ვიზუალური ნიშნების ენა


სიტყვა ენის გაგონებაზე პირველ რიგში სხეულის ნაწილი გვახსენდება. არადა ამ სიტყვას უამრავი განმარტება აქვს. ერთ-ერთის მიხედვით, ენა კომპლექსური საკომუნიკაციო საშუალებაა. არსებობს ისეთი ენები, ანუ საკომუნიკაციო სისტემები, რომლთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სხეულის ნაწილ ენასთან. მაგალითად ჟესტების ენა, რომელსაც სმენადაქვეითებული ადამიანები იყენებენ. ან კომპიუტერული ენები, რომელთაც განვითარების მეტად საინტერესო ისტორია აქვთ.

ადამიანი მუდამ ცდილობდა დაემკვიდრებინა ან შეექმნა ისეთი ენა, რომელზეც ყველა ისაუბრებდა, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნებოდა. ყველა იმპერიას სურდა თავისი ენა დაემკვიდრებინა უნივერსალურ საკომუნიკაციაო საშუალებად.

ბიბლიაში საუბარია უნივერსალურ ენაზე, რომელზეც მთელი კაცობრიობა საუბრობდა. ზოგიერთი ლინგვისტი თვლის, რომ არსებობდა პროტო ენა რომელიც შემდეგ სხვადახვა ენად დაიყო.

გვახსოვს უნივერსალური საკომუნიკაციო საშუალების ხელოვნურად შექმნის მცდელობებიც. მაგალითად ესპერანტო, ენა რომელიც სხვადასხვა ენების ერთამანეთთან ხელოვნური გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ბევრი თვლიდა, რომ ასეთი სახით შექმნილი ენა ყველასათვის მისაღები კომპრომისი იქნებოდა, და იგი საყოველთაო საკომუნიკაციო საშუალებად გადაიქცეოდა. დღესდღეობით ასეთად დომინანტად ინგლისური ენა გვევლინება, ამ ენაზე ხომ ჩვენი პლანეტის მოსახლეთა უმრავლესობა საუბრობს.

ნიშნების ენა
ამ ყველაფრის პარალელურად ყოველგვარი ძალდატანების ან ხელოვნურად დამკვიდრების, მცდელობის გარეშე სრულიად ბუნებრივად იქმნება კიდევ ერთი ახალი ენა. რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენი სხეულის ნაწილთან. ეს ვიზუალური ნიშნების ენაა, რომელიც თითქოს შეუმჩნევლად, სრულიად ბუნებრივად იმკვიდრებს ადგილს.

ვიზუალური ნიშნების საყოველთაო გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი ელექტრო მოწყობილობებისა და კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ. ჩვენ ხომ კომპიუტერთან ურთიერთობას ძირითადად სიმბოლოებით ვახერხებთ. სიმბოლოების საშუალებით ვაძლევთ დავალებას და ხშირ შემთხვევაში კომპიუტერი სიმბოლოებითვე გვიბრუნდებს პასუხს.

მამაჩემმა პირველი რადიომიმღები რომ შეიძინა, გულდასმით წაიკითხა მომხმარებლის ინსტრუქცია. რადიო იმხანად საკმაოდ რთული, მაღალტექნოლოგიური აპარატი იყო, უამრავი ღილაკითა და გადასართავით. დღეს კი ბევრად უფრო რთული მოწყობილობის, სმარტფონის მომხმარებელი ინსტრუქციას არასდროს კითხულობს. ვინაიდან ჩვენ ადვილად შეგვიძლია ამოვიკოთხოთ სასურველი ინფორმაცია შესაბამის სიმბოლოებში. თუკი ძველი მობილური ტელეფონების ეკრანებზე შესაბამისი სიმბოლოს ქვეშ ტექსტური განმატება იყო მითითებული, დღეს ეს აუცილებელი არ არის. დღეს, ყველა, ვინც კომპიუტერთან ურთიერთობს, ფლობს ვიზუალური სიმბოლოების ენას.

ვიზუალური რეპოტაჟი
გამოსახულების საშუალებით ინფორმაციის მოწოდებას არა მარტო თანამედროვე მოწყობილობებში ვხვდებით. დღეს ტრადიციულ მედიაშიც აქცენტი ვიზუალურ მასალაზე გადადის. მაგალითად 10 წლის წინანდელი გაზეთები დღევანდელ გამოცემებს რომ შევადაროთ, ვნახავთ, რომ ფოტოების ზომა საგრძნობლად გაიზარდა. ტექსტის ზომა კი, პირიქით, შემცირდა. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ თანამედროვე გამოცემებში ბევრი ლამაზი ფოტოებია. უბრალოდ, დღეს იმ ამბის ნაწილი, რომელსაც ადრე ტექსტით ჰყვებოდნენ, გამოსახულების საშუალებით არის გადმოცემული. თუკი თავიდან პრესას მასალებით მხოლოდ რეპორტიორები ამარაგებდნენ. ადამიანები რომლებიც ტექსტის საშუალებით ჰყვებიან ამბავს. მოგვიანებით გამოცემებთან თანამშრომლობა ფოტოგრაფებმაც დაწყეს. მათ უბრალოდ ლამაზი ფოტოების გადაღება კი არ ევალებოდათ არამედ ისეთი ფოტოების, რომლებიც ამბავს ყვებიან. შესაბამისად, მათ ფოტო რეპორტიორები დაარქვეს. არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდნენ გრაფიკ-რეპორტიორები, ანუ ადამიანები, რომლებიც ამბავს გრაფიკული გამოსახულების საშუალებით ჰყვებიან. ხშირად ისეთი ამბის მოსაყოლად რომელისთვისაც რამოდენიმე გვერდი ტექსტიც კი ცოტაა, შეიძლება ერთი გამოსახულება საკმარისი აღმოჩნდეს. ყველაფერთან ერთად, ასეთი გამოსახულებიდან, ე.წ. ინფორმაციის/მონაცემთა ვიზუალიზაციიდან ამბის ამოკითხვაც უფრო მარტივია.

რამდენიმე წლის წინ იაპონურ ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმაზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, სხვადასხვა გამოცემაში გრძელი სტატიები გრაფიკულმა რეპორტაჟებმა შეცვალეს. იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტებს ტექსტის საშუალებით განემარტათ მომხდარის გამომწვევი მიზეზები, პრესაში გაჩნდა ატომური ელექტროსადგურის სქემატური გამოსახულებები, რომლებზეც ისრების საშუალებით გაკეთებული იყო მინიშნებები. გამოსახულებას დართული ჰქონდა მოკლე განმარტებები.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში Facebook-შიც ინტერფეისის ყოველ ახალ ცვლასთან ერთად ფოტოების ზომა და ზოგადად ვიზუალური შემადგენელი იზრდება.

საერთაშორისო აეროპორტებში საგრძნობლად იკლო ტექსტურმა მინიშნებებმა. დღეს მინიშნებები სიმბოლოების სახით არის წარმოდგენილი. სიმბოლოების, რომლებიც ყველა ენის მატარებელისათვის გასაგებია.

ახალი საერთაშორისო ანბანი
ვიზუალურმა ნიშნებმა დამწერლობაშიც გადმოინაცვლეს. მაგალითად, ნაკლებობის ნიშანი და სამიანი “<3” ნებისმიერ ენაზე დაწერილ ტექსტში ერთსა და იმავეს, სიყვარულს ნიშნავს. არითმეტიკულ სიმბოლოთა ეს წყობა ჯერ კიდევ 2011 წელს შეიტანეს ოქსფორდის ინგლისური ენის განმარტებით ლექსიკონში.

თუ კაცობრიობის ისტორიას გულისყურით გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ახალი გლობალური საკომუნიკაციო ენის შექმნა, ან სულაც უკვე არსებული, ბუნებრივი ენის ასეთად გამოცხადება უსარგებლოა. ენა ცოცხალი ორგანიზმია, მას თვითრეგულაციის და განვითარების გარკვეული პოტენციალი გააჩნია, ეს ეხება ვიზუალური კომუნიკაციის, ნიშნების ენასაც. პროცესი თვისით განვითარდება და მომავალში, შესაძლოა სტატიის დაწერა არა სიტყვებითა და ასოებით მომიწიოს, არამედ ამბავი ყვალასათვის გასაგები ვიზუალური ნიშნებით მოვყვე.

20131102_004526

2013 ჟურნალისათვის “ცხელი შოკოლადი”

This entry was posted in სხვა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s