პარალელური სამყარო


სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ ფილმებში ხშირად წააწყდებით ვირტუალური რეალობის ამსახველ ეპიზოდებს. ასეთი ფილმის მთავარი გმირი ვერც კი ხვდება სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ვირტუალური სამყარო. მსგავსი სიუჟეტის მქონე ფილმის ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვირტუალური სამყარო სადღაც ჩვენგან შორს, შორეულ მომავალში თუ იარსებებს. მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარად არის,  ვირტუალური რეალობა უკვე არსებობს და არიან ადამიანები, რომლებიც იქ უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე რეალურ სამყაროში.
თავად სიტყვას – ვირტუალური, ლათინური ძირი აქვს (ლათ. virtualis) და შესაძლოს, პოტენციურს, გარკვეულ პირობებში გამოვლენილს ნიშნავს. ტერმინი ვირტუალური სამყარო, ვირტუალური რეალობა ორი ცნების, ვირტუალობისა და რეალობის ერთობლიობაა. შესაბამისად პოტენციურ, შესაძლო რეალობას ნიშნავს.

მეორე ცხოვრება (Second LIfe)


კომპიუტერული ონლაინ თამაში Second LIfe – სამგანზომილებიანი ვირტუალური სამყაროა, რომელშიც 1 მილიონზე მეტი აქტიური მონაწილე „ცხოვრობს“. პროექტმა 2003 წელს დაიწყო ფუნქციონირება. Second LIfe არა იმდენად თამაშია, რამდენადაც გარკვეული თვისებების მატარებელი ვირტუალური გარემო. აქ არ არის აუცილებელი ქულების მოგროვება ან სხვადასხვა სირთულის რაუნდებში გასვლა, რაც ესოდენ დამახასიათებელია ტრადიციული კომპიუტერული თამაშებისათვის. ამის მაგივრად მომხმარებელი ქმნის ავატარს, ელექტრონულ პერსონაჟს, რომლისთვისაც შესაფერის არსებობის ფორმას ირჩევს, უმეგობრდება ვირტუალურ სამყაროში მცხოვრებ სხვა ავატარებს,  ერთიანდება ვირტუალურ გაერთიანებებში, აწარმოებს ვირტუალურ ნივთებს, რომელთა გაყიდვაც შემდგომში სავსებით რეალურ ფულადაც არის შესაძლებელი, მისდევს მშენებლობას, ქმნის ხელოვნების ვირტუალურ ნიმუშებს, მოგზაურობს ვირტუალურ სამყაროში, ეცნობა ვირტუალური სამყაროს ღირშესანიშნაობებს, ფათერაკებში ეხვევა და ახალ მეგობრებს იძენს.
ერთი სიტყვით, Second LIfe არის სამყარო, რომელშიც მომხმარებელი ქმნის თავის პერსონაჟს და შემდეგ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ატარებს დროს. ახალბედა პერსონაჟების გარჩევა ძალზედ ადვილია. მათ მოუქნელი სიარულის მანერა აქვთ. შედარებით უბრალო ტანისამოსი აცვიათ. ამ თამაშში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში ადამიანს, დიდი შრომის ფასად შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს. ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა თმის ფორმა, კანის ფერი, ცეკვის მანერა, დიდი ძალისხმევის შედეგად მოიპოვება. თუმცა, ისევე როგორც ჩვენს რეალობაში, არსებობს მეორე გზაც, თითქმის ყველაფრის ყიდვა არის შესაძლებელი. ოღონდ, რა თქმა უნდა, რეალური ფულის ფასად.
Second LIfe და მსგავსი ტიპის თამაშები იმდენად ჩამთრევია, რომ უამრავი ადამიანი მათ მთელ თავისუფალ დროს უთმობს. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ Second LIfe-ში ისინი პოულობენ იმას, რაც მათ რეალურ სამყაროში აკლიათ. აქ შეგიძლია უსასრულოდ იმოგზაურო აქამდე უცნობ კუნძულებსა და ქალაქებში, აქ შეიძლება შეხვდე სხვადასხვა ფანტასტიკურ არსებებს, აქ შეიძლება გამოიყურებოდე ისე, როგორც გსურს და შენს ახალ მეგობრებს თავი მოაჩვენო იმად, რაც სინამდვილეში არ ხარ.

რეალური განათლება ვირტუალურ სამყაროში
ბევრი სასწავლო დაწესებულება Second LIfe-ს თავიანთი სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად იყენებს, მათ შორის ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებიც. 2007 წლიდან Second LIfe-ში აქტიურად მიმდინარეობს უცხო ენების შესწავლა. ისეთმა დიდმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც არის ბრიტანეთის საბჭო (British Council) თავისი ყურადღება Second LIfe-ში სასწავლო ქსელების შექმნაზე შეაჩერა. ესპანური ენისა და კულტურის ინსტიტუტს (Instituto Cervantes) და გოეთეს ინსტიტუტს (Goethe-Institut) Second LIfe-ში საკუთარი კუნძულები გააჩნიათ. Second LIfe-ში არსებული საგანმანათლებლო პროექტების ჩამონათვალი შეგიძლიათ ამ საიტზე იხილოთ: http://www.simteach.com/wiki/index.php?title=Institutions_and_Organizations_in_SL#To_sort_list_from_Home_Page

ბიზნეს კომპანიების ვირტუალური წარმომადგენლობები
ვირტუალური რეალობით ბიზნეს ორგანიზაციებიც არიან დაინტერესებულები, რაზეც Second LIfe-ში მათი აქტიურობა მოწმობს. ბიზნესით დაინტერესებულობა მხოლოდ სარეკლამო მიზნებით არ შემოიფარგლება, მთელი რიგი ორგანიზაციები ცდილობენ ვირტუალური სამყარო საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და სამუშაო პროცესის გასაადვილებლად გამოიყენონ. მაგალითად, კორპორაცია IBM-ი ცდილობს ვირტუალური სამუშაო გარემო შექმნას, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს გააერთიანებს. Sun Microsystems-იც, რომელიც IBM-ის მსგავსად კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს, თვლის, რომ სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველა თანამშრომელი ყოველ დილით ოფისში მიდიოდეს, როდესაც შესაძლებელია, რომ ისინი სახლიდან გაუსვლელად ვირტუალურ ოფისში მუშაობდნენ. Reuters და CNN-ი Second LIfe-ს ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასავრცელებლად იყენებენ. NASA -მ კი ვირტუალური კვლევითი ცენტრი გახსნა. Second LIfe-ში ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო ცენტრიც მუშაობს.

ვირტუალურ სამყაროში ნაშოვნი მილიონი
2006 წლის ნოემბერში, ჩინეთის მოქალაქემ და არც ისე შორეულ წარსულში ინგლისური ენის მასწავლებელმა – აილინ გრეფმა – მთელს მსოფლიოს შეატყობინა, რომ  იგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ვირტუალურ სამყაროში მილიონი დოლარის შოვნა შეძლო. აილინი თავიდან სხვა ვირტუალურ სამყაროებს სტუმრობდა, ისეთ თამაშებს, როგორიც არის – Star Wars Galaxies, Asheron’s Call და Shadowbane. შემდეგ კი, 2004 წელს მან Second LIfe-ი აღმოაჩინა, მან თავისი ავატარი შექმნა, რომელსაც Anshe Chung-ი დაარქვა და აქტიურ საქმიანობას შეუდგა. თავისი ქმრისაგან უჩუმრად ვირტუალურ პროსტიტუციას მიჰყო ხელი. ამ არც ისე სახარბიელო საქმიანობით ნაშოვნი ფულით ვირტუალურ მიწის ნაკვეთებს ყიდულობდა და მათ კეთილმოწყობაზე ზრუნავდა. შემდეგ კეთილმოწყობილ მიწის ნაკვეთებს ყიდდა ან აქირავებდა. აილინის ბიზნესი წინ მიდიოდა და მას ვირტუალურ სამყაროში თანამშრომლების დაქირავებაც კი მოუწია. 2006 წელს კი აილინის იმპერიამ, რომელსაც სათავეში  მისი ავატარი Anshe Chung-ი ედგა, შთამბეჭდავ მასშტაბებს მიაღწია, იმდენად შთამბეჭდავს, რომ აილინის ავატარი  BusinessWeek-ის ყდაზე აღმოჩნდა.

This entry was posted in განათლება, SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s