განვითარებულია.

This entry was posted in SocialMedia. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s